ყველაზე მაგარი მოთამაშე გამოაგდეს, ფავორიტები მოიკოჭლებენ, მაგრამ სტაბილურები ისე თამაშობენ, როგორც ეკადრებათ – რა ხდება NBA-ში.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საპლეიოფო ეტაპი გახურდა და სანახაობასთან ერთად დაძაბული მატჩებიც იმატებს. რამდენიმე სერია გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი მოცემულობით წარიმართა, რაც ინტერესს ზრდის.
ყველაზე მარტივად საქმე ოკლაჰომა-სიტი თანდერმა დაასრულა. 64 მოგების მქონე გუნდს, რომელმაც სეზონი 24-1 ბალანსით დაიწყო, პლეი-ინ გამოვლილი და უსისტემოდ შეკოწიწებული ფინიქს სანსის განადგურება 4 მატჩში არ გასჭირვებია. მეტიც, ისე გამოვიდა, რომ ოკლაჰომამ იმ მატჩებშიც კი დაზოგა ენერგია, რომლებიც დასჭირდა პირველი ბარიერის გასავლელად. მართალია, გუნდს მე-2 ოფცია, ჯეილენ უილიამსი აკლდა, მაგრამ ოკლაჰომას თამაშზე არ ასახულა.

საქმე დაეძაბა მათ პოტენციურ მეტოქეს. ლეიკერსისა და ჰიუსტონ როკეტსის წყვილში სერიული ანგარიში 3-2 გახდა. ლეიკერსმა 3 მატჩი ძირითადი ლიდერების, ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გარეშე მოიგო, მე-4 მატჩი გასვლაზე გაატარა, მე-5 მატჩში კი მართალია რივზით ითამაშა, მაგრამ მაინც წააგო. ჰიუსტონელებს კევინ დურანტი მხოლოდ 1 მატჩში დაეხმარათ და ისიც წააგეს. წესით, ლეიკერსმა ჰიუსტონს ისტორია არ უნდა დააწერინოს და შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეს – აი რამდენ მატჩში ეგ საკითხავია. დასვენებულ ოკლაჰომასთან ორივე გუნდი აუტსაიდერად გამოიყურება.

გაირკვა დასავლეთ კონფერენციის მე-3 ნახევარფინალისტიც. ალბათ მაინც მოულოდნელად, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ მინესოტა ტიმბერვულვზმა ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეტსს სერიაში 4-2 მოიგო. დენვერს აკლდა მნიშვნელოვანი კალათბურთელები, მაგრამ მინესოტამ სერიის მიმდინარეობისას მთლად მთავარი ვარსკვლავი, ენტონი ედვარდსი და ყველაზე სტაბილური უკანახაზელი, დონტე დი’ვინჩენცო დაკარგა. ამის მიუხედავად, მგლებმა საქმეს თავი იდეალურად გაართვეს და სერია მოიგეს. გამოიკვეთნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიცაა ჯეიდენ მაკ’დენიელსი და აიო დოსუნმუ, კარგი იყო გობერი, გუნდს მშვენივრად ულიდერა ჯულიუს რენდლმა. მე-6 მატჩში მაკ’დენიელსმა საერთოდ 32 ქულა ჩააგდო, შენონ ჯუნიორმა კი 24 – დენვერს ასეთი “ფარული გმირები” არ აღმოაჩნდა, ლიდერებს კი სერია ჩაუვარდათ. შეიძლება ნიკოლა იოკიჩის კარიერის ბოლო 5 წელიწადში პირველად უნდა ვაღიაროთ, რომ იოკიჩი იმაზე უარესად თამაშობდა, ვიდრე აქამდე უთამაშია – ეს სერბისთვის პირველი შემთხვევაა კარიერაში.

ასე მინესოტა ტიმბერვულვზი სან-ანტონიო სპურსზე გავიდა, რომელმაც ასევე ახალგაზრდულ, მაგრამ ბევრად ნაკლები ტალანტის მქონე პორტლენდს სერია მარტივად, 4-1 მოუგო. რაც მთავარია, გუნდს ლიდერები მწყობრში ჰყავს და განახევრებულ მინესოტას ოპტიმალურ მდგომარეობაში ელოდება.

აღმოსავლეთში კიდევ უფრო დიდი არეულობაა. ნიუ იორკ ნიქსმა ატლანტა ჰოუქსი ძალიან მძიმე მარცხით გაუშვა სახლში – 140:89 დასკვნით მატჩში და გარდენის ბინადრებმა სერია 4-2 დახურეს. ნიქსი ინტენსიური გუნდია და ბევრი მატჩების ჩატარება არ აწყობს, ატლანტამ კი ხასიათი გამოავლინა და სამომავლო გამოცდილებაც მიიღო თავისი გამოცდილი ლიდერით, სი ჯეი მაკ’კალუმით.

ნიუ იორკ ნიქსის მეტოქე თითქოს დასვენებული სელტიქსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ისე არ წავიდა, როგორც მწვანეებს სურდათ. ფილადელფიას ბოსტონმა სერია 3-1 წაუყვანა და აქედან 2 მატჩში დიდი სხვაობით მოუგო, მაგრამ ჯერ საშინაო არენაზე დამარცხდა ბოლო მეოთხედის გათიშულობით, მე-6 მატჩში კი ფილადელფიაში განადგურდა 106:93 და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ყველაფერი მე-7 მატჩში გადაწყდება – ფილადელფიას შანსი აქვს, ბოსტონის მიმართ დაგროვილი მთელი ისტორიული ბრაზი ერთ მატჩში ამოაფრქვიოს და სელტიკსის ძლიერი გუნდი სამარცხვინოდ გამოაგდოს პლეი-ოფებიდან.

60 მოგების მქონე აღმოსავლეთის ჩემპიონმა, დეტროიტ პისტონსმა კი ორლანდო მეჯიქთან იწვნია უსიამოვნო გაკვეთილები. გოგას გუნდი პისტონსს სერიას 3-2 უგებს. კანინგჰემის 45 ქულიანი მატჩითა და საშინაო გამარჯვებით დეტროიტმა სერია კიდევ ერთი მატჩით შეინარჩუნა, მაგრამ ამას კიდევ ორჯერ თუ მოახერხებენ, ძალიან საეჭვოა. მთლიანობაში, ორივე გუნდი არც თუ ისე მაღალი ხარისხის კალათბურთს აჩვენებს, “ამღვრეულ წყალში კი თევზი უკეთ ორლანდომ დაიჭირა” და სერიის მოგების რეალური შანსი აქვს, თანაც მე-8 პოზიციიდან.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომაც ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია კლივლენდ კავალიერსს. კანადელები სერიაში ანგარიშის გათანაბრების მერე კლივლენდში დამარცხდნენ მატჩში, სადაც მოგებაც შეეძლოთ. სანდრომ ორჯერ ჩაატარა ისეთი შეხვედრა, სადაც 10-ზე მეტი ქულა ჰქონდა. მთლიანობაში, ქართველ ცენტრ-ფორვარდს დამაკმაყოფილებელი სერია აქვს – ცოტა სროლას იღებს, მაგრამ რასაც ასრულებს, ხარისხიანად აკეთებს. საპლეიოფო ინტენსივობის მატჩში შეცდომების მინიმალიზაცია გადამწყვეტი ფაქტორია, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ გუნდის ერთ-ერთი მთავარი მექულე, ბრენდონ ინგრამი ცუდ სერიას ატარებდა და მერე საერთოდ დაიმტვრა კიდეც. მოკლედ, სანდროს გუნდს სერიის მე-7 მატჩამდე მიყვანის შანსი ექნება და ამას ისევ საშინაო არენაზე სცდის.

წარმატებები გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს!










