“სკუადრა აძურა” შეუჩერებელია.
ფილიპინებში დასრულებულ საფრენბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, იტალიის ნაკრები, ბულგარეთს დაუპირისპირდება და ოთხ სეტში – 25:21 25:17 17:25 25:10 გაუმკლავდა.
შეხვედრაში რამდენიმე საკვანძო ეპიზოდი იყო. მაგალითად პირველ სეტში, როდესაც მინუს ორზე, ცვლილებაზე გამოსულმა ბოტოლომ ზედიზედ ხუთი აუღებელი ჩაწოდება შეასრულა და პარტიის ბედის ამით განსაზღვრა.
მეორე სეტში, გუნდის ლიდერმა, იური რომანომ, მატჩში დაგროვებული 16 ქულიდან 8 მოიპოვა.
უცნაური გამოდგა მესამე სეტი. ის ბულგარელების დომანიციით წარიმართა. 21 წლის სუპერ ტალანტმა, ალექსანდრ ნიკოლოვმა, მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა და 21 ქულა 47%-იანი ეფექტიანობით დააგროვა. ამჯერად ვერ აყვნენ მას ათანასოვი და ასპარუჰოვი, რომლებსაც ჯამში ჰქონდათ მხოლოდ რვა ქულა.
აღსანიშნავია, რომ ეს მესამე სეტი, იტალიელებისთვის, მერვედფინალური სტადიიდან მოყოლებული, ერთადერთი წაგებული პარტია გამოდგა. მეოთხეში, მსოფლიო ფრენბრთში საუკეთესო დაცვამ თავისი სიტყვა თქვა და ბულგარეთი 10 ქულაზე დატოვა.
ტურნირის MVP რომანო გახდა, ხოლო იტალიამ, ზედიზედ მეორე და ჯამში მეხუთე ტიტული მოიპოვა. “სკუადრა აძურა”, საბჭოთა კავშირის/რუსეთის ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამარჯვებებში მხოლოდ ერთით ჩამორჩება.
ფინალამდე ცოტა ადრე, შედგა მესამე ადგილისთვის შეხვედრაც, რომელშიც ნახევარფინალში მარცხით იმედგაცრუებულმა ბოლო სამი ჩემპიონატის ფინალისტმა პოლონეთმა, ტურნირის აღმოჩენა, ჩეხეთი, ასევე ოთხ სეტში დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ლოგიკური ჩემპიონისა, ტუნრირი მთლიანობაში მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. სამგზის მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბრაზილიამ, ასევე მოქმედმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საფრანგეთის ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო.











