Centered Image

ქართული სპორტის დიდი პრობლემა – დოპინგ სკანდალი სარაგბო სამყაროში

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა ორგანიზაციამ ქართველი მორაგბეებისა და ფუნქციონერების მიმართ საფუძვლიანი გამოძიება წამოიწყო.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და “World Rugby”-ს ერთობლივი გამოძიების შედეგად, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ექვს მოთამაშესა და დამხმარე პერსონალის ერთ წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა (ADRV) დაუდასტურდა (კონკრეტულად პერსონები ჯერჯერობით არ საჯაროვდება). გარდა ამისა, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მრავალჯერადი დარღვევის გამო, “WADA”-მ ნდობა დაკარგა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს (GADA) მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია “WADA”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

WADA-ს განცხადების თანახმად, სპორტსმენები წესების უხეში დარღვევით ანაცვლებდნენ სინჯებს. სინჯის ჩანაცვლება მკაცრად აკრძალულია.

“გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს სინჯის ჩანაცვლების ხუთ შემთხვევას. ასევე დადგინდა, რომ “GADA”-ს თანამშრომლები საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშეებს ტესტირების შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ. გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები სათანადოდ არ მეთვალყურეობდნენ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების აშკარა შეუსაბამობაა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია და ეს დიდ დარტყმას მიაყენებს როგორც ქართულ სპორტსა და მთავრობას, ისე რაგბის სამყაროს გლობალურად. მინდა მადლობა გადავუხადო “WADA”-ს დამოუკიდებელ საგამოძიებო გუნდს ამ ოპერაციის პროფესიონალურად და შეუპოვრად ჩატარებისთვის. ასევე მივესალმები “World Rugby”-ს მზაობას, ეთანამშრომლა “WADA”-სთან ფაქტების გამოსავლენად. ეს არ არის ისტორიის დასასრული, რადგან ახლა უფრო ღრმა გამოძიება მიმდინარეობს ქართულ სპორტში. “WADA”-მ ოპერაცია „ობსიდიანის“ შედეგები საქართველოს მთავრობას წარუდგინა, რათა მათ რეაგირება იქონიონ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოში არსებულ პრობლემებზე. აშკარაა, რომ “WADA”-მ დაკარგა ნდობა “GADA”-ს პროგრამის მიმართ და შესაბამისმა უწყებებმა ძირეული ცვლილებები უნდა განახორციელონ“ – ორგანიზაცია “WADA”-ს პრეზიდენტი, ვიტოლდ ბანკა.

ამავე განცხადების თანახმად, ოპერაცია „ობსიდიანმა“ თავისი დასკვნები “WADA”-ს შესაბამისობის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა. საქართველოში ანტიდოპინგური პროგრამის კეთილსინდისიერების წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, ჯგუფმა შესაძლოა განიხილოს “GADA”-ს წინააღმდეგ დაჩქარებული სანქციების პროცედურა.

“WADA”-ს საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორი, გიუნტერ იანგერი: „ოპერაცია „ობსიდიანი“ ხაზს უსვამს სინჯების ჩანაცვლების შემთხვევების სირთულეს სამართლებრივი, საგამოძიებო და სამეცნიერო თვალსაზრისით. “World Rugby”-ს ნიმუშების გრძელვადიანი შენახვის პროგრამამ გადამწყვეტი როლი ითამაშა გამოძიების პროცესში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიმუშების დროთა განმავლობაში შენახვის კრიტიკულ მნიშვნელობას“.

განცხადების მიხედვით, გამოძიების ფარგლებში, “WADA”-მ საქართველოში სხვა სახეობის სპორტსმენების სინჯების გადამოწმებაც დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს მათი ბიოლოგიური პასპორტების ექსპერტიზა. თუ რომელიმე ნიმუში საეჭვოდ მიიჩნევა, ოპერაცია „ობსიდიანი“ აცნობებს შესაბამის ორგანიზაციებს და დაეხმარება მათ დნმ-ის ანალიზისა და შედარების პროცესში. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მსგავსი ოპერაცია („ოპერაცია ისარი“) ჩატარდა ძალოსნობაში, სადაც შარდის ჩანაცვლების გამოვლენის ახალი მეთოდი დაინერგა.

იმედია, ეს პრობლემა, რომელიც ქართულ რაგბისა და ზოგადად სპორტული სამყაროს ავტორიტეტს სერიოზულად დაარტყამს, ჩვენთვის რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაივლის.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading