სამწუხაროდ, კარლოსთან, ისევ მოგებული სეტის გარეშე.
ვენის ტურნირის მერვედფინალური დაპირისპირება, ორ ნაწილად დაიყო. პირველში, კარლოსმა საუკეთესოსთან მიახლოვებული ჩოგბურთი აჩვენა და ქართველს სეტი 6:1 მოუგო, ხოლო მეორე პარტიის სტარტზე 3:1 წაიყვანა.
მეორე ნაწილში კი ოდნავ გაუარესებული ალკარასი და იდეალურისგან არცთუ შორს მყოფი ბასილაშვილი ვიხილეთ.
ნიკამ, ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი მეტოქის ჩაწოდებას რამდენიმეჯერ შეუტია. პირველ სეტში შესრულებული ერთი ვინერზის შემდეგ, მეორეში 12-ჯერ მოიგო ქულები სუფთად და საერთოდაც, რომ არა ასეთი მძიმე მეტოქე, სეტი მოგებულიც ექნებოდა.
საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნამდვილი დრამა დატრიალდა. ქართველმა, მინიბრეიკი პირველმა შეასრულა, თუმცა მალევე პასუხი მიიღო. 4:5-ზე, ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ წაართვა მეტოქეს ჩაწოდება და ორმაგი სეტპოინტიც მიიღო.
ყველაზე დასანანი ქულა, ნიკოლოზმა, პირველ სეტბოლზე დათმო, როდესაც მიღება კინაღამ ვინერზით გაუგზავნა კორტში მეტოქეს, თუმცა მილიმეტრიანმა აცილებამ დაგვაღალატა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მეორე სეტპოინტიც ვერ გამოიყენა, კიდევ ერთი შანსი ნიკამ 7:7-ზე, ესპანელის შეცდომის შედეგად მიიღო.
ამას მოჰყვა მინიბრეიკების მიმოცვლა, რაც საბოლოოდ მაინც ალკარასის სასარგებლოდ დასრულდა, შედეგად კი 6:1 7:6(13:11) მურსიელის მძიმე გამარჯვება და მეოთხედფინალური საგზური.
ჯერ-ჯერობით, ქართველს, ალკარასისთვის სეტის მოგება არ გამოსდის – სამი მატჩი, და 7:0 სეტებში ტიტულოვანი მეტოქის სასარგებლოდ.
შემდეგ სტადიაზე, კარლოსი, ტომი პოლს დაუპირისპირდება.











