Centered Image

უკეთესი თამაში… თუმცა მარცხი აფრიკაში

სამხრეთ აფრიკულ ჩიტასთან მოგებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა, ირლანდიასთან თბილისში განცდილი ძალიან უსიამოვნო მარცხის შემდეგ თქვა, რომ სამხრეთ აფრიკულ ფრანჩიზა “ჩიტასსთან” მატჩში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს შანსს მისცემდა და სიტყვაც შეასრულა. ბორჯღალოსნებმა ჩიტასთან რადიკალურად შეცვლილი შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამან გუნდზე აშკარად დადებითი გავლენა იქონია და გუნდმა მთლიანობაში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ჩიტასი 30-ე წუთისთვის 14:0-ს იგებდა. გაშვებული ლელოები საკმაოდ ეფექტური გამოვიდა და ორივე გარდასახვაც ზუსტი იყო. საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეამცირა. ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, ახალგაზრდა შალვა აფციაურმა ლელო გაიტანა, ნაკრების ისტორიაში 37-ე კაპიტანმა, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ჩიტასმა პირველი ტაიმი 14:7 მოიგო.

საქართველომ მეორე ტაიმი ბრწყინვალედ დაიწყო. შალვა აფციაურმა დუბლი შეასრულა ძალიან ეფექტური ლელოთი, თედოს გარდასახვა კი ისევ ზუსტი იყო – 43-ე წუთისთვის ანგარიში თანაბარი, 14:14 გახდა.

46-ე წუთისთვის კოენ იასპერის ჯარიმით ჩიტასი 3 ქულით წინ გავიდა, თუმცა ბორჯღალოსნებმა მეტოქე ზედიზედ ორჯერ დააჯარიმეს და თედო აბჟანდაძემ მე-60 და 65-ე წუთებზე ჯარიმები ზუსტად შეასრულა. საქართველო 3 ქულით დაწინაურდა – 20:17.

სამწუხაროდ, ჩიტასი 74-ე წუთზე წინ გავიდა. ნტოკოზო მახაზა აფციაურს არ ჩამორჩა, საოცარი ლელო გაიტანა, დუბლი შეასრულა და როგორც აღმოჩნდა, მომგებიანი დამიწება მისი აღმოჩნდა. ანგარიში 22:20 გახდა. კოენ იასპერმა გარდასახვა ამჯერადაც რთული სიტუაციიდან გაიტანა – 24:20.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ზაფხულში უკვე მეორედ დამარცხდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კოკერილის ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ გაამართლა. ქართველმა მორაგბეებმა ბოლომდე იბრძოლეს. გუნდს “ახალი სისხლის” აშკარად დაეტყო და სხვაგვარად თამაშობდა, მაგრამ შეთამაშების ნაკლებობამ, განსაკუთრებით მატჩის დასკვნით ნაწილში, მაინც უარყოფითი გავლენა იქონია.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის მომდევნო ტესტ მატჩს 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან დაპირისპირება თბილისის დროით 19 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.

რიჩარდ კოკერილის მიერ ჩიტასთან გაყვანილი 23 კაციანი შემადგენლობა შემდეგი იყო:

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (კასტრი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading