საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, ბელგრადში გამართულ ევროპირველობაზე მეათე ადგილი მოიპოვა.
ჩვენი გუნდისთვის ტურნირი მეცხრე ადგილისთვის მატჩით დაიხურა, რომელშიც ფრანგებს ვხვდებოდით.
პირველი ტაიმი ოთხბურთიანი სხვაობით დავთმეთ, ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარში, ქამბექი აღარ გამოგვივიდა, შედეგად კი მარცხი 13:16.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ტყეშელაშვილი და შუშიაშვილი იყვნენ სამ-სამი გოლით, ეს უკანასკნელი კი დისკვალიფიკაციიდან დაბრუნდა.
საბოლოო ჯამში, ორივე ჯგუფური ეტაპის ჩათვლით, ჩვენმა გუნდმა ტურნირზე სულ შვიდი მატჩი ჩაატარა და ორი მოიგო, რის შედეგადაც 16 მონაწილიდან მეათე ადგილს დავჯერდით.
ევროპის ჩემპიონატებზე, საქართველოს ნაკრების რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც გუნდი მერვე ადგილზე გავიდა.











