რუმინეთთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის მთავარმა მწვრთნელმა დებიუტანტიც კი მოიხმო.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრისთვის, რომელსაც ჩვენი გუნდი 8 მარტს, 15 საათზე, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტიც ფიგურირებს. ახალგაზრდა მესამეხაზელი, მიხეილ შიოშვილი თამაშს მარქაფიდან იწყებს და უდიდესი ალბათობით, სანაკრებო დებიუტიც ექნება.

რუმინეთის ნაკრები, მართალია წარსულთან შედარებით ბევრად დასუსტებულია, მაგრამ ჩვენი ნაკრებისთვის მაინც პრინციპულ მეტოქედ რჩება. შესაბამისად, შემადგენლობაც საკმაოდ კვალიფიციური, თუმცა სიახლეებსაც ვხედავთ და ბუნებრივია, მსგავსი სვლები გუნდის განვითარებისთვის საჭიროა.
მაშ ასე, 23 მოთამაშე, რომელიც საქართველოს რაგბის ნაკრების ღირსებას 8 მარტს, ავჭალაში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიცავს, შემდეგია:
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. კაპიტანი – ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 21. მიხეილ შიოშვილი (ტულონი); 22. მიხეილ ალანია (ორიაკი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
საქართველოს ნაკრებს არსებობის მანძილზე ყველაზე მეტჯერ სწორედ რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია: 30 შეხვედრიდან ბორჯღალოსნებმა 20 მოიგეს, 1 ფრედ დამთავრდა, 9 შემთხვევაში კი “მუხებმა” გვძლიეს.

რაგბი ევროპის გათამაშების მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ფინალური მატჩი კი 15 მარტს, მადრიდში გაიმართება.
წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











