რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ამბავს ფრანგული პრესისგან ვიგებთ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 51 წლის ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი გახდება. ამ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფრანგული “Rugby Scope” ავრცელებს. როგორც ირკვევა, ბრონკანი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარებს და მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
“საფუძვლიანი განხილვების შედეგად, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა, საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი გახდება, რომელმაც გუნდის ფუნდამენტური საფუძვლები უნდა გაამყაროს და ამასთან, საერთაშორისო ასპარეზზე წინსვლას შეუწყოს ხელი.
კონკურენცია ნამდვილად დიდი იყო. პიერ-ანრი ბრონკანის გარდა, სახელდებოდა ფრან აზემასა და უორენ გეთლენდის კანდიდატურებიც. ეს ყველაფერი ადასტურებდა თუ რაოდენ სერიოზული ამბიციები ჰქონდა ქართულ მხარეს. საბოლოოდ, არჩევანი ბრონკანზე შეჩერდა, რომელიც აქამდე ძირითადად ფრანგულ კლუბებში იყო დასაქმებული, ახლა კი, ძალებს სანაკრებო დონეზეც სცდის.
ის იმ გუნდს ჩაიბარებს, რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ფიზიკური ძალით, შერკინების კულტურითა და უნიკალური ინდივიდუალურობით. ეს ის თვისებებია, რომლებიც ფრანგი მწვრთნელის მიდგომებს იდეალურად შეესაბამება, საქართველოს ნაკრები კი, თავის მხრივ, ეცდება, ბრონკანის გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს. “ლელოების” მთავარი მიზანი საერთაშორისო რაგბიში პოზიციების გამყარება და იმის დამტკიცება იქნება, რომ გრანდებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი გააჩნიათ.
პიერ-ანრი ბრონკანი მუშაობას ივნისში შეუდგება, როდესაც ბრივში კონტრაქტი ამოეწურება, მისი ასისტენტი კი მარკო ბორტოლამი იქნება. იტალიელი ფრანგის სამწვრთნელო შტაბში ფორვარდების მწვრთნელად მოიაზრება, თუმცა, შესაძლოა, ზაფხულამდე საქართველოს ნაკრების დროებითი თავკაცის მოვალეობაც შეასრულოს. იტალიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ გასულ წელს დატოვა ბენეტონი, ბოლოს კი სეილ შარქსში მუშაობდა. როგორც მორაგბეს, ბორტოლამის აძურის მაისურით 111 მატჩი აქვს ჩატარებული”.
ბრონკანს თითქმის 20 წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფრანგულ ბლანიაკში, ოშში, სტად-ორილიაკში, კოლომიეში, ტარბში, ტულუზასა და კასტრში უმუშავია, ამჟამად კი, როგორც აღვნიშნეთ, ბრივს წვრთნის. სანაკრებო ასპარეზზე ის ერთადერთხელ ვიხილეთ, როდესაც 2023 წელს ავსტრალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი ასისტენტი იყო.
საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნული გუნდისთვის ახალ მწვრთნელს მას მერე ეძებს, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში ინგლისელ რიჩარდ კოკერილთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ბორჯღალოსნების ახალი თავკაცისთვის მთავარი გამოწვევა მომავალ მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა იქნება. 2027 წელს ტურნირი ავსტრალიაში შედგება, ბორჯღალოსნები კი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთანა და რუმინეთთან მოხვდნენ და მათი მთავარი მიზანი პლეი ოფში გასვლა იქნება.
წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











