მისტერ “თავისუფლებამ” WNBA-ს მატჩზე კინაღამ იჩხუბა.
NBA-ს ყოფილი კალათბურთელი, ენეს “Freedom” კანტერი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. თურქი კალათბურთელი აქტიური კარიერის პერიოდშიც გამოირჩეოდა რევოლუციური განცხადებებით, როცა მხარი თურქეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეს დაუჭირა და მას შემდეგ სამშობლოში ვერ ჩადის, კარიერის დასრულების შემდეგაც კი აქტუალურ პერსონად რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა საკუთარი კანდიდატურა WNBA-ს დრაფტზე დააყენა.
ამჯერად კანტერი WNBA-ს მატჩს დაესწრო, სადაც ჩიკაგო სკაისა და ინდიანა ფიუვერის თამაშზე ფარის უკან, წინა რიგში იჯდა. ენეს სკანდალური მაისური ეცვა წარწერით: “WOMAN noun. adult human female“ (ქალი: არსებითი სახელი. ზრდასრული ადამიანის მდედრობითი სქესი). აღნიშნული წარწერით კანტერმა ისევ წამოწია საკითხი წინ, რის მიხედვითაც ის WNBA-ში ტრანსგენდერი სპორტსმენების დაშვებას აპროტესტებდა.
მთავარი მერე დაიწყო. მესამე მეოთხედის მიწურულს, „ჩიკაგო სკაის“ უკანახაზელმა, ნატაშა კლაუდისმა ორქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც „ინდიანამ“ წუთშესვენება აიღო. სათადარიგო სკამისკენ მიმავალმა კლაუდისმა კანტერისკენ გაიშვირა ხელი და ყვირილი დაუწყო.
კანტერი ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და მოედნისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მათ შორის დაცვა და მსაჯები ჩადგნენ. მსაჯის მითითებით, არენის დაცვამ კანტერს ტრიბუნის დატოვება მოსთხოვა.

გასასვლელისკენ მიმავალმა კალათბურთელმა მაისურზე არსებულ წარწერას გაუსვა ხაზი, დარბაზმა კი მას სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები დააწია.
მალევე კანტერმა კიდევ ერთი პროვოკაციული პოსტი გამოაქვეყნა წარწერით: „WNBA-ის მატჩიდან ქალების მხარდაჭერის გამო გამომაგდეს! დაფიქრდი ამაზე, ამერიკა!”
ამის შემდეგ ნატაშა კლაუდისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა და მხარდაჭერა ტრანსგენდერი თემის მიმართ. WNBA-ში საკითხი ისევ ცხელ და აქტუალურ თემად რჩება.
ენეს კანტერი კი ძალიან უცნაურად, მაგრამ ამ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.











