
„ალბათ კარიერის ერთ-ერთი უმძიმესი და ამავდროულად ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოდგა“
ესეთი იყო მსოფლიოს მესამე ჩოგნის, კარლოს ალკარასის კომენტარი საფრანგეთის ღია პირველობის საწყისი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც მურსიელმა ოთხ საათსა და ცხრა წუთში, თავის პრინციპულ მეტოქეს და აწ უკვე მსოფლიოს პირველ ჩოგანს, იტალიელ იანიკ სინერს მოუგო.
ამ მოგებით კარლოსი სინერთან პირად დუელში 5:4 დაწინაურდა.

ასევე, 21 წლის და ერთი თვის ესპანელი გახდა ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, ვისაც სამივე საფარზე აქვს დიდი სლემების ფინალი. წინა ორი ფინალიდან „მურსიელ მონსტრს“, ორივე მოგებული აქვს ( 2022 წლის US Open და 2023 წლის უიმბლდონი).
აღსანიშნავია, რომ ალკარასისთვის ეს მეთორმეტე ხუთსეტიანი შეხვედრა აღმოჩნდა, რომლიდანაც 11 ესპანელს მოგებული აქვს( ერთადერთი ხუთსეტიანი მარცხი მატეო ბერეტინისგან 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე, სუპერტაიბრეიკზე).
„ზოგჯერ ტანჯვისგანაც უნდა შეგეძლოს სიამოვნების მიღება, თიხაზე ეს ხშირად ხდება საკვანძო მომენტი. ვხედავდი რომ იანიკს კუნთებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ნოვაკთან შარშანდელი მარცხის შემდეგ ბევრი დასკვნა გამოვიტანე, მაგალითად ის, რომ ამ სახის პრობლემებს უნდა გაუძლო, და რაღაც მომენტში ტკივილი გადაგივლის. იანიკს მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ.“ განაცხადა ესპანელმა ჩოგბურთელმა.

როლან გაროს ფინალში, ალკარასი, ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და გერმანელ საშა ზვერევს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.










