Centered Image

7 დერბი წაუგებლად – მილანი ისევ წითელია!

ალეგრიმ და მილანმა ინტერს 118-ე დაბადების დღე უსიამოვნოდ აღუნიშნეს.

დერბი დელა მადონინაში მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა მილანმა ინტერი დაამარცხა, რის შედეგადაც, “სკუდეტოსთვის” რბოლამ ინტრიგა მეტად შეიძინა, რადგანაც მატჩამდელი პირობებით “ნერაძურის” 10 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა და მისი გაზრდა, დიდი ალბათობით, ინტრიგას მოკლავდა კიდეც.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, “მადონინა” არ ყოფილა ყველაზე სანახაობრივი და დინამიური, ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო ხარისხის თამაში, იყო ბევრი შეცდომა და სასწორზეც ბევრი რამ იდო. თუმცა ასევე ტრადიციულად, იყო საშინელი დაძაბულობა და “სან სიროს” გუგუნი – გაყიდული ბილეთებიდან შემოსული სარეკორდო 8.7 მილიარდი ევროც ამის დასტურია.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა პრაგმატულად ითამაშა და “შეშლილი მაქსის” საყვარელი ანგარიშით, 1:0 მოიგო. ყველაფერი გადაწყვიტა პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე გატანილმა გოლმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს გოლი ეკვადორელმა მარცხენა ლატერალმა, პერვის ესტუპინიანმა შეაგდო, რომელიც ამ სეზონში ძირითადშიც კი ვერ ხვდება და დერბიში თამაში მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ ახალგაზრდა ბარტესაგი ტრავმირებული იყო. პერვისმა შეტევაში სწრაფად გადასვლის პირობებში ინტერის დაცვის ჩავარდნითა და მალიკ ფოფანას კარგი პასით ისარგებლა. გოლამდე, ინტერს უკეთესი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჰენრიხ მხითარიანმა საჭირო დროს უხეიროდ დაარტყა. ფეხბურთის დაუწერელი კანონის მოქმედებამაც არ დააყოვნა – ეკვადორელმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, თანაც საკმაოდ ეფექტური, ფაქტიურად აუღებელი დაარტყა, არავინ რომ არ მოელოდა ისეთი.

დაწინაურებულმა მილანმა თავი შემდეგ იდეალურად დაიცვა. კრისტიან კივუს გუნდს, მითუმეტეს საკადრო პრობლემების გამო შეთხელებული შემადგენლობის პირობებში, პრაქტიკულად არ ჰქონია რეალური მომენტი. მატჩის მიწურულს “ნერაძურიმ” შტურმის მსგავსი მოაწყო და რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებაც ჰქონდა, მაგრამ ხელშესახები ვერაფერი.

ამგვარად, სეზონში მეორე დერბიც მილანმა მოიგო. პირველ წრეშიც, “როსონერიმ” 1:0 გაიმარჯვა. სხვათა შორის, მას შემდეგ ინტერი სერია A-ში დაუმარცხებელი იყო:  15-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება, 1 ფრე) ჰქონდა.

კიდევ ერთი: 2024 წლის აპრილის შემდეგ, ინტერს მილანი არ დაუმარცხებია, არადა, თითქმის ორი წელი გავიდა, მას მერე კი, ეს მეშვიდე “მადონინა” იყო (ყველა ტურნირზე). მილანის უპირატესობა ამ შვიდ მატჩში აშკარაა – 5 მოგება, 2 ფრე. არადა პირიქით ხდებოდა ხოლმე – მილანი ზოგადად უფრო იგებდა ტიტულებს, დერბები კი ხშირად ინტერს რჩებოდა.

სერია A-ს ისევ ინტერი ლიდერობს, 67 ქულით, მილანს 60 ქულა აქვს. 7 ქულა არაა მცირე სხვაობა, მაგრამ ინტრიგა იმაზე მეტად არის ცოცხალი, ვიდრე ეს მილანის ვერმოგების შემთხვევაში იქნებოდა. წინ კიდევ 10 ტურია და ყველაფერი შესაძლებელია. მილანის საქმეს ის ართულებს, რომ ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე ნორვეგიულ ბოდო გლიმტთან გამოვარდა და ახლა მხოლოდ სერია ა-ზე შეუძლია იფიქროს. თავის მხრივ, ნერაძურის რამდენიმე ლიდერი ტრავმირებული ჰყავს და ეს საქმეს ართულებს ხოლმე.

სერია A-ში მხოლოდ საჩემპიონო რბოლასთან ერთად საინტერესო ჩემპიონთა ლიგის ზონის ათვისებისთვის ბრძოლაა. უდიდესი ალბათობით, ამ ოთხეულში მილანურ გუნდებს თავიანთი პოზიციები დაბევებული აქვთ, დანარჩენი 2 პოზიციისთვის კი 5 გუნდი იბრძვის – ნაპოლი, კომო, რომა, იუვენტუსი და ატალანტაც საქმეში არიან.

“დერბი დელლა მადონინა” შედგა, მთელი თავისი დიდებულებით. არა გოლების წვიმითა და დინამიური ფეხბურთით, მაგრამ იტალიური ფეხბურთის კოლორიტი ჩანდა – სავსე სტადიონი, წითელი ბოლი, ბრძოლა ყველა მონაკვეთზე და მწვრთნელების ჭადრაკი, სადაც გამარჯვებული ამჯერადაც უფრო გამოცდილი ალეგრი გამოვიდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading