ზურიკო სენტ-ეტიენის საუკეთესო ბომბარდირი და მე-3 საუკეეთესო ასისტენტია.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილია. სენტ ეტიენის 25 წლის ქართველი შემტევი საფრანგეთში მოთამაშე პროფესიონალი ფეხბურთელების გაერთიანებამ გამოარჩია.
ბუნებრივია, ზურიკო სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, სადაც, სხვათა შორის, სენტ ეტიენის ერთადერთი წარმომადგენელია.
ზურიკო დავითაშვილი პირველი ქართველი არ არის, ვინც ეს ტიტული მიიღო – 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად იმ სეზონის ლიგა 2-ის ბომბარდირი, “მეცის მეფე”, გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს.
დავითაშვილმა ლიგა 2-ში სენტ ეტიენის მაისურით პირველი სეზონი ჩაატარა (მანამდე ორი სეზონი ბორდოს რიგებში ითამაშა) და, იმედია, უკანასკნელიც, რადგან “მწვანეები” ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის იბრძვიან. 29 თამაშში მან 14 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. სამწუხაროდ, ფორმის პიკში მყოფ დავითაშვილს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, თორემ დიდია ალბათობა, რომ მას უფრო მეტი გოლი/ასისტი ჰქონოდა და სენტ-ეტიენიც პირდაპირ გადასულიყო საფრანგეთის ელიტაში.
სენტ ეტიენმა ჩემპიონატი 60 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ახლა პლეი ოფში მეტოქეს ელის, რომელიც, რედ სტარსა და როდეზს შორის გამოვლინდება.

რაც შეეხება ლიგა 1-ს, ზედიზედ მეორედ საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი უსმან დემბელე დაასახელეს.
წარმატებები ზურიკო დავითაშვილს!











