დიდხნიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, გოლის გემო გიორგი ჩაკვეტაძემაც გაიხსენა.
30 ივლისს გიორგი ჩაკვეტაძის ,,უოტფორდი” ინგლისის რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე ,,უაიქომბს” დაუპირისპირდა. მატჩი ქალაქ ,,ჰაი-უაიქომბში”, ,,ადამს პარკზე” გაიმართა და მას 10 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.
ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. ქართველმა შემტევმა, მთლიანობაში ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და რაც მთავარია, გოლის გემოც გაიხსენა. მატჩის მე-14 წუთზე გიომ თანაგუნდელისგან პასი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთ მეტოქეს გაცდა და შორეული კუთხისკენ აუღებელი დაარტყა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ,,უოტფორდი” სუსტ მეტოქესთან დამარცხდა. გიოს გოლის შემდეგ 42-ე წუთზე ანგარიში ბერიული ლუბალამ გაათანაბრა. 48-ე წუთზე ,,უაიქომბი” ჯოშ სკოვენის გოლით დაწინაურდა, 79-ე წუთზე კი რიჩარდ კონემ თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ,,უოტფორდმა” პასუხად მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. 90+3 წუთზე თავი მილეტა რაიოვიჩმა გამოიჩინა.
,,უოტფორდი” 3 აგვისტოს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – ამჯერად ,,ბრენტფორდის” წინააღმდეგ. 10 აგვისტოდან კი ,,ჩემპიონშიპის” ციებ-ცხელება დაიწყება და ჩაკვეტაძის გუნდიც ,,მილუოლთან” მატჩით დაიწყებს პრემიერ-ლიგაში დაწინაურებაზე ზრუნვას.
წარმატებები გიორგი ჩაკვეტაძეს!











