სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების მეკარე მატჩს ნაადრევად გამოეთიშა.
გიორგი მამარდაშვილის ლივერპულისთვის უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ უმთავრეს საზრუნავად ინგლისის პრემიერ ლიგა და იქაურ ხუთეულში მოხვედრა რჩება, რათა გუნდმა ევროპულ ელიტაში მომავალ წელსაც იასპარეზოს.
33-ე ტურის მატჩში ლივერპულს მეტად პრინციპული მეტოქე, ევერტონი ჰყავდა. “ჰილლ დიკინსონის სტადიონზე” უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და ლივერპულმა ძალიან მძიმე მატჩში 100-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:2 მოიგო.

ანგარიში მოჰამედ სალაჰმა კოდი გაკპოს იდეალური პასის შემდეგ 29-ე წუთზე გახსნა და ლივერპული დააწინაურა. მომენტები პირველივე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი არ გავიდა. ძირითად შემადგენლობაში მყოფნა მამარდაშვილმა 2 კარგი სეივი შეასრულა.
მეორე ტაიმი როგორც ლივერპულისთვის, ისე ქართველი გულშემატკივრებისთვისაც საკმაოდ ცუდად დაიწყო. დიუსბერი-ჰოლის ჩაწოდების შემდეგ გიორგი მამარდაშვილს ძალიან მძიმე შეჯახება მოუვიდა და მის კარში ბეტომ გოლიც გაიტანა. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების მეკარე საკმაოდ მძიმედ დაიმტვრა, საკაცით გაიყვანეს და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის ნაცვლად ლივერპულის კარის უსაფრთხოება გუნდის მე-3 მეკარეს, ფრედერიკ ვუდმანს დაევალა.

დარჩენილ დროში გუნდებმა მომენტებიც გაცვალეს და სამწუხაროდ, კიდევ ერთი სასტვენი და ტრავმა იყო. საბოლოოდ, არნე სლოტის გუნდმა გამარჯვება 90+10 წუთზე მოახერხა, როცა კუთხურისას შეტევაში ჩართულმა ვირჯილ ვან დაიკმა მეორე სართულზე ყველას აჯობა, გოლი გაიტანა და ერთობ პრინციპულ მატჩში თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ლივერპულს 33 ტურის შემდეგ უკვე 55 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და მდევარ ჩელსის 7 ქულით უსწრებს. მთავარი დავალება ახლა ის იქნება, რომ დარჩენილ 5 მატჩში გუნდმა ეს უპირატესობა შეინარჩუნოს და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ფაქტია, შეჯახება საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ იმედია, რომ სერიოზული არაფერი იქნება და გიორგი მალე ჩადგება ფორმაში.

წარმატებები გიორგი მამარდაშვილს!










