“ყარაბახის” შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “საბაჰიც” მოხვდა.
აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთისთვის ნიშანდობლივი მოვლენა ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო სტადიის საკვალიფიკაციო შეხვედრაში დაფიქსირდა. “ჰაპოელ ბეერ შევასთან” პირველი შეხვედრის 1:2 წაგების შემდეგ, “საბაჰმა” დრამატული განმეორებითი მატჩი დამატებით დროში – 5:2 (6:4 ორი მატჩის ჯამში) მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
არადა, ჯერ კიდევ 94-ე წუთისთვის, ისრაელის წარმომადგენელი, მოგებასთან უფრო ახლოს იყო. შეხვედრაც, უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს. ჯერ მესამე წუთზე, ზლატანოვიჩის გოლი ოფსაიდის გამო გაუქმდა, შემდეგ კი სერბმა, სასურველს მაინც მიაღწია და გუნდი მეათე წუთზე დააწინაურა.

28 წლის ფორვარდი, მატჩის პირველი მესამედის ყველაზე შესამჩნევი ფიგურა აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ერთი ჩათვლილი და ერთიც გაუქმებული გოლის შემდეგ, სერბმა ტრავმა მიიღო და 35-ე წუთზე შესაცვლელიც გახდა.
“ჰაპოელისთვის”, უიღბლობა გაგრძელდა – ნვაჩუკვუმ, 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში, მიზრაჰიმ და რახმონალიევმა ზუსტი დარტყმები გაცვალეს, აზერბაიჯანული გუნდი კი გოლის გატანის აუცილებლობის წინაშე იდგა.
საბოლოოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, მუტალიმოვმა, პუხაჩის ასისტით მესამე და მატჩის ექსტრატაიმებში გადამყვანი გოლის შეგდება მოახერხა.
მასპინძლების ფსიქოლოგიურ უპირატესობას, მეასე წუთზე, “ბეერ შევას” მოთამაშის, დიოპის გაძევებაც მოჰყვა.
ხასიათზე მოსულმა მასპინძელმა, ჯერ 102-ეზე, შემდეგ კი 115-ე წუთზე ორი გოლის გატანა და ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაარსებულმა კლუბმა, შიდა ჩემპიონატში “ყარაბახს” აჯობა და ჩემპიონობაც მოიპოვა. არსებობის მოკლე ისტორიაში, გუნდმა კონფერენს ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს ვერცერთხელ გასცდა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გასვლა, ევროთასებზე, მსგავსი ტიპის პირველი წარმატება იქნება “საბაჰისთვის”.
შეგახსენებთ, რომ აქამდე, აზერბაიჯანული კლუბებიდან “ყარაბახმა”, 2017-18 და 2025-26 წლებში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.











