საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავსტრიული გუნდის ისტორიის უკვდავი ნაწილი ხდება.
გრაცის შტურმისა და საქართველოს ნაკრების შეუცვლელი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – უკვე ზედიზედ მესამედ აღიარეს. 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელშიც “ადმირალ ბუნდესლიგის” კლუბების პრეზიდენტები, მენეჯერები და მწვრთნელები მონაწილეობნენ, წინა წლების მსგავსად, პირველობა კვლავ არავის დაუთმო.

ოთარ კიტეიშვილმა 2025/26 წლების სეზონში შტურმის ღირსება ბუნდესლიგის 27 მატჩში დაიცვა და 14 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა. მიუხედავად პოზიციისა, გრაცელთა ქართველი “ათიანი” ამ დროისთვის ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიის სათავეშიც კი არის.
“ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამედ ვიღებ, ჩემთვის წარმოუდგენელი პატივია. ამ ინდივიდუალური პრიზის მიღება კი შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერის გარეშე” .
ჩემთვის ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველანი ერთად ვვითარდებით და მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დარჩენილ ორ ტურში მივაღწიოთ ჩვენს დიად მიზანს”, – თავმდაბლად აღნიშნა კიტეიშვილმა.
“ქართველი ფეხბურთელი, რომელიც შტურმში თავის მერვე სეზონს ატარებს, გრაცელთა შეტევაში მთავარი ფიგურაა და ამ დროისთვის 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს (კინგსტონ მუტანდვასთან ერთად). როგორც ცნობილია, ოთარი კუთვნილ ჯილდოს ბოლო ტურში, შტურმის საშინაო შეხვედრის დროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ სამჯერ დასახელდა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ.წარსულში ასეთი ასევე შტურმის ფეხბურთელი, ივიცა ვასტიკი იყო, რომელსაც აღიარება1998-2000 წლებში ჰქონდა. კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვისაც ჯილდო სამჯერ, მაგრამ არა ზედიზედ აქვს მიღებული, შტეფან ჰოფმანია (რაპიდი).
ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორი წლის ჩემპიონ გრაცის შტურმს ტიტულის დასაცავად წინ გადამწყვეტი ბრძოლა ელის. “ადმირალ ბუნდესლიგის” დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის შტურმს 31 ქულა აქვს და საჩემპიონო ჯგუფში მხოლოდ ლიდერ “ლასკ ლინცს” (33 ქულა) ჩამორჩება. შტურმი 10 მაისს ჰარტბერგს ესტუმრება, 17-ში კი საკუთარ მოედანზე რაპიდს მიიღებს.
წარმატებები ოთარ კიტეიშვილს!











