ბორჯღალოსნებს სასწაული დასაწყისი ჰქონდათ, მაგრამ “მიწაზე მალევე დაგვიშვეს”.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის მესამე, დასკვნითი ტესტ-მატჩი სტუმრად მსოფლიოს 4-გზის და მოქმედ ჩემპიონ, სამხრეთ აფრიკასთან ჩაატარა და ანგარიშით 10:55 დამარცხდა.
“მბომბელა სთედიუმზე” გამართულ დაპირისპირებაში რიჩარდ კოკერილის გუნდმა თამაში მშვენივრად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე ვანო კარკაძის ლელოთი და ლუკა მატკავას გარდასახვით 7:0 დაწინაურდა. ლელო კლასიკურად ქართული იყო – მეტოქის დაჯარიმება მოედნის სიღრმეში, კიდეზე გადატანა, მოგებული აუტი და კვაჭის მიერ დამიწებული ბურთი მოლის გავლით. სამხრეთ აფრიკის სტილის ნაკრებთან, რომელიც ყოველთვის იწონებს თავს უძლიერესი მორკინალებით, ეს ნამდვილად ხმაურიანი განაცხადია მატჩის მე-3 წუთზე.

მაგრამ ბოკეს პასუხმა არ დააყოვნა, რომელმაც შესვენებამდე ლელო ოთხჯერ დაგვიდო (მხოლოდ ერთი გარდასახა). პირველ ნახევარში საჯარიმოს გატანა მატკავამაც შეძლო, ტაიმი კი სამხრეთ აფრიკამ 22:10 მოიგო. რეალურად გამოვიდა, რომ მსოფლიო ჩემპიონებთან პირველი ტაიმი გავძელით.
მასპინძელთა დომინირება მეორე ნახევარში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. სამხრეთ აფრიკელებმა კიდევ ხუთი ლელო დაგვიდეს, ბორჯღალოსნებმა კი თავიანთ ქულებს ვეღარაფერი შემატეს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა ბორჯღალოსნების მაისურით 122-ე აღმოჩნდა ჩვენი ნაკრების ვეტერანი მარცხენა ფრთისთვის, ალექსანდრე თოდუასთვის, რომელიც ეროვნულ გუნდში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენ დავით კაჭარავას გაუტოლდა. 37 წლის თოდუას დებიუტი 2008 წელს, ჩეხეთთან მოგებულ მატჩში შედგა და ამ პერიოდში გამართულ 121 მატჩში 21 ლელო გაიტანა.
ეროვნულ გუნდში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა მეორეხაზელ დემურ ეფრემიძეს, რომელიც თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.
საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ეს ისტორიაში მე-3 დაპირისპირება იყო. პირველად 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 46:19 მოგვიგეს, 2021 წელს კი პრეტორიაში გამართულ ტესტ-მატჩში 40:9 დავმარცხდით.
გასაგებია, რომ 10:55 მარცხის შემდეგ პოზიტივის პოვნა რთულია. ფაქტია, რომ ამჟამად საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ როგორც გუნდს რომ პრობლემები გვაქვს, ეს ბოლო ტესტ-მატჩებმაც ძალიან კარგად გამოაჩინა. ამის პრობლემები საკმაოდ სიღრმეებშია მოსაძებნი, მაგრამ ჯერ “არ ჩნდება”. ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის დონის ნაკრებებთან დაპირისპირება ჩვენს გუნდს მხოლოდ გაზრდის, მთავარია, ეს სწორად გამოვიყენოთ.
წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











