გიორგიმ ბრაზილიელი ღირსეულად ჩაანაცვლა, კვარა კი პსჟ-ს ლიდერობას თამამად აგრძელებს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას პარიზ სენ-ჟერმენი გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს პარიზში დაუპირისპირდა. ჩვენი ნაკრების ორივე ვარსკვლავი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.
ლუის ენრიკეს გუნდმა კიდევ ერთხელ ჩაატარა საოცარი თამაში და სრულიად დამსახურებულად, 2:0 გაიმარჯვა. რომ არა მამარდაშვილის რამდენიმე მაგარი სეივი და პარიზელთა მცირე უიღბლობა, სხვაობა ბევრად უფრო დიდი იქნებოდა.
პარიზელებმა მატჩის მიმდინარეობა მთელი მატჩის განმავლობაში გააკონტროლეს და მეტოქეს არაფერი შეაქმნევინეს. ლივერპულმა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 5 მცველი გამოიყვანა და ხარისხის პრობლემის აღმოფხვრა რაოდენობით სცადა, მაინც ძალიან ცუდად ითამაშა, განსაკუთრებით დაცვაში.
პარიზელებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს. დეზირე დუემ ბევრ მეტოქეს შორის მოახერხა ბურთის საჯარიმოში გაკონტროლება, დაარტყა და მაკ’ალისტერის ასხლეტილი რთული რიკოშეტის შემდეგ ბურთი კარში ჩაეშვა. ბევრმა შეიძლება მამარდაშვილი დაადანაშაულოს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს მისი გუნდისთვის უიღბლობა იყო – ასეთი რიკოშეტით დარტყმული ბურთი არ/ვერ იღება.

პარიზელებმა პირველივე ტაიმში გაზარდეს ზეწოლა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ. მამარდაშვილმა მაგარი ბურთი აუღო კვარაცხელიას, ერთი-ერთზე აჯობა დეზირე დუეს, სხვა დარტყმები კი ბევრად უფრო სტაბილურად გააკონტროლა.
მეორე ტაიმიც პარიზელთა დიდი უპირატესობით წავიდა და არენაზე მათი მთავარი ბომბარდირიც გამოვიდა. ჟოაო ნევეშის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ კვარამ კონატეს გაასწრო და გიორგისთან პირისპირ აღმოჩნდა. აშკარად დარტყმა იკითხებოდა, მაგრამ ელვის სისწრაფით აუარა მეკარეს გვერდი და თითქმის ცარიელ კარში ბურთი შეაგორა. ლივერპულის დაცვა ისევ უსუსური იყო, ხვიჩამ კი ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში უკვე მე-8 გოლი გაიტანა და მოქმედი ჩემპიონების მთავარი ბომბარდირია.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ 2 გოლი გაუშვა, თავის გუნდში მაინც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, ხვიჩამ კი გოლი ზედიზედ მე-3 თამაშში გაიტანა და ისევ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

შემდეგი მატჩი უკვე 14 აპრილს, ენფილდზე გაიმართება. მართალია, პსჟ მკვეთრ ფავორიტად გამოიყურება, მაგრამ ლივერპულს საშინაო კედლებში ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ხელაღებით მათი ჩამოწერა სწორი არ იქნება.
ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენმა ბიჭებმა დაგლიჯეს და საკუთარ გუნდებს ულიდერეს. ამჯერად გამარჯვებული კვარა გამოვიდა, მაგრამ თავისი შანსები მამარდაშვილსაც ექნება.
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს!











