
25% პერიმეტრიდან, 9 ასისტი 11 დაკარგვაზე და ამ პლეიოფის პირადი ანტირეკორდი დაგროვილი ქულებით – ესეთი იყო დალასის მონაგარი NBA-ს ფინალური სერიის პირველ მატჩში, რომელიც ბოსტონის საშინაო “TD Garden-ში“ გაიმართა.
სტუმრებისთვის საქმეები თავიდანვე ცუდად წავიდა, როდესაც ბოსტონმა პირველსავე მეოხედში 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. იმის შემდეგ კი რაც პარკეტზე ტრამვიდან დაბრუნებული მასპინძლების ბიგმენი, კრიშტაპს პორჟინგისი გამოჩნდა, დალასის ჩამორჩენა 29 ქულამდე გაიზარდა. ლატვიელმა, რომელიც თავის დროზე, სწორედ დალასში ასპარეზობდა და ბევრის აზრით, კომფლიქტურ ვითარებაში დატოვა გუნდი, ოცი ქულა ოცდაერთ წუთში მხოლოდ ხუთი აცილებით დააგროვა, ამას სამი ბლოკშოტიც დაუმატა და შეხვედრაში მთავარი გარდატეხაც შეიტანა.

პორჟინგისს აქტიურად დაეხმარა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის MVP, ჯეილინ ბრაუნი – 22 ქულით, სამი ჩაჭრით, ამდენივე ბლოკშოტით და რამდენიმე გამორჩეული ჰაილაითით.
მოხეტიალათა რიგებში საუკეთესო, ტრადიციულად, ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელის 30 ქულის და ათი მოხსნის ხარჯზე დალასმა ჩამორჩენის 29 ქულიდან რვამდე დაყვანა შეძლო, თუმცა პერიმეტრზე უხეირო თამაშის და კაირი ირვინგის საზარელი სტატისტიკის (19 სროლაში 12 ქულა) ფონზე, ეს სტუმრების მატჩში ბოლომდე დასატოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა „კელტებმა“ 107-89 მოიგეს, ბოლო წუთები კი სრულ ფორმალობად იქცა.
სერიის მეორე დაპირისპირება ასევე ბოსტონში, ათ ივნისს, ჩვენი დროით გამთენიისას, ხუთის ნახევარზე დაიწყება. შემდეგ კი სერია, რომელიც ოთხ მოგებამდეა, ორი მატჩით ტეხასში გადაინაცვლებს.










