მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ “ბორჯღალოსნები” მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით გავლენ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის სატესტო მატჩების უკანასკნელ შეხვედრაში მსოფლიოს N1 გუნდს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. მატჩი 19 ივლისს, თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება და მას პატარა ქალაქ მბომბელაში მდებარი “მბომბელა სტადიუმი” უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. ტრავმებისა და სხვა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შემადგენლობა უძლიერესია მათ შორის, როგორიც შეიძლება რომ იყოს.
შერკინება: 1 – ახალაძე. 2 – კარკაძე. 3 – აფციაური. 4 – ბაბუნაშვილი. 5 – ჩაჩანიძე. 6 – ივანიშვილი. 7 – საღინაძე. 8 – სპანდერაშვილი.
ხაზი: 9 – ლობჟანიძე. 10 – მატკავა. 11 – თოდუა. 12 – კვესელაძე. 13 – თაფლაძე. 14 – ტაბუცაძე. 15 – ნინიაშვილი.
მარქაფა: 16 – ქვათაძე. 17 – თეთრაშვილი. 18 – გიგაშვილი. 19 – ეფრემიძე. 20 – მამამთავრიშვილი. 21 – ჯალაღონია. 22 – აბჟანდაძე. 23 – კახოიძე.
სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩამდე მცირე კომენტარი გააკეთეს ნაკრების დებიუტანტმა, დემურ ეფრემიძემ და გუნდის კაპიტანმა, ბექა საღინაძემ:
დემურ ეფრემიძე: ”ჩემთვის დიდი პატივია ნაკრების ღირსების დაცვა. ვიცით, რომ სამხრეთ აფრიკა საუკეთესო გუნდია. ვემზადებოდით დიდხანს, გადავხედეთ ბოლო ორ მატჩს. საუკეთესო მატჩის ჩატარებას ვეცდებით და მარტივად არაფერს დავუთმობთ”.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი, ბექა საღინაძე: ”სამხრეთ აფრიკასთან დიდ გამოცდილებას მივიღებთ ყველა ის მორაგბე, რომლებიც მოედანზე გავალთ. მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებთან შეხვედრა დიდი ფუფუნებაა. ზუსტად გამოჩნდება ხვალინდელ დღეს, თუ თამაშის დროს რა კომპონენტში გვიჭირს”.
სამხრეთ აფრიკასთან გამართული მატჩით საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებს დაასრულებს.
წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











