მსოფლიოს ჩემპიონატის წილისწყრისთვის მესამე კალათა მაინც არ აგვცდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა მესამე და საკვანძო ტესტ-მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, იაპონიის წინააღმდეგ გამართა და უკანასკნელ წამებზე, 23:25 დათმო.
მატჩი, რომელიც განსაზღვრავდა, თუ რამდენად მძიმე კალათაში მოვხვდებოდით მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაზე (მოგების ან ფრის შემთხვევაში მეორე კალათა და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი), ჩვენთვის წარმატებულად დაიწყო. მეხუთე წუთზე, თედო აბჟანდაძის ჯარიმით ბორჟღალოსნები დაწინაურდნენ.
ლიდერობამ დიდხანს არ გასტანა. ჯერ ჯარიმით, შემდეგ კი ჩვენი შეცდომის შედეგად დადებული ლელოთი, წინ ისევ აზიელები გავიდნენ.
3:13-ზე, აბჟანდაძემ კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმო შეასრულა და შესვენებაზე გუნდები 6:16-ზე ანგარიშით გავედით.
მატჩის მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. ჯერ იყო და ლელოს კარგი შანსი პირდაპირ ჩათვლის მოედანთან ორ მეტრში ბურთის გავარდნით გავუშვით, თუმცა მალევე, 69-ე წუთზე, თაფლაძის ლელომ და აბჟანდაძის ზუსტმა გარდასახვამ სხვაობა ერთჯარიმიანი გახადა.
სამწუხაროდ, მალევე, დისციპლინის პრობლემები კვლავ შეგვექმნა და მორიგი აკიდებული ჯარიმის შემდეგ ისევ მინუს ექვსი ჩამორჩენით, ერთი შესრულებული ზუსტი საჯარიმო სასურველი ფრისთვის აღარ გვყოფნიდა.
გუნდს ლელოზე უნდა ეთამაშა და ეს მოვახერხეთ კიდეც.
თორნიკე კახოიძის დადებულმა ლელომ და აბჟანდაძის მორიგმა ზუსტმა გარდასახვამ ქამბექთან მაქსიმალურად ახლოს მიგვიყვანა.
სამწუხაროდ, ბოლო ორი წუთი ჩვენი გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ჯერ ფეხით ცუდად გადაგდებული ბურთით, შემდეგ კი ჯარიმით, სენგსინ ლიმ იაპონიას მინიმალური გამარჯვება და ჩვენს გუნდს, გაცილებით რთული წილისყრა მოუტანა.
ჩვენს გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:6 გახდა აზიელების სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა სიდნეიში, 3 დეკემბერს გაიმართება.











