საფრენბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი კაცებს შორის, დასკვნით ფაზაში შევიდა.
ფილიპინებზე მიმდინარე 2025 წლის მსოფლიოს პირველობაზე ნახევარფინალების დღე იყო.
პირველ ნახევარფინალში, ბულგარეთმა, ტურნირის სენსაცია ჩეხეთი 3:1 დაამარცხა და მედლები 2006 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. მაშინაც, მსოფლიოს პირველობა აზიაში, კერძოდ იაპონიაში ტარდებოდა და გუნდმა მესამე ადგილის დაკავება შეძლო. ისე კი ფინალში, ბულგარელები 1970 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებთან, დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდნენ.
მატჩში, რომელიც 25:20 23:25 25:21 25:22 დასრულდა, ბულგარელებს, ტრადიციისამებრ, მსოფლიო ფრენბურთის ამომავალმა სუპერვარსკვლავმა, ალექსანდრ ნიკოლოვმა ულიდერა. 21 წლის გარე დამრტყმელმა ორივე ნახევარფინალში საუკეთესო 31 ქულა მოაგროვა (27 შეტევაში, სამი ბლოკი და ერთი ეისი), თანაც ეს უმაღლესი, თითქმის 26%-იანი სიზუსტით შეძლო.
ბულგარეთის მეტოქე მეორე ნახევარფინალში ირკვეოდა, რომელშიც ორი უძლიერესი გუნდი – პოლონეთი და იტალია უპირისპირდებოდნენ.
ქალთა ნაკრების მსგავსად, იტალიელთა კაცთა ნაკრებიც ტიტულისკენ დამაჯერებლად მიიწევს. გუნდს, საპლეიოფო სტადიაზე ჯერ სეტიც არ ჰქონდა წაგებული და ეს სასიამოვნო სტატისტიკა, პოლონეთთან მატჩშიც არ დაირღვა.
რომანოს 15 და მიკიელეტოს 12 ქულა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პოლონეთის ნაკრები 21:25 22:25 23:25 განადგურებულიყო.
იტალიელთა ტრადიციისამებრ ფანტასტიკური დაცვის წინააღმდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფრენბურთელმა, ვილფრედო ლეონმა, შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო. კუბური წარმოშობის მოთამაშემ, 14 ქულა მხოლოდ 10%-იანი ეფექტიანობით დააგროვა. ჩააგდეს თავიანთი შეხვედრები მსოფლიო ფრენბურთის სხვა ვარსკვლავებმა, კოხანოვსკიმ და ჰუბერმა, რომლებსაც ჯამურად ჰქონდათ 12 ქულა. ამგვარად, პოლონელებს არ გამოუვიდათ მსოლფიოს ჩემპიონატებზე ზედიზედ მეოთხე და ბოლო ექვსიდან მეხუთე ფინალში გასვლა. წინა სამი ფინალიდან (2014-2022 წლებში), აღმოსავლეთ ევროპელებმა ორი მოიგეს და ერთი დათმეს.
ტურნირის მესამე ადგილისთვის მატჩი ჩეხების და პოლონელების მონაწილეობით ჩვენი დროით დილის თერთმეტის ნახევარზე, ხოლო ფინალი ბულგარეთსა და მოქმედ ჩემპიონ იტალიას შორის სამის ნახევარზეა ჩანიშნული.











