ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებელს სან ანტონიოში “ბოლო ცეკვა” ექნება.
სან ანტონიო სპურრსის ვეტერანმა გამთამაშებელმა, კრის პოლმა კალათბურთის გულშემატკივრები თავისი განცხადებით ძალიან დაამწუხრა. “პატარა გენერალმა” უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ 2025-2026 წლების სეზონი, მისთვის აქტიურ კალათბურთში უკანასკნელი იქნება.
კრის პოლი NBA-ში 2005 წლიდან თამაშობს. ის დრაფტზე მე-4 პიკად ნიუ ორლეან ჰორნეტსმა აიყვანა და ფრენჩაიზის მდგომარეობა მაშინვე სასიკეთოთ შეცვალა. ამის შემდეგ ჰქონდა რამდენიმე შთამბეჭდავი სეზონი “Lob City” ლოს ანჯელეს კლიპერსში. იქამდე, მისი ტრეიდი ლეიკერსში იგეგმებოდა, მაგრამ დევიდ სტერნმა ეს გაცვლა დაბლოკა და გადაწყვეტილება დღემდე რჩება საკამათო განხილვის საგნად.
ძალიან ახლოს ჩემპიონობასთან პოლი 2018 წელს იყო, როცა მისი და ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონი კონფერენციის ფინალში დინასტიურ გოლდენ სტეიტ უორიორზს სერიაში 3:2 უგებდა, მაგრამ სამწუხაროდ, პოლი დაიმტვრა და ფილანიც და ჩემპიონობაც უორიორზს დარჩა. ზოგადად, ტრავმიანობა კრის პოლის კარიერაში ყველაზე ცუდი დაღი იყო, რამაც მის კარიერაში მაღალი მიზნების მიღწევასა და ტიტულების მოგებაში ხელი ძალიან შეუშალა.

შემდეგ იყო ერთი წელი სუსტ ოკლაჰომაში, როცა უსუსტესი გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა და იქაც საქმე მე-7 მატჩამდე მიიყვანა.
პოლისთვის ბოლო სიმღერა თითქოს ფინიქს სანსში გადასვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველას გასაკვირად, კრისმა ახალგაზრდულ კოლექტივს მომგებიანი სული შთაბერა, ფინალამდეც მივიდა და იქ უკვე იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკისთან 4:2 დამარცხდა. იმ ფინალშიც იყო ტრავმა – კრისმა დაზიანებული მარჯვენა მხარით ითამაშა.

გოლდენ სტეიტში ტრეიდმა ვერ გაამართლა. სან ანტონიოში მის გონებას ძალიან აფასებენ და როგორც აღმოჩნდა, სწორედ “დეზები” იქნება მისი ბოლო გაჩერება. სპურსის ახალგაზრდულ გუნდს პოლი შეუფასებელ გამოცდილებას მისცემს, იქნებ მაღალი მიზნებისთვისაც გაიბრძოლოს და ამის შემდეგ, მოთამაშის კარიერას დაემშვიდობება.

კრის პოლი ამერიკის ნაკრების წევრიც არაერთ მაღალი დონის ჩემპიონატზე ყოფილა. 2008 და 2012 წლებში ოლიმპიადებზე ოქროს მედალიც მოიგო.
კრის პოლი თანამედროვე NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პერსონაა. მისი გუნდში მისვლა ავტომატურად ნიშნავს იქაური შრომის კულტურის ცვლილებას. არაერთი კალათბურთელის, განსაკუთრებით ცენტრების პროგრესი, პირდაპირ კრის პოლის გავლენასთანაა დაკავშირებული. პოლი ასევე არაერთი წლის განმავლობაში ლიგის მოთამაშეთა პროფ-კავშირის პრეზიდენტიც იყო და დღემდე ძალიან დაფასებული ადამიანია.
19 წლიანი კარიერის განმავლობაში კრის პოლმა 12-ჯერ ითამაშა NBA All-Star მატჩზე, 11-ჯერ იყო სეზონის საუკეთესო ხუთეულში, 5-ჯერ ულიდერა ლიგას ასისტებსა და 6-ჯერ ჩაჭრებში, 2006 წელს კი წლის საუკეთესო ახალწვეული გახდა.
კრის პოლი ლიგას ძალიან დააკლდება – ყველა დარბაზიდან მის ბოლო მატჩებში “პატარა გენერალს” აუცილებლად ღირსეულად გააცილებენ.











