11 ივლისს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა ,,დინამო თბილისმა”, რომელიც მონტენეგროში, ადგილობრივ ,,მორნარ ბარს” სტუმრობდა და მიუხედავად არც თუ ისე ცუდი სათამაშო ხარისხისა, სამწუხაროდ, მაინც დამარცხდა.
ანგარიში მონტენეგროელთა ნახევარმცველმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, მარკო დჯურიშიჩმა, შეხვედრის 20-ე წუთზე გახსნა. დაახლოებით 30 მეტრიდან დჯურიშიჩმა ცაციათი ჯარიმა საოცრად დაარტყა და დინამოელთა მეკარე, მიხეილ მაქაცარია, უშანსოდ დატოვა.
აღნიშნული გოლიდან 3 წუთში ,,დინამომ” ნახევრად კურიოზული გოლი გაუშვა. დჯურიშიჩის საოცარი პასის შემდეგ ცენტრალური დაცვა ჩავარდა, მეკარემაც გამოსვლა დაიწყო და რატომღაც გაჩერდა. აღნიშული ვითარებით მილან ვუშუროვიჩმა ისარგებლა და ,,მორნარ ბარი” 23-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.

ამის შემდეგ დინამომ მომენტები შექმნა, მაგრამ როგორღაც გოლი არ გადიოდა. 84-ე წუთზე მეტოქეს პირდაპირ წითელი ბარათით მოედნიდან ერმინ სერატლიჩი გაუძევეს, რამაც ,,დინამოს” უპირატესობა უფრო გაზარდა. საბედნიეროდ, 90+4 წუთზე კუთხურის შემდეგ მაღალ ბურთზე პირველმა ნიკოლოზ უგრეხელიძემ ითამაშა და ანგარიში შეამცირა.
უფრო საწყენია, რომ მომდევნო წუთზე ,,დინამოს” ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი ჰქონდა. მარცხენა ფლანგიდან ბაგრატიონის ჩაწოდების შემდეგ, ბურთმა მთელი საჯარიმო გაიარა, სადაც საბა ხვადაგიანი თავისუფალი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ სამწუხაროდ ააცილა.
ვერ ვიტყვით, რომ მარცხი ლოგიკური და მითუმეტეს, კარგი შედეგია. საბედნიეროდ, დინამომ ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხა და საპასუხო მატჩს იმედიანად ხვდება, რომელიც ,,დინამო არენაზე” 18 ივლისს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
წარმატებები თბილისის დინამოს!











