ლუის ენრიკეს ბიჭებმა ყველაზე საჭირო დროს უფრო მყარი ნერვები გამოავლინეს, ვიდრე მეთოფეებმა.
ლუის ენრიკეს გაწვრთნილი პარიზ სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა და პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ეს შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მას საუკეთესო თამაში არ ჰქონია, მაინც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ პსჟ თითქმის წაგებულ თამაშში დაბრუნდა.
ბუდაპეშტის ფინალი არ გამოდგა მაინცდამაინც თვალსასეირო, მაგრამ იყო თავისებული ტრამატიზმი, დამატებითი ტაიმებით და პენალტების სერიით, რომელიც პარიზ სენ-ჟერმენმა 4:3 მოიგო და ტიტული შეინარჩუნა. პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდი ისტორიაში ზედიზედ მეორედ გახდა.
მისთვის იღბლიანი სტარტის შემდეგ, არსენალი თავს კარგად იცავდა, პსჟ ვერ პოულობდა ლონდონური დაცვის გასაღებს. კაი ჰავერცმა მე-6 წუთზე ზემოთ ამოწეული პსჟ-ს დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლა და მართალია ერთი-ერთზე, მაგრამ საკმაოდ მახვილი კუთხიდან იდეალურად დაარტყა, საფონოვის კარი გახვრიტა და ლონდონელებს უდიდესი უპირატესობა მისცა.

ამის შემდეგ პარიზელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში, მაგრამ არსენალის ყველა ფეხბურთელი საკუთარი საჯარიმოს გარშემო იყო კონცენტრირებული და პარიზელები ნახევარმომენტსაც ვერ ქმნიდნენ.
ეს მოჯადოებული წრე ისევ ქართველმა გაარღვია, ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოს მისადგომებთან უსმან დემბელესთან კედელი გაითამაშა და უკვე საჯარიმოს მოედანში მოსკერას კორპუსით გაასწრო. ამ უკანასკნელმაც უნებლიედ თამაშის წესები დაარღვია და ხვიჩამ გუნდს პენალტი მოუპოვა. სწორედ ამ ეპიზოდის წყალობით დაბრუნდა ფრანგული გრანდი თამაშში, როცა უსმან დემბელემ დარტყტმა ზუსტად შეასრულა. მალე მატჩის გმირობასთანაც ახლოს იყო კვარა – მაგრამ მისი დარტყმული რიკოშეტით ძელს მოხვდა და არსენალის კარში არ გავიდა. შემდეგ უკვე გაიყვანეს.
ხვიჩამ 83 წუთი ითამაშა, მან ერთხელ დაარტყა ბურთი კარისკენ, რომელიც ჯერ მცველს მოხვდა, შემდეგ – ძელს. 62-ე წუთზე ქართველმა პენალტი მოიპოვა, როცა მოსკერას პოზიცია მოუგო. აშკარა იყო, რომ ხვიჩა შეხვეული ფეხით თამაშობდა, რამაც მატჩის მიწურულს დისკომფორტი აგრძნობინა და დიდწილად, უფრო ამის გამოც შეცვალეს.

თერთმეტმეტრიანების სერიაში პარიზელთაგან ნერვებმა მხოლოდ ნუნუ მენდეშს უმტყუნა, რომელსაც დავიდ რაიამ აუღო, არსენალისგან კი მე-2 დარტყმა ებერეჩი ეზემ კარს ააცილა, გადამწყვეტი, მე-5 დარტყმა კი უკვე გაბრიელ მაგალიაესმა გაუშმა კარს ზემოთ და პსჟ-მ ტიტული მოიგო.
ხვიჩა უკვე დინასტიის და იმ ლეგენდარული გუნდის უმთავრესი ნაწილია, რომელიც რეალის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო.
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!










