მაქს ფერსტაპენმა წლის ყველაზე დაძაბული რბოლა მოიგო.
ნიდერლანდელმა კანადის გრან-პრი მაკლარენებთან და მერსედესებთან უდაძაბულეს ბრძოლაში წამოიღო.
ყველაფარი წვიმაში დაიწყო, მშრალით გაგრძელდა, მერე ისევ წვიმით ჩანაცვლდა და ბოლოს მაინც გამშრალი ასფალტით დასრულდა. ამინდის ასეთი ცვალებადობის გამო კი ჟაკ ვილნევის სახელობის ტრასაზე, წლევანდელი სეზონის სარეკორდო რაოდენობის გადასწრება დაფიქსირდა.

თუ ბოლო ეტაპებზე, „რედ ბულის“ განეიტრალებული დომინაციით, ძირითადად „ფერარი“ სარგებლობდა, მონრეალის ტრეკზე წინა პლანზე „მაკლარენმა“ და „მერსედესმა“ აინაცვლეს. „წითლები“ მშრალი კვალიფიკაციიდან დაწყებული, სუსტად გამოიყურებოდნენ და რბოლა საერთოდ უქულოდ დაასრულეს. ლეკლერი მთელი ეპატი უტემპობას უჩივოდა, ვერც საბურავების რისკიანმა ტაკტიკამ (პირველი გადავიდა სლიკებზე) გაუმართლა და რბოლის ნაადრევად დასრულებაც მოუწია. ქულები ვერც მისმა თანაგუნდელმა კარლოს საინზმა აიღო.
სამაგიეროდ, თავიდანვე უმაღლესი ტემპი აჩვენა ორივე „მაკლარენმა“. ნორისმა, რაღაც მომენტში, მაქსს ლიდერობაც დაატოვებინა, თუმცა ლოგან სერჯენტის მორიგი ავარიის შედეგად უსაფრთხოების მანქანის გამოჩენამ უდროოდ მოუსწრო და ლიდერობის დათმობაც მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ სარბოლო ტემპი „მაკლარენს“ „რედ ბულზე“ მაღალი ჰქონდა, ლანდომ პირველი ადგილის დაბრუნება მაინც ვერ მოახერხა.

ასევე საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა მესამე ადგილისთვის. ერთი მეორეს მიყოლებით, ამ პოზიციაზე ჯერ ისტორიული კვალიფიკაციის გამარჯვებული რასელი (ერთნაირი დრო მაქს ფერსტაპენთან – ოთხი ნულიანი), შემდეგ პიასტრი და ლიუის ჰემილტონი იყვნენ, თუმცა ბოლო წრეზე 26 წლის ჯორჯ რასელმა მაინც შეძლო თანაგუნდელის გადასწრება და პოდიუმზე ასვლა.
აღსანიშნავია, რომ მორიგი რბოლა ჩააგდო და კვლავ უქულოდ დარჩა ფერსტაპენის მექსიკელი თანაგუნდელი სერხიო პერეზი.
მიუხედავად მაქსის გამარჯვებისა და ტაილანდელი ალბონის ფენომენალური ორმაგი გადასწრებისა, დღის მრბოლელად ისევ ლანდო ნორისი აღიარეს (ბოლო ხუთი ეტაპიდან მეოთხეჯერ).
საერთო ჩათვლაში, დაგეგმილი 24 ეტაპიდან ცხრის შემდეგ, ნიდერლანდელი პილოტი 194 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, მონეგასკ შარლ ლეკლერს, 56 ქულით უსწრებს.











