ბოლქვაძე და გორგოძე, ძირითად ბადესთან სულ ახლოს.
ამერიკის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო წრეში, წარმატებულად იასპარეზა ქართული ქალთა ჩოგბურთის ორმა მრავალწლიანმა ლიდერმა.
პირველმა, თავისი მატჩი მარიამ ბოლქვაძემ ჩაატარა. 21 წლის რუსი მეტოქის, იბრაგიმოვას წინააღმდეგ, ქართველმა საკმაოდ მარტივად – 6:4 6:3 იმარჯვა და კვალიფიკაციის ფინალების საგზურიც მოიპოვა.
საათსა და 34 წუთს გაგრძელებულ მატჩში, მარიამმა მეტოქეზე შვიდი უნებლიე შეცდომით ნაკლები დაუშვა ვინერზების იდენტური რაოდენობის ფონზე, საკუთარ ჩაწოდებებზეც ბევრად დამაჯერებელი იყო და გამარჯვებამაც არ დააყოვნა.
ძირითად ბადეში მოსახვედრად, 28 წლის ქართველის მეტოქე ნიდერლანდული ჩოგბურთის ერთ-ერთი მთავარი ახალგაზრდა იმედი კოვერმარსი იქნება. მარიამის არ იყოს, მისი მოწინააღმდეგეც ტურნირზე სეტი წაუგებლად მიდის.
ბოლქვაძეზე ბევრად მძიმე, თუმცა მაინც ორსეტიანი მატჩი გამოიარა გორგოძემ. ეკომ, გამოცდილი ბერძენი პაპამიქაილი ორ ტაი-ბრეიკზე 7:6 (3) 7:6 (2) დაამარცხა და კარიერაში პირველად, ამერიკის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვა მოახერხა. აქამდე, 34 წლის ჩოგბურთელს ამ სტადიაზე ორჯერ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა ვერც 2018 და ვერც 2025 წელს, მან ფინალური სტადიისთვის ბრძოლის შანსის მიღება ვერ შეძლო.
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ეკოს მეტოქე კიდევ ერთი გამოცდილი ჩოგბურთელი კნუტსონი იქნება. 29 წლის ჩეხი, ქართველზე რეიტინგში 23 პოზიციით დაბლა დგას და 184-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გორგოძე, სლემების ძირითად ბადეში ორჯერაა ნამყოფი – 2021 წლის საფრანგეთის ღია პირველობასა და 2022 წლის “უიმბლდონზე”.
რაც შეეხება მარიამს, მას ერთხელ უკვე გავლილი აქვს US Open-ის კვალიფიკაცია და ძირითადი ბადის პირველი წრეც. ეს 2019 წელს მოხდა. ასევე, ამ სეზონში, ბოლქვაძემ, კარიერაში მეორედ მოახერხა დიდი სლემის (“უიმბლდონის”) ძირითად ბადეში თამაში, სადაც კვლავაც შეძლო საწყისი ბარიერის დაძლევა.











