“დორტმუნდი” საკუთარ კედლებში დაეცა.
Signal Iduna Park-ზე გერმანიის სუპერთასი გათამაშდა. დერ-კლასიკერში, ძველი ტრადიციისამებრ “ბაიერნმა” იმარჯვა და ხსენებული ტიტული ისტორიაში მეთორმეტეჯერ მოიგო, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
მატჩი კომპანის გუნდის აშკარა უპირატესობით დაიწყო, რომლის გოლში კონვერტირება ნატანიელ ბრაუნმა შეძლო. “აინტრახტიდან” 50 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა, ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა და “რეკორდმაისტერში” ოფიციალური დებიუტი იდეალურად აღნიშნა.
“დორტმუნდი” ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს 43-ე წუთზე იყო, თუმცა ოფსაიდის გამო, ბენსაბაინის გოლი გაუქმდა. იმედგაცრუებულმა მასპინძლებმა, გოლი ტაიმის ბოლოს გაუშვეს. მატჩში მეორე შედეგიანი ქმედება მიიმატა ოლისემ, რომელმაც, იქამდე, ბრაუნს საგოლე გადაცემა მისცა.
მეორე ტაიმში, “ბორუსიამ” უპირატესობა ხელთ იგდო და 75-ე წუთზე, სილვას გოლით ანგარიშის შემცირებაც მოახერხა, თუმცა ერთადერთი, რაც “დორტმუნდმა” დროის ამოწურვამდე მოასწრო, უხეში ქმედების გამო ბენსებაინის მოედნიდან გაძევება იყო. შედეგად კი 1:2 და “რეკორდმაისტერი” მორიგ ტიტულს იღებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ უტიტულო ჰარი კეინმა, კარიერაში უკვე მეხუთე ტურნირის მოგება შეძლო. ხუთივე, 33 წლის ფორვარდმა, სწორედ მიუნხენურ გუნდში მოიპოვა. ამ სეზონის სუპერთასის გარდა, კეინის აქტივში შარშანდელი ანალოგიური ტიტული, ასევე ერთხელ მოპოვებული გერმანიის თასი და ორჯერ მოგებული ბუნდესლიგაა.











