გაბრიელი წასვლას ითხოვს, სიტუაციაზე დასაკვირვებლად კი ინგლისში “რეალის” და “ბარსელონას” სკაუტები ჩავიდნენ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისური ფეხბურთის მთავარმა ახალგაზრდა ტალანტმა, ჯეი-ჯეი გაბრიელმა, ვარჯიშები შეწყვიტა და გუნდიდან გაშვება მოითხოვა. გამოცემის ინფრომაციით, 15 წლის ფორვარდი ნათესავების რჩევით მოქმედებდა, რომლებიც უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ უნიჭიერეს ფეხბურთელს, ძირითად გუნდში დებიუტის საშუალება ჯერ კიდევ არ მისცემია.
მიუხედავად ასაკისა, ბრიტანული მედია სეზონის სტარტამდე წინასწარმეტყველებდა, რომ გაბრიელს, სათამაშო დრო პრემიერ ლიგაში თუ არა, თასზე მაინც მალევე მიეცემოდა, თუმცა “წითელი ეშმაკების” სამწვრთნელო შტაბმა ტალანტს შანსი ჯერ-ჯერობით არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ფორვარდის იჯარით გადმობირება, სეზონის სტარტამდე “ბონრმუთს”, “ნიუკასლს” და “ბრაიტონს” სურდათ. სამივე კლუბი მზად იყო შემტევისთვის როტაციაში ადგილის გარანტიის მისაცემად, თუმცა გაბრიელმა მანჩესტერში დარჩენა ამჯობინა.
კლუბში, არ გეგმავენ, რომ ფეხბურთელის ბოიკოტმა შეუმჩნევლად ჩაიაროს და მზად არიან სანქციებს მიმართონ.
სიტუაციას აკვირდებიან “რეალის” და “ბარსელონას” წარმომადგენლებიც, რომლებიც უკვე ჩავიდნენ მანჩესტერში და ოჯახის წევრებთანაც, შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავენ.
გამოცემა წერს, რომ მხოლოდ ინგლისური პასპორტის ქონის შემთხვევაში, ის უცხოეთში გადაბარგებას 18 წლამდე ვერ შეძლებდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გაბრიელს ევროკავშირის ქვეყნის, ირლანდიის პასპორტიც აქვს (თავად ფეხბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია, ინგლისის ძირითად ნაკრებში ითამაშებს, თუ ირლანდიის, ახალგაზრდულებში ის სამი ლომის იუნიორული ნაკრებების ღირსებას იცავდა), მას, უკვე 16 წლის ასაკში შეეძლება მაგალითად ესპანეთში გადასვლა.
ფორვარდს, 16 წელი, ოქტომბერში შეუსრულდება.
ჯეი-ჯეი გაბრიელს, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა, ბევრი გამოცემა, 16 წლამდე ფეხბურთელებში მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ასახელებს.










