ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოპა ამერიკა 2024 გაიმართება. ჩრდილოეთ ამერიკის 6 ნაკრები სამხრეთულ 10 ნაკრებს დაემატება და იმედია, 16 გუნდიან, საინტერესო ტურნირს ვიხილავთ. ჯერჯერობით, ყველა გუნდის საბოლოო განაცხადი დადასტურებული არ არის, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია და შეგვიძლია ,,ყვითლების” მდგომარეობა ჰიპოთეტურ დონეზე განვიხილოთ.
ბრაზილია – ეს ის ქვეყანაა, რომლის ხსენებისას პირველად თავში ფეხბურთი გიტივტივდება. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების გამოსვლა ბოლო პერიოდში ქებას ვერ იმსახურებს და გარდამავალი პერიოდი აქვს, ფავორიტთა შორის ,,სელესაო” ყოველთვის იქნება. რაც არ უნდა სისტემურად გაუმართავი და პრობლემური იყოს, ამ გუნდში ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ბიჭი ფაველადან ან სანაპიროდან, რომელსაც ერთი მატჩის ან თუნდაც ტურნირის, ინდივიდუალური ოსტატობისა და ნიჭის ხარჯზე მოგება შეეძლება. ობიექტურად, ტექნიკითა და საშემსრულებლო ოსტატობით დაჯილდოებული ,,ჯადოქრების” რაოდენობითა და ხარისხით, ბრაზილიელებს ფეხბურთის ისტორიაში კონკურენტი ვერ ეყოლებათ, რადგან მსგავსი ,,მაგია”, რაც ასე ავთენტურია ბრაზილიური ფეხბურთისთვის, არ ისწავლება.
მწვრთნელი
ბრაზილიის ნაკრების თავკაცობა ძალიან წინააღმდეგობრივი და რთული საქმეა. მწვრთნელობა, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, პრაგმატიზმს, ცივ გონებასა და ნაკლებ ემოციურობას მოითხოვს. სპეციალისტები ერთმანეთს მიკრო დუელებს უმართავენ და სწორი გეგმის შემთხვევაში პატარა გუნდებს გრანდების დამარცხება არამარტო გამართლების ხარჯზე, არამედ თამაშის ხარისხითაც კი შეუძლიათ. მაგრამ, როცა სელესაოს წვრთნი, გულშემატკივრისგან აუცილებელი მოთხოვნა გაქვს – ბრაზილიის ნაკრები შემტევ, ლაღ და სანახაობრივ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. ეს აქსიომაა. მსგავსი ფეხბურთის სათამაშოდ ბრაზილიელებს შემსრულებლები არ უჭირთ, მაგრამ ამ საუკუნეში განსაკუთრებით ჩანს, რომ მსგავსი მიდგომით შედეგები არ მოდის.
მაგალითად, 1994 წლის ნაკრები, 24 წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონი, დიდწილად რომარიოს ფენომენალური თამაშის ხარჯზე გახდა, მაგრამ ბრაზილიაში ამ ფორმაციის ნაკრებს, მიუხედავად შედეგისა, გულშემატკივარი დიდი სიყვარულით არ იხსენებს, მისი პრაგმატული სათამაშო სტილის გამო. მათთვის 1982-86 წლების სუპერ სანახაობრივი, ტელე სანტანას ლაღი და ტექნიკური ბრაზილია უფრო ძვირფასია, მიუხედავად იმისა რომ მუნდიალზე შედეგი არ ჰქონიათ.
აღნიშნულ პრობლემურ დილემას ბევრი მწვრთნელი შეეწირა. დუნგას ფორმაციის გუნდს ზედმეტი პრაგმატიზმის გამო ლანძღავდნენ. მის ნაკრებს, არც თუ ისე ვარსვლავური შემადგენლობის მიუხადავად, შედეგები ასე თუ ისე ჰქონდა. მართალია მუნდიალი არ მოუგიათ, მაგრამ სტაბილური და გამართული გუნდი იყო. ტიტე, რომელმაც ნაკრებს ორ მუნდიალზე უთავკაცა, ბრაზილიელებს მეტად ესიმპატიურებოდათ. ამ მწვრთნელმა როგორღაც მოახერხა და თანამედროვე ,,ჭადრაკში” ბრაზილიური სილაღის ადგილიც გამონახა და ნაკრებს სათავეში 6 წელი ედგა, მაგრამ საპლეიოფო თამაშებში მის გუნდს ის ცივსისხლიანობა აკლდებოდა, რაც მსგავს მატჩებში აუცილებელია.

კოპაზე ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი 62 წლის დორივალ ჟუნიორი იქნება, რომელიც ნაკრებში 2024 წლის დასაწყისში, ორი უსახელოდ გაშვებული დროებითი მწვრთნელისა და ცუდი შედეგების ფონზე მივიდა. ევროპულ ფეხბურთში მას არასდროს უმუშავია. მთელი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა ბრაზილიურ გრანდებსა და საშუალო გუნდებში გაატარა, სან პაულოს პრაგმატული სკოლაც გამოუვლია და რიო-დე-ჟანერიოს ლაღი ფეხბურთის მქადაგებელ გუნდებშიც უმუშავია. პრობლემა ის არის, რომ დორივალ ჟუნიორის ხელში ბრაზილიის ნაკრებმა მხოლოდ 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა და ტურნირის ფინალურ ეტაპს, ასე ვთქვათ, სანაკრებო ფეხბურთისთვის ზედმეტად ახალბედა მწვრთნელის რანგში ხვდება. მარტში მისმა ბრაზილიამ ,,უემბლიზე” 1-0 მოუგო ინგლისის უძლიერეს ნაკრებს, უხვგოლიანი ფრე ითამაშა ,,ბერნაბეუზე” ესპანეთის ნაკრებთან (3-3), ტურნირის წინ კი დრამატულ მატჩში დაამარცხა მექსიკის ნაკრები (3-2) და აშშ-ს ნაკრებთან ფრედ 1-1 ითამაშა. დასაწყისისთვის ვერ ვიტყვით, რომ ცუდი მოცემულობაა, მაგრამ თუ დორივალს თანამდებობის შენარჩუნება ხანგრძლივი ვადით სურს, კარგი შედეგები აღნიშნულ ტურნირზე უნდა აჩვენოს.
მისი სისტემა ისეთია, როგორიც თანამედროვე, დომინანტურ და ფავორიტ გუნდებს სჩვევიათ. ბრაზილია კლასიკური 4-3-3 ან მოდიფიცირებული 4-2-3-1 სისტემით წლებია თამაშობს და ბუნებრივია, დორივალსაც ძირითადი სქემა ამ მატჩებში არ შეუცვლია. მწვრთნელის მუშაობის ხარისხი და პოტენციალი ამ ტურნირზე შეფასდება და ამხანაგური მატჩებით დასკვნების გაკეთება, ფაქტია, ობიექტური ვერ იქნება.
უკანახაზი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბოლო ათწლეულში ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ნაკლებად პრობლემური პოზიციები მეკარისა და ცენტრალური დაცვის რგოლი იყო. დორივალ ჟუნიორმა კოპაზე კლასიკურად სამი მეკარე იხმო: ,,ლივერპულის” ალისონ ბეკერი, 25 წლის ბენტო ,,ატლეტიკო პარანაენსედან” და გამოცდილი, 34 წლის რაფაელი, რომელიც ,,სან პაულოს” კარის დარაჯია. სამწუხაროა, რომ ედერსონი ტრავმირებულია და კოპაზე ნაკრების განაცხადში ამ მიზეზით ვერ მოხვდა. წლებია ბრაზილიის ნაკრებს იმის ფუფუნება აქვს, რომ ,,მანჩესტერ სიტის” ძირითადი მეკარე სკამზე ჰყავდეს.

ალისონის სტარტერობა ყველაზე მარტივად სავარაუდო ოფციაა. ,,ლივერპულის” კარის დარაჯი 2015 წლიდან ნაკრების მთავარი კიპერია, გუნდში უკვე 65 შეხვედრა დაუგროვდა და ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა სიაში სტაბილურად ფიგურირებს. კლოპის ,,ლივერპულიც” უახლესი ეპოქის დომინანტური გუნდი იყო და ალისონიც დღემდე ამ ,,სუპერ-მანქანის” შეუცვლელი რგოლია. ასე რომ, მას ზურგს გამოცდილებაც უმაგრებს, კლუბშიც უმაღლეს დონეზე თამაშობს და ჯერ მხოლოდ 31 წლის არის. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრაზილიის ნაკრებს მეკარის პოზიციაზე საქმე უკვე წლებია ,,მოგვარებული” აქვს.
დაცვის ცენტრში ძირითადის მთავარი კანდიდატი ფრანგული ,,პე-ეს-ჟეს” კაპიტანი მარკინიოსია. მისი და ტიაგო სილვას დუეტი წლების მანძილზე ერთ-ერთი მყარი წყვილი იყო და მსგავსი გამოცდილების მქონე მოთამაშე ნაკრების უკანახაზში აუცილებელია. პლიუს ამას, მარკინიოსი ნაკრების კაპიტანია და წლებია, კლუბში სტაბილურად, უმაღლეს დონეზე თამაშობს.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი მეწყვილის საკითხი. ძირითადის ყველაზე დიდი შანსი ედერ მილიტაოს აქვს, რომელიც ბოლო წლებია ასევე უმაღლეს დონეზე, ბოლოს და ბოლოს მადრიდის ,,რეალში” თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მილიტაოს სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა, მისი კანდიდატურა მაინც ყველაზე სტაბილურ ვარიანტად მოჩანს.
ცენტრალური მცველებიდან, დორივალ ჟუნიორმა ასევე ,,პე-ეს-ჟეს” ახალგაზრდა და პერსპექტიული მცველი, ლუკას ბერალდო და ტურინის ,,იუვენტუსის” დაცვის ლიდერი, გლეისონ ბრემერი წაიყვანა. ბერალდოს ამხანაგურ თამაშებში თავის გამოჩენის შანსი მიეცა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, კარგად ვერ ითამაშა. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ვინმე იქნება მარკინიოსი-მილიტაოს წყვილში პირველი ჩამნაცვლებელი, ეს უფრო გამოცდილი და კარგ ფორმაში მყოფი ბრემერი უნდა იყოს. განაცხადშია ასევე ლონდონის ,,არსენალის” გაბრიელ მაგალიაესიც, რომელსაც კლუბში კარგი ასპარეზობიდან გამომდინარე შანსები ნაკრებში მიეცა, თუმცა თავი დამაკმაყოფილებლად ვერ წარმოაჩინა.
შემტევებთან ერთად, თუ რამე ბრაზილიას არ უჭირდა, ეს ფლანგის განაპირა მცველები იყო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიელები გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ ამ პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატებით იყვნენ განებივრებულნი – ჯალმა და ნილტონ სანტოსები, კარლოს ალბერტო, ჟუნიორი, ნელინიო, კაფუ, რობერტო კარლოსი, დუგლას მაიკონი, დანი ალვეში, მარსელო და სხვანი. დამეთანხმებით, რომ ძალიან შთამბეჭდავი სიაა. მსგავსი ფეხბურთელების ფონზე კი თანამედროვე ვარიანტები ძალიან სუსტად გამოიყურება.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ტურინის ,,იუვენტუსის” დანილო გამოიყურება, რომელიც წლებია უმაღლეს დონეზე თამაშობს. ვერ ვიტყვით, რომ ამ თაობაში თავის პოზიციაზე საუკეთესოობის პრეტენზია აქვს, მაგრამ უკეთესი კანდიდატურა ამ მომენტისთვის ფიზიკურად არ ჩანს. დანილოს კარგად შეუძლია პასში თამაში და ბურთის ამოტანა, აქვს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო გამოცდილება და ,,გაჭირვების” შემთხვევაში როგორც ცენტრალურ, ასევე მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია.

ამ პოზიციაზე უფრო შემტევი ვარიანტი გასული წლის ერთ-ერთი აღმოჩენის, ,,ჟირონას” მარჯვენა მცველი, 22 წლის იან კოუტუ იქნება, რომელიც ,,მანჩესტერ სიტის” საკუთრებაშია, 2 სეზონია განათხოვრების წესით ,,ჟირონაში”, პრიმერა დივიზიონში სტაბილურად თამაშობს და უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. თუ სუპერ-დაცვით ვარიანტს განვიხილავთ, ნაკრებსა თუ კლუბში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება ედერ მილიტაოსაც აქვს, რადგან აღნაგობისთვის უჩვეულო სისწრაფე ამის საშუალებას აძლევს, მაგრამ ამ ვარიანტს დორივალ ჟუნიორი მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში თუ გამოიყენებს, რადგან მილიტაოს შემტევი უნარები საკმაოდ შეზღუდულია.
უფრო პრობლემურია მარცხენა მცველის პოზიცია, სადაც მაღალი დონის კლუბში მოთამაშე, სტაბილური ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებს, ფიზიკურად არ ჰყავს. უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებში ,,პორტუს” ვენდელს ვხედავდით, მაგრამ ის ულტრა-შემტევი და ძალიან სწრაფი განაპირა მცველია, მისი დაცვითი უნარები მოიკოჭლებს და იმასაც ვერ ვიტყვით, რომ პორტუში შეუცვლელი მოთამაშეა.

მეორე ვარიანტია ,,ატლეტიკო მინეიროს” გილერმე არანა, რომელსაც ,,სევილიას” რიგებში ჩატარებულ 12 მატჩს თუ არ ჩავთვლით, ევროპულ ფეხბურთში არ უღვაწია. კლუბში ის სტაბილურად თამაშობს, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში ,,მინეირო” ბრაზილიის საუკეთესო გუნდი არ არის. არანა უკვე 27 წლისაა და ვერც იმას ვივარაუდებთ, რომ სამომავლო პროექტის ნაწილია. ერთი შეხედვით, ყველაზე პრობლემურად სწორედ მარცხენა მცველის პოზიცია გამოიყურება.
ნახევარდაცვა
ბრაზილიის ამ ფორმაციის ნაკრებში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ უმაღლესი კატეგორიისა და დონის ფეხბურთელი, ნახევარდაცვის ხაზში არ ირიცხება. წლების მანძილზე, საყრდენ ზონაში კარლოს კაზემირო შეუცვლელი ფიგურა იყო, მაგრამ ,,მანჩესტერ იუნატედში” გადაბარგების შემდეგ მისი სათამაშო ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ამასთანავე, კაზემირო უკვე 32 წლის არის და მისი კარიერული დინამიკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დროის სვლასთან ერთად, უფრო მეტად უნდა რეგრესირდეს. კოპა ამერიკაზე, თუნდაც ჩემპიონობა, ბრაზილიის ნაკრებისთვის საზომი ვერასდროს იქნება. ეს ერთგვარი მოსამზადებელი ტურნირია მუნდიალისთვის, შესაბამისად კოპა ამერიკებსა და კონფედერაციის თასებზე ბრაზილიის ნაკრები მომდევნო მუნდიალებისთვის, ასე ვთქვათ ,,გუნდს აწყობს”. 2026 წლისთვის ზემოთ ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე კაზემირო სასურველი კანდიდატი ვეღარ იქნება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კაზემიროსთვის ნაკრების კარი სამუდამოდ დახურულია. თუ ის სასურველ ფორმას აღიდგენს, ვფიქრობ ნაკრები მას აუცილებლად გამოიყენებს. როგორც მინიმუმ, მის დონესთან მიახლოებული ფეხბურთელიც კი ბრაზილიას ცენტრალური ნახევარდაცვის ზონაში ამჟამად არ ჰყავს. იმავე ზონის ფეხბურთელი და თან მაღალ დონეზე მოთამაშე, ინგლისის ,,ლივერპულის” ყოფილი ჩამშლელი ფაბინიო, არაბეთში გადაბარგდა, უკვე ვეტერანულ ასაკშია და ბუნებრივია, რომ მის კანდიდატურას სერიოზულად აღარ აღიქვამენ. თავის საუკეთესო პერიოდშიც კი, ფაბინიო კაზემიროს ჩრდილში იყო და ,,ნაკრების კაცად” ვერ ჩამოყალიბდა.

ამ მდგომარეობით, მოედნის ცენტრალურ რგოლში ორი პოზიციიდან, მინიმუმ ერთი ძალიან ,,ვაკანტურია”. ერთ-ერთი, დიდი ალბათობით, ,,ნიუკასლ იუნაიტედის” ბრუნო გიმარაეში იქნება. ის 26 წლისაა, პრემიერ-ლიგაში სტაბილურად, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და კაჭკაჭების შეუცვლელი ფეხბურთელია. ბრუნო ფიზიკურად ძლიერია, ინგლისში შეჩვეულია ძალიან მაღალ ტემპს, ინტენსიური თამაშის რითმს და ბრაზილიური ტექნიკის ელემენტებიც აქვს. თანაც ნაკრებში უკვე 21 თამაში მოუგროვდა და კონკურენტებზე მეტი გამოცდილება აქვს.
პრობლემატური გიმარაეშის მეწყვილის საკითხია. დორივალს ამ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, თუმცა უმაღლესი დონის ფეხბურთელს ვერცერთ მათგანს ვერ ვუწოდებთ და ნაკრებში თამაშის გამოცდილების ნაკლელობასაც მკვეთრად განიცდიან. ყველაზე რეალურ კანდიდატად ბირმინგემის ,,ასტონ-ვილას” ნახევარმცველი, დუგლას ლუიზი გამოიყურება, რომელსაც კონკურენტებისაგან განსხვავებით, ნაკრებში 10-ზე მეტ შეხვედრაში მაინც უთამაშია. უნაი ემერის გუნდმა პრემიერ ლიგაში ტრიუმფალური სეზონი ჩაატარა და ურთულეს ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი, მეოთხე ადგილით ,,ასტონ ვილა” 40 წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ევროპულ საკლუბო ფორუმზე გაიყვანა. დუგლას ლუიზმა ამ გუნდის შემადგენლობაში 2023-2024 წლების სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის მშვენიერი შედეგია. ლუიზი ფიზიკურად ძლიერი, ძალიან მოძრავი ნახევარმცველია და შემტევ ფაზაში, საჯარიმოში სახიფათოდ ,,ხეტიალისა” და გოლის გატანის ალღოც აქვს. პრემიერ ლიგაში გატანილი 9 გოლიც ამის გამოძახილია. კონკურენტებთან შედარებით, მას ნაკრებში ყველაზე მეტ, 14 შეხვედრაში უთამაშია და ამხანაგურ მატჩებშიც მწვრთნელი მას უფრო მეტად ენდობოდა.

ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე დორივალმა ასევე ,,ვულვზის” ჟოაო გომესი, ლონდონური ,,ფულემის” ანდრეას პერეირა და ბერგამოს ,,ატალანტას” ედერსონი წაიყვანა. ედერსონი უფრო ,,რეჯისტაა”, სიღრმიდან ბურთის წამოღება და მოკლე პასებით ტემპის კონტროლი კარგად შეუძლია, რაც ბრუნო გიმარაეშს უფრო წინ მოქმედების საშუალებას მისცემს. მსგავსი სტილის ფეხბურთელია ჟოაო გომესიც, თუმცა ის უფრო მეტად ,,ჩამშლელი” ნახევარმცველია, ვიდრე სიღრმეში მოთამაშე პლეიმეიკერი. რაც შეეხება ანდრეას პერეირას, ის ე.წ. ,,box-to-box” ნახევარმცველია, მოედანზე ძალიან ბევრ პოზიციასა და დიდ სივრცეს ფარავს, შესაბამის ვითარებაში კი შორიდან ძლიერი დარტყმით სახიფათოდ გასროლაც შეუძლია. მისი მინდორზე ყოფნის შემთხვევაში, გიმარაეშს, ალბათ უფრო ღრმად თამაში მოუწევს, მაგრამ ასეთ ვითარებაში ბრაზილიას, დიდი ალბათობით, ბურთის ამოტანის პრობლემა შეექმნება, რადგანაც ვერ ვიტყვით, რომ პერეირას ბურთის დაჭერა, ტემპის კონტროლი და ზუსტი პასების დარიგება კარგად ეხერხება. წესით პერეირა-გიმარაეშის წყვილის პირობებში, ბრუნოს როლი ორმაგად გაიზრდება და რა თქმა უნდა, მეტოქე მისი განეიტრალებისთვის ზომებსაც უფრო მარტივად მიმართავს. საბოლოოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცენტრალური მცველების წინ განლაგებული ნახევარმცველების, ე.წ. 6 და 8 ნომრების პოზიცია ბრაზილიის ნაკრებში როტაციას ექვემდებარება და იდეალური წყვილი ,,საპოვნელია”, თუმცა შერჩეული ფეხბურთელების სტილურობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მწვრთნელს მეტოქისა და შეხვედრის მიმდინარეობის შესაბამისად ვარირებაც შეუძლია, რაც ალბათ დამატებითი ბონუსია.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბრაზილიის ნახევარდაცვა ვარსკვლავურად ნამდვილად არ გამოიყურება. ამ ფეხბურთელთა შეუთამაშებლობის საკითხი მოედნის უმთავრეს რგოლში დიდი პრობლემა იქნება და არც პრემიერ-ლიგის შუა წელში მოხეტიალე გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებით კომპლექტაციაა ბრაზილიის დონის საფეხბურთო ქვეყნისთვის მომხიბლავი ვარიანტი, მაგრამ ამ მოცემულობით, უკეთესი ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.

ცენტრალური ნახევარმცველების წინ, ე.წ. ,,10-ანის” პოზიციაზე, წლებია შეუცვლელი ვარიანტი ლონდონური ,,ვესტ-ჰემის” ლუკას პაკეტაა. მას ნაკრებში უკვე 45 მატჩი დაუგროვდა და 10 გოლის გატანაც მოასწრო. პაკეტა ძალიან უნივერსალური ფეხბურთელია, საკმაოდ კარგად შეუძლია პრესინგი,, ფიზიკურად ძლიერი და თავისი პოზიციისთვის უჩვეულოდ ,,მუშა” ფეხბურთელია. მისი საუკეთესო თვისებებიდან უნდა გამოვარჩიოთ ძალიან განვითარებული პასის კულტურა, საკმაოდ დახვეწილი ტექნიკა და ბურთის შენარჩუნების უნარი, რასაც ემატება მისი სიღრმეში სწორ დროს და ადეკვატურად ჩამოსვლის ალღო, რაც ბრაზილიის ნაკრებს ბურთის ამოტანას შედარებით გაუმარტივებს. ზემოთ, ცენტრალური ნახევარმცველების გარშემო არსებული პრობლემა ვახსენე, ამიტომაც, ამ პრობლემით შექმნილი პოტენციური გართულებებიდან გამომდინარე, პაკეტას მოძრაობითობასა და აღნიშნულ უნარებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, ამიტომაც ლუკასი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შესაძლოა ამ ფორმაციის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც იყოს. ის რომ, ბრაზილიის ნაკრების ,,ტრეკვარტისტაზე” საუბრისას მთავარ ვარიანტად ,,ვესტ-ჰემის” ფეხბურთელს განვიხილავთ, დამეთანხმებით, რომ ცოტა საწყენი, უცნაური და ალბათ პრობლემური ამბავია.
თავდასხმა
ბრაზილიის ნაკრების თამაში და მითუმეტეს შემტევი რგოლი, ბოლო ათწლეულის მანძილზე გუნდის მთავარ ვარსკვლავსა და ლიდერზე, ნეიმარზე იყო მორგებული. სამწუხაროდ ნეიმარის კარიერა ისე განვითარდა, რომ წლებია, მისი სათამაშო უნარების ნაცვლად, საფეხბურთო სამყარო, უფრო ხშირად, არასწორად წარმართულ კარიერაზე, ხშირ ტრავმიანობასა და სიზარმაცეზე საუბრობს. მუნდიალის შემდეგ ამას ნეიმარის არაბეთში ტრანსფერი და იქ მიღებული მძიმე ტრავმა დაემატა, რის შემდეგაც უკვე ცხადი გახდა, რომ ნეიმარისა და ბრაზილიის ნაკრების საერთო ისტორია დასასრულს მიუახლოვდა და გუნდს უკვე განსხვავებული, უნეიმარო ბრაზილიის ნაკრების შენება უნდა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში 79 გატანილი გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, სანაკრებო დონეზე მისი კარიერა წარმატებულად მაინც ვერ ჩაითვლება და ამის მიზეზი ძალიან მარტივია – ნეიმარის ლიდერობით ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალი ვერ მოიგო. ბრაზილიას აქამდე იმდენი ,,ნეიმარი” ჰყოლია, რომ მარტო 79 გოლითა და ყველა დროის ბომბარდირობით იქაურ უმაღლეს კვარცხლბეკზე ადგილის მოპოვება შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ნეიმარის სახით ეპოქალური მოთამაშე გამოაკლდა, ბრაზილიელთა შეტევა მაინც ძალიან მრისხანედ გამოიყურება. თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე ვარსკვლავურ და კონკურენტუნარიან, მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ბრაზილიას მადრიდის ,,რეალის” ერთ-ერთი ლიდერი და ოქროს ბურთის უმთავრესი კანდიდატი, ვინისიუს ჟუნიორი ჰყავს. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მის რთულ ხასიათსა და არაადეკვატურ საქციელებზე, უნდა ვაღიაროთ, რომ მადრიდში გადასვლის შემდეგ საოცარი პროგრესი განიცადა, გამოავლინა ნიჭიერ ბრაზილიელთათვის არადამახასიათებელი შრომისმოყვარეობა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ობიექტურად დაიბევა ადგილი. ვინისიუსი ძალიან სწრაფი და აქტიური ფეხბურთელია, ბევრს მოძრაობს და მეტოქის დაცვისთვის საფრთხეს ყოველთვის წარმოადგენს. ანჩელოტის ხელში მოედანზე მისი მოქმედების არეალი ბევრად გაფართოვდა და ამჟამად მას ფაქტიურად შეტევის ხაზის მთელ სიგანეზე მოძრაობის ხარჯზე, ერთნაირი წარმატებით შეუძლია მეტოქის დაცვისა და შესაბამისად კარისთვის საფრთხის შექმნა. დროის სვლასთან ერთად დახვეწა ,,ფინიშინგიც”, რაზეც ყოველ წელს გაუმჯობესებული რიცხვებიც მეტყველებს. მიუხედავად ძალიან ახალგაზრდა ასაკისა, ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მას უკვე 30 მატჩი აქვს ჩატარებული და გასულ მუნდიალზე დიდი სანაკრებო ტურნირის გამოცდილებაც მიიღო. ამიერიდან, ის უკვე ნაკრებშიც 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და სელესაოს მთავარი დამრტყმელი ძალაც იქნება. სრულიად ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი ბრაზილიის ნაკრების ლიდერად სწორედ ვინისიუს ჯუნიორი ყალიბდება.

მის პოზიციაზე მწვრთნელს ლონდონის ,,არსენალის” გაბრიელ მარტინელი ჰყავს, ასევე ძალიან ფეთქებადი და სახიფათო შემტევი, რომელსაც მშვენიერი სეზონები ჰქონდა არსენალში და შანსის მიღების შემთხვევაში, თავისი ხმაურიანი სიტყვის თქმა შეუძლია.
ალბათ გასაკვირია, რომ დორივალ ჟუნიორმა კოპა ამერიკის განაცხადში ლონდონური გუნდების ცენტრფორვარდები არ შეიყვანა. განაცხადს მიღმა დარჩნენ ,,ტოტენჰემის” რიშარლისონი და ,,არსენალის” გაბრიელ ჟესუსი. თან იმ პირობებში, რომ აღნიშნულ განაცხადში, ბრაზილიას კლასიკური, საჯარიმოს ცენტრ-ფორვარდი, ფაქტიურად არ ჰყავს.
ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე დორივალ ჟუნიორი ,,რეალ მადრიდის” როდრიგო გოეშს მოიაზრებს. როდრიგომ 10 ნომრიანი მაისური უკვე მოირგო, ამხანაგურ მატჩებში თავი გატანილი გოლებითაც გამოიჩინა და ფაქტია, ლიდერობაზე პრეტენზია მასაც ექნება. მნიშვნელოვანია წნეხის ფაქტორიც – 10 ნომრიანი მაისური თითქმის ყველა გუნდისთვს საკრალურია, მითუმეტეს სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებში. პელე, რიველინო, ზიკო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი – 10-იანს ეს ფეხბურთელები ატარებდნენ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდრიგო ცენტრ-ფორვარდი არ არის, თუმცა ისევ კარლო ანჩელოტიმდე და მის ხელში შემტევთა მრავალფეროვნად განვითარების უნარამდე მივდივართ (ალბათ ამიტომაც უნდოდათ ბრაზილიელებს ნაკრებში მისი მიწვევა და დიდი ხანი მისგან პასუხს ელოდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს ამბავი არ გამოვიდა). როდრიგო მან ახალი ტიპის ცენტრ-ფორვარდათ აქცია, რომელიც ვინისიუსის მსგავსად, შემტევ ხაზს მოედნის მთელ სიგანეზე ფარავს. მიუხედავად არც თუ ისე დიდი გაბარიტებისა, როდრიგო საჯარიმოში მეტოქისთვის მომაკვდინებლად სახიფათოა თავისი სუპერ ტექნიკის, ორივე ფეხით კარგად თამაშისა და გოლის ძალიან მაგარი ალღოს ხარჯზე. როდრიგოს ,,რეალში” ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, უდიდესი წნეხის პირობებში, დიდ მატჩებში და თანაც უკანასკნელ წუთებზე არაერთხელ გაუტანია. ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება გამართლებული არჩევანიც იყოს.

ძირითად ცენტრ-ფორვარდობაზე პრეტენზია ექნება ენდრიკს, ამჟამად ბრაზილიური ,,პალმეირასის” მოთამაშე, მაგრამ ,,რეალის” საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელს, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთი მთავარი იმედია. მარტის სანაკრებო შესვენებაზე, 17 წლის ასაკში, ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაში მან ,,უემბლიზე” ინგლისს მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა, მერე უკვე თავის მომავალ საშინაო არენაზე, ,,სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ნაკრებიც დაამწუხრა. ამას დაუმატა 96-ე წუთზე გამარჯვების გოლი მექსიკის ნაკრების კარში და სრულიად დამსახურებულად, კოპა ამერიკის წინ ნაკრების 9 ნომრიანი მაისურიც მიიღო. ენდრიკი აღნიშნული ტურნირისა და ზოგადად, საფეხბურთო მომავლის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა.

მარჯვენა ფლანგზე სტაბილურად კარგად გამოიყურება ,,ბარსელონას” რაფინია. მადრიდელთა შემტევებისგან განსხვავებით, ის უფრო ,,დაღვინებულ” ასაკშია, კარგად ეხერხება პასში თამაში და ძალიან სახიფათო ,,მარცხენა” აქვს. კარგად ფლობს ცაცია ვინგერებისთვის დამახასიათებელ კლასიკურ მანევრს – ფლანგიდან ცენტრისკენ შესვლა, იქედან კი ზუსტი ჩაწოდება, მახვილგონივრული დაბალი პასი ან შორეული დარტყმა შეტევის გაგრძელების სახიფათო ვარიანტებია. რაფინია ძალიან ტექნიკურია და შემტევ ხაზში, მოედნის ცენტრში თამაშიც შეუძლია. ბარსელონაში მან უკანასკნელი სეზონი დიდწილად სწორედ ნახევარმცველის პოზიციაზე, ძალიან კარგად ჩაატარა. თუ შემტევ ხაზში არსებულ კონკურენციას, არჩევანის მრავალფეროვნებასა და ბრაზილიელთა ნახევარდაცვის პრობლემებს გავითვალისწინებთ, არ არის გამირიცხული, დორივალმა კატალონიური გრანდის შემტევი ამ პოზიციაზეც გამოიყენოს.

შემტევ სამეულს, უდიდესი ალბათობით აღნიშნული ,,ოთხეული” დააკომპლექტებს და დორივალისთვის ეს ,,სასიამოვნო” თავსატკივარი იქნება, თუ ვინ, როდის და რამდენს ითამაშებს. შემტევ რგოლში მწვრთნელმა განაცხადში ,,ჟირონას” ვინგერ, 20 წლის სავიოსთან ერთად, ,,პორტუს” ორი ლიდერი – უფრო ცრუ-ცხრიანის ტიპის ფორვარდი, ევანილსონი და მეტად უკანდახეული შემტევი, პეპე აკინო შეიყვანა. აკინოს განხილვა თავდამსხმელად რთულია, მითუმეტეს მსგავს კონკურენციაში. მას უფრო კარგად თამაში ძალიან უკან დახეულ მეორე ფორვარდათ ან თუნდაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე შეუძლია. პეპე ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია და ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ვფიქრობ მწვრთნელი მას როტაციაში აუცილებლად გამოიყენებს.
ბრაზილიელები ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ამბიციით მიემგზავრებიან. გუნდს ამბიციური, ,,მშიერი” და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და ყველა მათგანი ეცდება თავის გამოჩენას, რათა 2026 წლის მუნდიალისთვის თავისი პოზიციები ნაკრებში გაიმყარონ.
კენჭისყრის შემდეგ, სელესაო D ჯგუფში, ძალიან ძლიერ კოლუმბიის (რომელსაც სამი წელია თამაში არ წაუგია), კოსტა-რიკისა და პარაგვაის ნაკრებებთან მოხვდა. დიდი ალბათობით ჯგუფიდან გასვლა ბრაზილიის ნაკრებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა ასეთი ახალგაზრდა და შეუთამაშებელი ნაკრებისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ბრაზილიელები კოპა ამერიკის ეგიდით პირველ მატჩს კოსტა-რიკის ნაკრებთან 25 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე გამართავენ.











