20 ივნისს ,,ევრო-2024″-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში გამართულ საღამოს მატჩზე, ერთმანეთს შოტლანდიისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შოტლანდიისთვის წაგება ყველაფრის დასრულების ტოლფასი იყო, შვეიცარიელებს კი პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ საქმე უფრო მარტივად ჰქონდათ.
სწორედ ეს სატურნირო წნეხი ეტყობოდათ შოტლანდიელებს მატჩის სტარტზე. ბრიტანელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და შედეგიც მიიღეს. ძალიან მაგრად ორგანიზებული კონტრ-შეტევის პროცესში საჯარიმოში ბურთი, ვის თუ არა სკოტ მაკ-ტომინეის დაუგორეს და ამ უკანასკნელმაც კარგად დაარტყა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბიან შარის შეხების გარეშე ეს გოლი არ გავიდოდა და ამიტომაც მატჩის ბოლომდე, ავტოგოლად იყო გაფორმებული. მოკლედ, შოტლანდიელთა მთავარმა მეგოლემ თავისი გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და ბრიტანელები დააწინაურა.
ამის შემდეგ შოტლანდიელებმა უფრო კონტროლის დაწესება სცადეს, მაგრამ ბურთის გორება რომ მთლად მათი საქმე არ არის, 26-ე წუთზე გამოჩნდა. ენტონი რალსტონმა ბურთი საკუთარ ცენტრალურ მცველებს უკან მოუხედავად გაუგორა, იქ კი შვეიცარიული ფეხბურთის ლეგენდა, ხერდან შაქირი გაჩნდა და ახლო ცხრიანში აუღებელი, ერთი შეხებით დაარტყა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ შვეიცარიელებმა ბევრი, უფრო სახიფათო მომენტი, პირდაპირ ვთქვათ, გაანიავეს. ორი გოლიც თამაშგარის გამო გაუუქმდათ. განსაკუთრებით ნდოიე აქტიურობდა, მაგრამ თავისი გოლი ვერ გაიტანა.
საბოლოოდ გუნდები ფრე, 1-1-ზე შეთანხმდნენ. შვეიცარიის ნაკრებმა 4 ქულით, გერმანიის ნაკრებთან დასკვნითი ტურის მატჩამდე, უკვე ამოისუნთქა, რადგანაც უდიდესი ალბათობით ეს ჯგუფიდან გამსვლელი შედეგი უნდა იყოს. შოტლანდიელები კი, დასკვნით ტურში უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და ვნახოთ რას მოახერხებენ











