1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალურ მატჩში იენის კარლ-ცაისი 2:1 დაამარცხა და უკვდავი ისტორია დაწერა. როგორი იყო ნოდარ ახალკაცის გუნდი, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის პოპულარობა უკიდურესად გაზარდა და მთელი თაობების გემოვნება განსაზღვრა? როგორ მივიდა აქამდე? ბუნებრივია, მე არასდროს მინახავს ამ გუნდის თამაში პირდაპირ ეთერში, მაგრამ არსებული კადრების, პირადი ჩანაწერებისა და თუ მონათხრობების საშუალებით გავაცოცხლოთ ის ლეგენდარული გუნდი, რომელიც საბჭოთა და ევროპულ ფეხბურთში 5 წელი დომინირებდა.

დინამო თბილისი 1976 წლამდე
ეს იყო საქართველოს უპირველესი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ძალიან ძლიერ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა (თუ რატომ საბჭოთა ჩემპიონატში, ეს ძალიან კარგად ვიცით და ამაზე არ ვისაუბროთ). გასაგებია, რომ დაარსების დღიდან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი პოლიტიკურ ქარტეხილში იყო გახვეული და ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც სამართლიანი და ლოგიკური იყო.
1964 წელს დინამო თბილისის უძლიერესმა თაობამ 18 ნოემბერს, ჩემპიონატზე დამატებით დანიშნულ მატჩში უმთავრესი კონკურენტი, მოსკოვის ტორპედო 4:1 დაამარცხა და ქართველ ხალხს “ოცნება აუსრულა”. მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე და სხვა ვარსკვლავები ყველა ქართველი ბავშვისთვის კერპებად იქცნენ. ამან ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი გამოიწვია. სწორედ ეს “ბუმის” თაობა მოაწყობს ნამდვილ რევოლუციას 70-იანი წლების მიწურულსა და 80-ების დასაწყისში .

ამის შემდეგ, მიუხედავად საკმაოდ ძლიერი შემადგენლობისა, (ამ პერიოდში თამაშობდნენ ძველი თაობის ვარსკვლავებთან ერთად გივი ნოდია, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების სტაბილური წევრები იყვნენ) დინამო თბილისის მაქსიმუმი მე-3 ადგილი იყო ჩემპიონატში. ევროტურნირზე თბილისის დინამომ საკმაოდ კარგად ითამაშა ტვენტესთან (2:3), თუმცა ტოტენჰემთან გამანადგურებელმა მარცხმა (5:1) დინამო მიწაზე დააბრუნა და ყველამ დაინახა, რომ ისინი განვითარებულ სამყაროს ჩამორჩნენ. როცა 5-იდან 5-ივე გოლს მეტოქე ერთი და იგივე სტილში, ფლანგზე გაქცევისა და ჩაწოდების შემდეგ თავით გაგიტანს, ფაქტია, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც იქამდე გვეგონა. გამოსწორება ძალიან ნელა, მაგრამ რაც მთავარია დაიწყო.
დინამო თბილისი მოსკოვის სამწვრთნელო სკოლიდან საზრდოობდა და დიდ წარმატებებს გუნდი მხოლოდ უცხოელი მწვრთნელების ხელში აღწევდა. ანდრო ჟორდანიას წარმატება უმაგრესი სელექციით ამოიწურა, მაგრამ გუნდს სახე მიხეილ იაკუშინმა და გავრილ კაჩალინმა მისცეს. გამომდინარე იქედან, რომ თბილისის დინამო მთელი საბჭოთა კავშირის “დინამოს საზოგადოების” წევრი იყო, ბევრი რამის “გათვალისწინება” უწევდა. ეს იყო გუნდი, რომელიც საბჭოთა უშიშროებასა და შინაგან ძალოვან ორგანოებს ეკუთვნოდა. შესაბამისად, წარმატებული მწვრთნელები უმეტესად ისევ დინამო მოსკოვში, როგორც ორგანიზაციის ფლაგმანში, ბრუნდებოდნენ და საქმე ისევ ირეოდა. საბედნიეროდ, 1976 წლიდან გუნდის მთავარ მწვრთნელად უკვე ქართველი გენიოსი, ნოდარ ახალკაცი დაინიშნა, რომელმაც 7 წელი სტაბილურად იმუშავა და შექმნა გუნდი, რომელმაც თითქმის ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
როგორ მივიდა დინამო 1981 წლამდე?
უნდა დავიწყოთ იმით, რომ ნოდარ ახალკაცმა ძალიან მაგარი სელექცია ჩაატარა. რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც მისი დიდი გუნდის ბირთვს წარმოადგენდნენ, ახალკაცს გუნდში დახვდა (ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე და სხვები). დროთა განმავლობაში ახალკაცმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს სხვადასხვა გუნდიდან მოიყვანა (დინამო თბილისი რეალურად, საქართველოს ნაკრები იყო), რამდენიმეც დუბლებიდან დააწინაურა და ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნა.

1976 წელს ახალკაცის გუნდმა დინამოს ისტორიაში მეექვსედ ითამაშა საბჭოთა კავშირის თასის ფინალში და როგორც იქნა ნავსი გატეხა. მოსკოვში დინამომ მეზობელი და ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი, 1973 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ერევნის არარატი 3:0 დაამარცხა და 12 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიგო. მატჩის მეორე ტაიმში გოლები დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს.

ცოტა უცნაურია და არც ისე სასიამოვნო, მაგრამ პოლიტიკურ ფაქტორზეც მოგვიწევს საუბარი. 1972 წელს საქართველოს “ცენტრალური კომიტეტის” პირველი მდივანი (მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნის პირველი პირი) 44 წლის ედუარდ შევარდნაძე გახდა. ის ამ თანამდებობისთვის საკმაოდ ახალგაზრდა და ამბიციური ადამიანი იყო. მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა მოწინავე იყო თითქმის ყველა სფეროში და ედუარდის მიმართაც მოსკოვიდან ქებას არ იშურებდნენ (როგორც შემდეგში გაირკვა, ბევრი მიმართულებით ეს შედეგები არც იყო რეალური, მაგრამ დინამომ ფაქტობრივი შედეგი მოიტანა). მას შემდეგ, რაც დინამო თბილისმა საბჭოთა კავშირის თასი მოიგო, შევარდნაძე გუნდის მდგომარეობით ბევრად უფრო აქტიურად დაინტერესდა.
ნოდარ ახალკაცს მიეცა კარტ-ბლანში შემადგენლობისა და ორგანიზების კუთხით. გუნდს აუშენეს ბაზა, რომელიც იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე და მოწინავე იყო. დინამო თბილისი წინა სასეზონო მომზადებებისა და შესვენებების დროს აქტიურად დადიოდა მსოფლიო ტურნეებზე, სადაც ხშირად მართავდა სპარინგ-მატჩებს უცხოეთის დიდ კლუბებთან (ალკმაარი, ფლამენგო, ბოკა ხუნიორსი, რივერ პლეიტი, სევილია, ვალენსია, რეალ მადრიდი, ბაიერნი და სხვა). დღეს ეს ჩვეულებრივ ამბად მოსჩანს, მაგრამ 70-იანი წლები სხვა ამბავია: “შავი ზღვის იქით ბოროტი და წარუმატებელი ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და სწორად ვცხოვრობთ, ამიტომ მათთან არ ვითამაშებთ და იქ არ/ვერ წავალთ!”. პროპაგანდა დაახლოებით ასეთი და იყო ძალიან, ძალიან ბევრს მართლაც სჯეროდა ამის. იქაური გულშემატკივრებიც დიდი ინტერესით ელოდნენ “ბნელი” სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლებს და სტადიონებიც აგრესიული გულშემატკივრებით ივსებოდა.
არც ედუარდ შევარდნაძე და არც ნოდარ ახალკაცი არ იყვნენ იმის “ჩიტები”, რომ რეალობა არ სცოდნოდათ. როგორც იმ გუნდის მოთამაშეები აღნიშნავენ, ამ ტურნეებს მათთვის უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა: ისინი იჯერებდნენ და ხედავდნენ, რომ მართლაც ძალიან მაგრად თამაშობდნენ და შეეძლოთ ისეთი კლუბების დამარცხება, რომლებიც მსოფლიოს აზანზარებდენ. რაც არ უნდა გამართულად და მონდომებულად ითამაშო, თუ თვითრწმენა არ გაქვს, ლივერპულსა და ინტერს თამაშს ვერ მოუგებ.
ნოდარ ახალკაცი იმ დროის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და კომპეტენტური ადამიანი იყო. მან მიაქცია ყურადღება მოთამაშეთა ფსიქოლოგიას, კვებას, მომზადებას, ცხოვრების წესსა თუ სტილს. სწორედ მან დანერგა გუნდში ის პროფესიონალური და კლასიკური მიდგომა, რაც თანამედროვეობაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხვდა ფეხბურთის პოლიტიკურ და სოციალურ როლს, შესაბამისად, პირველი პირი ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ დინამო წარმატებული ყოფილიყო და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ამ მხრივაც წარმოეჩინა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შეიძლება, ედუარდს უყვარდა კიდეც ფეხბურთი, მაგრამ ძირითადი მოტივი რომ პოლიტიკური იყო, ამაზე ბევრი არც არავინ დაობს.
თასის მოგების შემდეგ გუნდმა პროგრესი განაგრძო და შემადგენლობაც ნელ-ნელა გაიფილტრა. 1976-77 წლებში დინამო თბილისს შეურთდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ვიტალი დარასელია, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავა. მოგვიანებით ტორპედოდან ახალკაცმა ზაურ სვანაძეც წამოიყვანა, ლანჩხუთის გურიიდან კი გია თავაძე.
ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურდა ალექსანდრე ჩივაძე. ჩივაძეს კარიერის სტარტზე ნახევრდაცვაში ათამაშებდნენ, მაგრამ სწორედ ნოდარ ახალკაცმა მოუძებნა მას ადგილი ცენტრალურ მცველად, საიდანაც ჯერ გუნდის კაპიტანი გახდა, დროთა განმავლობაში კი უდიდეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
1978 წელს დინამო თბილისი 14 წლიანი პაუზის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. უდიდესი კონკურენციის პირობებში ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. რამაზ შენგელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, გუნდმა კი 3 წელიწადში მეორე ტიტული მოიგო.
ამავე პერიოდში დინამომ საკმაო წარმატებით ითამაშა უეფას თასზე. 1977-78 წლების სეზონში დინამომ ასპარეზობას გამოთიშა მილანის ინტერი. გასვლით მატჩში გუნდმა დავით ყიფიანის ერთადერთი გოლით მოიგო, თბილისური მატჩი კი ფრედ, 0:0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში 2:6 გაანადგურა დანიის კოპენჰაგენი, 1/8 ფინალურ ეტაპზე კი ყველასთვის მოულოდნელად შვეიცარიულ გრასსჰოპერსთან ორი მატჩის ჯამში 4:1 დამარცხდა და ევრო-სეზონი ასე დაასრულა.
1979 წელს დინამო თბილისი არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. ფინალურ მატჩში გუნდმა მოსკოვის დინამო მისსავე არენაზე, თერთმეტმეტრიანების სერიაში 2:3 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რამდენიმე ლიდერმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, ახალბედა ოთარ გაბელიამ 3 პენალტი აიღო და გუნდს ტიტული მოუტანა.

ფაქტიურად, 1976 წლის შემდეგ გუნდს უტიტულო სეზონი არ ჩაუტარებია. პარალელურად, ყოველ ჯერზე ჰქონდა ჩემპიონობის შანსი და სამჯერ ბრინჯაოს, ერთხელ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
1979 წელს დინამო თბილისმა, როგორც საბჭოთა კავშირის მოქმედმა ჩემპიონმა, პირველად (და სამწუხაროდ უკანასკნელად. 1964-ის ჩემპიონობისას საბჭოთა გუნდებს ევროპულ ტურნირებზე თამაშის უფლებას არ აძლევდნენ, ისევ საბჭოთა ხელმძღვანელები!) ითამაშა უეფას ჩემპიონთა თასზე (ჩემპიონთა ლიგის წინაპარი ტურნირი). პირველ რაუნდში გუნდს მოქმედი ჩემპიონი და ევროპის საფეხბურთო ჰეგემონი, ლივერპული ერგო მეტოქედ. ბუნებრივია, დინამო თბილისი მთელმა ევროპამ მაშინვე ჩამოწერა, მაგრამ ნოდარ ახალკაცმა და მისმა გუნდმა ევროპას დაანახა, რომ ამ ფორმაციის დინამო უკვე სხვა გუნდი იყო და ლივერპულის ბედს კიდევ სხვებიც გაიზიარებდნენ.
გასვლითი მატჩი “ენფილდზე” დინამომ მხოლოდ 2:1 წააგო (ჩვენგან გამთანებრებელი გოლი 33-ე წუთზე ჩივაძემ შეაგდო) და ინგლისელი გულშემატკივარი გააოგნა. ლივერპული ზედიზედ ორჯერ იყო ჩემპიონი და მესამე ჯერზე მოსაგებად მიდიოდა, მაგრამ თბილისში მათ დინამომ ჯოჯოხეთი მოუწყო. ნამდვილ ბრიტანულ, წვიმიან ამინდში, გადაჭედილ “დინამო არენაზე” ახალკაცის ბიჭებმა მეტოქეს გადაუარეს და გულშემატკივარს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. 1979 წლის 3 ოქტომბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ მეორე ტაიმში თითო გოლი გაიტანეს, ჩემპიონი ლივერპული კი პირველი რაუნდიდან გამოაბუნძულეს ტურნირიდან.

ამის შემდეგ დინამოს მეტოქედ გერმანიის ჩემპიონი, კევინ კიგანის ჰამბურგი ერგო, რომელშიც 2 გზის ოქროს ბურთის მფლობელ ინგლისელთან ერთად გერმანიის ნაკრების 7 ფეხბურთელი თამაშობდა და უძლიერესი გუნდი იყო. გასვლით მატჩში დინამო ყიფიანის მიერ 33-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ 3:1 დამარცხდა. დინამო არენაზე გუნდმა კარგად დაიწყო. მე-5 წუთზე ანგარიში გუცაევმა გახსნა, მაგრამ შემდეგ მალევე გაშვებულმა გოლმა მასპინძლებზე ძალიან ცუდად იმოქმედა. პირველ ტაიმში დინამო 1:2 მარცხდებოდა, როცა ყიფიანმა 45-ე წუთზე გაათანაბრა. საბოლოოდ, ქამბექისთვის ძალა არ გვეყო და 2:3 დავმარცხდით (ორი მატჩის ჯამში 3:6).
სწორედ ასეთ მატჩებში დინამომ დააგროვა ის დიდი გამოცდილება, რომლებსაც შემდეგ დიდ მატჩებში გამოიყენებს. ლივერპულის მიწასთან გასწორების შემდეგ დინამოს საშინაო, ამხანაგურ ტურნირებზე უკვე ევროპის წამყვანი კლუბები ეპატიჟებოდნენ. მსოფლიოს მასშტაბით გუნდის რეპუტაცია უაღრესად გაიზარდა და ფეხბურთელებიც მთელი საბჭოეთის მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო.
1980 წელი დინამო თბილისისთვის უტიტულოდ დამთავრდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დინამო თბილისი 1980-1981 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში უფრო შემთხვევით, საბჭოთა ხელმძღვანელობის შეცდომით აღმოჩნდა (ოდესმე ჩვენს სასარგებლოთაც ხომ უნდა დაეშვათ რამე შეცდომა).
საქმე იმაშია, რომ 1980 წელს მოსკოვი ოლიმპიადას მასპინძლობდა და ორგანიზაციული პრობლემები იყო. გადაწყდა, რომ თასის ფინალური მატჩი, რომელიც დონეცკის შახტარსა და დინამო თბილისს შორის უნდა გამართულიყო, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ჩატარდებოდა, უეფა კი მომავალ ტურნირში მონაწილე გუნდის დასახელებას უკვე მაისში ითხოვდა. საბჭოთა ხელმძღვანელობამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ დინამოს იქ გაშვება უფრო უპრიანი იყო და თასსაც ის მოიგებდა, შახტარი კი უეფას თასზე გაუშვეს. როგორც აღმოჩნდა, 1980 წლის 9 აგვისტოს მოსკოვში გამართულ ფინალში დინამო შახტართან 1:2 (სტარუხინი-24 წთ, ჭილაია-80 წთ, პიანიხი-84 წთ) დამარცხდა და თასების მფლობელთა თასზე უსამართლოდ აღმოჩნდა.
1981 წლის თასების მფლობელთა თასი – როგორი იყო ის დინამო!
დავიწყოთ იმით, რომ ნოდარ ახალკაცმა 1980 წელს გუნდიდან გაუშვა მანუჩარ მაჩაიძე. სამწუხაროდ, მწვრთნელსა და გუნდის ლეგენდარულ კაპიტანს შორის აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა და “დიდ მანუჩარს” დინამოს დატოვება მოუწია. მანუჩარ მაჩაიძე იმ დინამოში, გარდა კაპიტნობისა, საკვანძო ფეხბურთელიც იყო. ის იყო უნივერსალური ნახევარმცველი, რომელიც ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად, ფაქტიურად არასოდეს იმტვრეოდა ან იღებდა ტრავმას, იდეალურად ფლობდა ბურთს და ორივე ფეხით საოცრად ურტყამდა ნებისმიერი დისტანციიდან.

მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობით, 1976 წლის 22 აგვისტოდან 1980 წლის 22 აპრილის ჩათვლით, თბილისის „დინამომ“ შინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ფარგლებში სულ 73 მატჩი გამართა, რომელთაგან 55 შეხვედრა მოიგო და 18 ფრედ დაასრულა. მსგავსი წაუგებელი სერია ნებისმიერი კაპიტნისთვის მიუღწეველი და უნიკალური რეკორდია. ასევე მას ეკუთვნის რეკორდი დინამოს რიგებში ზედიზედ ჩატარებული მატჩებით. მაჩაიძემ 150 მატჩი გაცდენის გარეშე ითამაშა, რაც იმ დროის ფიზიკური მომზადების პირობებში, მართლაც შთამბეჭდავი მიღწევაა.
ასეთი სტატუსის, გავლენისა და მნიშვნელობის მქონე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებამ ნოდარ ახალკაცისადმი ხალხის ნდობაზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ეს გუნდისთვის სასიკეთო ნაბიჯი იყო. გავრცელებული არგუმენტის თანახმად, ნოდარ ახალკაცის აზრით, მანუჩარ მაჩაიძე თავისი ტექნიკური და ბურთის შენარჩუნებაზე აქცენტირებული თამაშის სტილით გუნდის თამაშს ანელებდა. ამ და სხვა ყოფით ნიადაგზე შექმნილი პრობლემების გამო მანუჩარ მაჩაიძე ტაშკენტის პახტაგორში გადაბარგდა, დინამო კი უკვე ახალი კაპიტნითა და ახალი სტილით იწყებდა მწვერვალისკენ სვლას.
1970-იანი წლების დიდი ნაწილი დინამო თბილისი ხშირად თამაშობდა 5 მცველიანი ტაქტიკით, სადაც ერთ-ერთი ამ მცველთაგან ბოლო მცველი, ე.წ. “ლიბერო” იყო. ევროპელი ლიბეროებისგან განსხვავებით, დინამოს მცველები არ იყვნენ შეტევაში ჩართვაზე ორიენტირებულები. ამ მიმართულებით, წარსულში გამორჩეული მურთაზ ხურცილავა იყო, რომელსაც მიუხედავად პოზიციისა, ძალიან ბევრი გოლი აქვს გატანილი.
1978 წლიდან ახალკაცმა გუნდი 4 მცველიან სისტემაზე გადააწყო და ლიბეროს, ანუ თავისუფალ ხაზში მოთამაშე ფეხბურთელის ფუნქციამ მოედნის უფრო წინა რგოლში გადაინაცვლა. ლეგენდარული დავით ყიფიანი, რომელიც ახალკაცის მოსვლამდე თავდასხმის ხაზში, ფაქტიურად ყველა პოზიციაზე თამაშობდა, სწორედ ახალკაცმა დააყენა იმ პოზიციაზე, სადაც ის მსოფლიო კლასის ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად ხშირი ტრავმიანობისა და გუნდში სხვა ბევრი ვარსკვლავის არსებობისა, ეს ყიფიანის გუნდი იყო. სწორედ ლეგენდარული ათიანის გარშემო გადააწყო ნელ-ნელა გუნდი ახალკაცმა და მთავარ მოთამაშედ ყიფიანი აქცია.
ახალკაცის მოსვლიდან მალევე გუნდში ქუთაისის ტორპედოს სხვა ვარსკვლავებთან ერთად მეკარე, ოთარ გაბელია მიიყვანეს. 1980 წლამდე ის კონკურენციაში იყო გამოცდილ დავით გოგიასთან, მისი წასვლის შემდეგ კი კარის დარაჯის პოზიციაზე ის უკონკურენტო ოფცია იყო და მცირე პაუზების გამოკლებით 80-იანი წლების ბოლომდე სტატუსი შეინარჩუნა.

დაცვის ხაზში ახალკაცს ჰყავდა ბევრი მაღალი დონის მცველი, რომელთა სათამაშო სტილი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო და მწვრთნელს აძლევდა ფართო როტაციის საშუალებას. ცენტრალური მცველების მყარ წყვილად შოთა ხინჩაგაშვილისა და ალექსანდრე ჩივაძის დუეტი ჩამოყალიბდა. რახანაც ლიბერო გაქრა, ისინი ერთმანეთის დამზღვევად გვევლინებოდნენ, მაგრამ მაინც განსხვავებული ფუნქციები ჰქონდათ. ჩივაძე ძალიან მაგრად ფლობდა ბურთს, შესაბამისად, მისგან ხშირი იყო დრიბლინგით ბურთის ამოტანა და გრძელი პასები, ხინჩაგაშვილი კი კლასიკური “სტოპერი” იყო (Stopper) – ელასტიური, მოქნილი მცველი, რომელსაც ძალიან მაგარი სათამაშო ინტელექტი ჰქონდა და ყოველგვარი უხეშობის გარეშე უმკლავდებოდა ფორვარდებს.

ფლანგებზე ახალკაცს ჰყავდა შემდეგი ვარიანტები: მარჯვენა მცველის პოზიციაზე სტაბილური ოფცია იყო თამაზ კოსტავა, რომელიც ძალიან სწრაფი მცველი იყო და კარგად მიდიოდა შეტევაში. ნოდარ ხიზანიშვილი, რომელმაც ფინალი ძირითადში ითამაშა, მულტიფუნქციური, მებრძოლი მცველი იყო, რომელსაც თამაში როგორც ფრთაზე, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეეძლო.

ძირითადის მარცხენა მცველად ითვლებოდა დავით მუჯირი, რომელსაც ახასიათებენ როგორც იმ გუნდის ყველაზე სწრაფ მოთამაშეს, გია თავაძე კი უფრო სხარტი, დიდი გამძლეობის მქონე მცველი იყო, დაცვაში ორივე ფრთაზე თამაშობდა, ასევე ნახევარდაცვაშიც შეეძლო და ძალიან მაგრად ურტყამდა შორი დისტანციებიდან.

ბუნებრივია, 1980 წლის შემდეგ განსაკუთრებული ცვლილება ნახევარდაცვის ხაზს შეეხო. კლასიკური საყრდენის პოზიციაზე თენგიზ სულაქველიძე თამაშობდა. ის არ ყოფილა ტექნიკითა და ბურთის ფლობით გამორჩეული ნახევარმცველი, მაგრამ იყო დაუღლელი მორბენალი, თამაშობდა ასევე ცენტრალურ/მარჯვენა მცველად და ჩივაძის მთავარი დამზღვევი იყო. იმ დროის საფეხბურთო სპეციფიკიდან გამომდინარე, სულაქველიძეს ძალიან ხშირად მეტოქე გუნდის ლიდერის მეურვეობა ევალებოდა და როგორც ამბობენ, ნამდვილი მეომარი იყო. ის საუკეთესო პერსონალური დამცველი იყო და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც 8 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე შეუცვლელად თამაშობდა.

სულაქველიძის გვერდით, მარცხენა მხრიდან თამაშობდა ვიტალი დარასელია – სუპერ-დინამიური ფეხბურთელი, რომელიც ახალკაცმა თავდასხმის ხაზიდან ნახევარდაცვაში დახია უკან. დარასელია იყო გუნდის “ძრავი”, რომელიც შავ სამუშაოს ასრულებდა დიდი დოზით, ამოჰქონდა ბურთი უკანა ხაზიდან და ინარჩუნებდა კიდეც, იყო საოცრად ტექნიკური და ორივე ფეხით მომაკვდინებელად ძლიერი დარტყმა შეეძლო!

მარჯვენა ცენტრალურ ნახევარმცველად სწორედ მანუჩარ მაჩაიძის პოზიციაზე დამკვიდრდა ზაურ სვანაძე, რომელიც ასევე ტორპედოს სკოლას წარმოადგენდა. ბუნებრივია, სვანაძე არ ყოფილა ისეთი ტექნიკური და გავლენიანი, როგორც მაჩაიძე, მაგრამ ის იყო ბევრად უფრო სწრაფი, მოძრავი და დინამიური ფეხბურთელი, რომელიც ახალი ფორმატის დინამოს ბევრად უფრო ერგებოდა. მას, როგორც შედარებით ახალბედას, ყველაზე ხშირად უწევდა როტაცია და ისევე როგორც ფინალში, მას ნუკრი კაკილაშვილი ცვლიდა.

ამ სამი დინამიური ნახევარმცველის წინ თამაშობდა დავით ყიფიანი. გავრცელებული აზრით, სწორედ მას მიეცა ყველა ის პრივილეგია/პასუხისმგებლობა მოედნის ცენტრში, რასაც იქამდე მაჩაიძესთან ინაწილებდა. ახალკაცმა ცენტრის სხვა სამუშაოები ზემოთ ხსენებულ ტრიოს ჩააბარა, ყიფიანს კი მოედანზე თავისუფალი როლი მიეცა. ახალკაცის მთავარი მიგნებაც სწორედ ეს იყო – ყიფიანი გახდა გუნდის ტვინი, რომელიც წარმართავდა დინამოს თამაშს. ჩნდებოდა მოედნის ყველა რგოლში, იყო საოცრად ელეგანტური, ტანმაღალი, თხელი აღნაგობის მქონე ტექნიკური შემტევი, რომელსაც 70 მეტრიანი პასის გაკეთება იუველური სიზუსტით შეეძლო, ბურთს კი ვერავინ ართმევდა. მის მთავარ უპირატესობად ყველა სათამაშო ინტელექტს აღიარებს. თუ ყველა ამ პლიუსს სათამაშო IQ-ს დავუმატებთ, ვიღებთ თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, მითუმეტეს კლასიკურ 10-იანს. დავით ყიფიანი იყო ასეთი – იმ დროის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

თავდასხმის ხაზში ორი ფორვარდი თამაშობდა. ვლადიმერ გუცაევი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი, შეტევის გამამწვავებელი და ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელსაც უმეტესად მარჯვენა ფრთიდან თამაში უყვარდა. გუცაევი იყო მოუხელთებელი ვინგერი, რომელსაც მარტივად შეეძლო რამდენიმე მცველის გაბითურება, საჯარიმოში შეჭრა და იქედან ხიფათის შექმნა. ვლადიმერ გუცაევი 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისში ტოპ ვინგერი იყო, რომელსაც ვერავინ აჩერებდა. მან უამრავი ფინტი და ტრიუკი იცოდა, თუ როგორ უნდა მოეტყუებინა ნებისმიერი მცველი, ასევე ძალიან მაგრად შეეძლო პენალტების აკიდება და რაც მთავარია, მნიშვნელოვან მატჩებში გოლების გატანა გამოსდიოდა.

მის გვერდით უმეტესად რამაზ შენგელია თამაშობდა, რომლის კონკურენტიც რევაზ ჩელებაძე იყო. ისინი განსხვავებული სტილის ფორვარდები იყვნენ და ახალკაციც მათ მეტოქიდან ან თამაშის სურათიდან გამომდინარე იყენებდა: რევაზ ჩელებაძე უფრო ფიზიკურად ძლიერი, კარისკენ ზურგით მოთამაშე ფორვარდი იყო, რომელსაც კარგად შეეძლო 1-2 შეხებაში თამაში, ბურთების დაგდება, საგოლე პასების კეთება და თავით თამაში, რამაზ შენგელიას კი 90 წუთი უწყვეტად მოძრაობა, სირბილი შეეძლო და მეტოქე მცველებისთვის უდიდეს თავის ტკივილს წარმოადგენდა. ჩელებაძისგან განსხვავებით მას შეეძლო გადასულიყო ფრთაზე, დაეხია უკან და დრიბლინგით წაეღო ბურთი შეტევაში. ასევე, ძალიან მაგრად ფლობდა დარტყმამდე პაუზების ხელოვნებას. რაც მთავარია, შენგელია ძალიან მაგრად იხსნებოდა მცველების ზურგს უკან და საგოლე სიტუაცებს უნიკალური, ფორვარდული ალღოთი გრძნობდა.

ასეთ თერთმეტეულში ახალკაცს დავალებები მოთამაშეთა უნარების შესაბამისად ჰქონდა განაწილებული. შეტევითი ფაზის დროს ბურთი წინ მოჰქონდა ალექსანდრე ჩივაძეს, მის პოზიციას ავსებდა სულაქველიძე, რომელსაც ცენტრალურ მცველად თამაშის დიდი გამოცდილება და კარგი უნარები ჰქონდა. ჩივაძე შეტევაში უნიკალური სარგებლიანობის გამო ადიოდა წინ და ერთვებოდა შეტევაში აგრესიულად. პირველი დავალება ბურთის ყიფიანამდე მიტანა იყო, რომელიც გუნდის შეტევას მიმართულებას აძლევდა, ინარჩუნებდა ბურთს და აცდიდა თანაგუნდელებს ამოსვლას. მეტოქის მცირე შეცდომა და ყიფიანი ერთი პასით ჭრიდა მეტოქის მთელ გუნდს, ამიტომაც, ძალიან ხშირად ფორვარდებს იდეალურ საგოლე პასებით ამარაგებდა. შეტევის მარჯვენა ფრთას გუცაევი ითვისებდა, მარცხენა ფრთას კი თავისი ენერგიულობით, ტექნიკითა და დინამიზმით გამორჩეული დარასელია.

1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველ ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე ბერძნული კასტორია იყო. რბილად რომ ვთქვათ, ეს არ იყო შესაბამისი რანგის მეტოქე დინამოსთვის. გასვლითი მატჩი ახალკაცის გუნდმა საშინელ, კენჭებიან მოედანზე ითამაშა და 0:0 ფრე წამოიღო, საშინაო არენაზე კი რამაზ შენგელიასა და ვლადიმერ გუცაევის გოლების წყალობით მოიგო და 1/8 ფინალში გავიდა.

დინამოს წილისყრაში ამ ეტაპზეც გაუმართლა და ირლანდიურ უოტერფორდს გადაეყარა. გასვლითი მატჩი დინამომ 5 ათასი გულშემატკივრის თვალწინ რამაზ შენგელიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო, საშინაო არენაზე კი გულშემატკივარს კარგი სანახაობა აჩუქა და სუსტ მეტოქეს 4:0 გადაუარა. ვიტალი დარასელიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ალექსანდრე ჩივაძემ და გიორგი ჭილაიამ გაიტანეს.
1/4 ფინალური ეტაპიდან დინამოს უკვე სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა. ინგლისის თასის მოქმედი გამარჯვებული ვესტ-ჰემი. ლონდონური გრანდი, რომელიც პრობლემების გამო იმ დროს ჩემპიონშიპში თამაშობდა. 1/4 ფინალურმა ეტაპმა უკვე 1981 წელს გადაინაცვლა, დინამოსთან დაპირისპირების დროს კი ვესტ-ჰემს უკვე განაღდებული ჰქონდა ელიტაში დაწინაურება. ახალკაცმა გუნდს 2 კვირიანი შეკრება გაატარა ხორვატიაში და როგორც აღმოჩნდა, ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც მეტოქისთვის იდეალურად მოამზადა.
1981 წლის 18 მარტს, ვესტ-ჰემის წინააღმდეგ ლონდონში გამართული მატჩი შეიძლება საუკეთესოა მათ შორის, რაც ქართულ გუნდს/ნაკრებს გასვლაზე ჩაუტარებია. დინამომ ვესტ-ჰემი 1:4 გაანადგურა, აჩვენა ძალიან დინამიური, სწრაფი და შემტევი ფეხბურთი, რის გამოც მატჩის დასრულების შემდეგ ვესტ-ჰემის გულშემატკივრებისგან ფეხზე ადგომით გაცილება და უდიდესი ოვაციები დაიმსახურა. პრესაც ცალკე ახმაურდა იმ ფენომენზე, რომელიც მათ საბჭოთა კლუბის თამაშისას ნახეს.

ანგარიში ალექსანდრე ჩივაძემ გახსნა (ჩემი აზრით საუკეთესო ქართული გოლი – ავტ. შენიშვნა). საჯარიმოს მისადგომებთან მან თავით ჩაჭრა პასი და ყიფიანს დაუგდო, კედელი გაითამაშა, თითქმის მთელი მოედანი გადაკვეთა და დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტი, ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი აიღო. ინგლისელები შოკში ჩავარდნენ – მაშინ ბრიტანეთში არ არსებობდა მცველი, რომელიც ფეხით ბურთთან 2-3 შეხებაზე მეტს გააკეთებდა, ჩივაძემ კი საკუთარი საჯარიმოდან ბურთი წამოიღო და ულამაზესი გოლი გაუტანა.
აქედან 6 წუთში, საჯარიმოდან წინ გადაგდებული ბურთი მცველმა უდიერად მოიგერია. ეშმაკურად ჩასაფრებულმა გუცაევმა მცველს ბურთი მოპარა და მეკარესთან პირისპირ გასულმა უპირატესობა გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე დინამომ კუთხურიდან საკამათო გოლი გაუშვა – გაბელიამ ბურთი ზედ კარის ხაზზე გააჩერა, მაგრამ მსაჯმა გოლი მაინც ჩათვალა.
სამართლიანობა მალევე აღდგა. რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა – ჯერ ძელიდან ასხლეტილ ბურთს დახვდა ფორვარდულად ცარიელი კარის წინ, მეორედ კი დავით ყიფიანის 60 მეტრიანი უზუსტესი პასი კარგად დაამუშავა და შორეულ ძელთან იდეალურად დაარტყა.
თბილისურ მატჩში დინამო 0:1 დამარცხდა, მაგრამ ეს საკმარისი ანგარიში იყო 1/2 ფინალში გასასვლელად. ბრიტანული და ევროპული პრესა დინამო თბილისზე წერდა და ლაპარაკობდა – ყველას მოსწონდა მფრინავი გუნდი, რომელსაც 184 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე თხელი, ელეგანტური აღნაგობის ლიდერი ჰყავდა, მეტოქის დაცვას არაფრად თვლიდა და ლონდონში 4 გოლის გატანა თავისუფლად შეეძლო.

ნახევარფინალში მეტოქედ დინამო თბილისს როტერდამის ფეინოორდი ერგო. ნიდერლანდების თასის გამარჯვებული იმ დროს გრანდი იყო და წყვილში ფავორიტად ითვლებოდა. თბილისურ მატჩში დინამომ ფეინოორდი გაანადგურა. თენგიზ სულაქველიძემ კარიერის მატჩი დადო და დუბლი! შეასრულა – ერთი გოლი თავით, ერთიც ინდივიდუალური, ძალიან მოულოდნელი დრიბლინგის შემდეგ. ერთიც ვოვა გუცაევმა დაამატა – მცველის შეცდომებს ყველაზე კარგად ის კითხულობდა და ამჯერადაც მისი გოლით გახდა ანგარიში 2:0.

ნიდერლანდურ მატჩში დინამოს ძალიან გაუჭირდა, დიდწილად საშინელი მსაჯობის გამო. ავსტრიელმა არბიტრმა, ფრანც ვიორერმა დინამოს არ დაუდო 2 თერთმეტმეტრიანი და 3-ჯერ გოლი არ ჩაგვითვალა (2 შენგელია, 1 გუცაევი). საპირისპიროდ, ჩვენს კარში საკამათო გოლიც ჩათვალა და ერთი პენალტიც დაგვიდო. საბედნიეროდ, დინამომ მეტოქისა და მსაჯის ზეწოლას გაუძლო. ოთარ გაბელიას მონათხრობის თანახმად, ფეინოორდის მთავარი მწვრთნელი, ჩეხი ვაცლავ იეჟეკი, მატჩის შემდეგ გასახდელში შევიდა და ახალკაცს მსაჯობის გამო მოუბოდიშა, ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ კი ფრანც ვიორერი 6 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. საბედნიეროდ, სამარცხვინო მსაჯობას დინამო გადაურჩა, საშინაო არენაზე მოგებული 3:0 საკმარისი აღმოჩნდა და გუნდმა ფინალში გააღწია.

მთავარ მატჩში დინამოს მეტოქედ “გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის” წარმომადგენელი გუნდი, იენის კარლ-ცეისი ერგო, ფინალი კი “გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში”, ქალაქ დიუსელდორფში ტარდებოდა. ბუნებრივია, რომ ჩაკეტილი სოციალისტური ქვეყნებიდან გულშემატკივრობის მსურველთა აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ვერ დაესწრო, მხოლოდ მთავრობის მიერ რჩეული საზოგადოება. სამწუხაროდ, ფინალურ მატჩს ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ 5000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, რაც იმის ბრალია, რომ ერთმანეთს “კაპიტალისტური ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალისტური ბანაკის” ორი გუნდი დაუპირისპირდა.
რაც შეეხება იენის კარლ-ცაისს, ის ახლა არ გამოიყურება დიდ ძალად, მაგრამ მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო. იმ გუნდში “გდრ”-ის ძალიან ძლიერი ნაკრების 8 ფეხბურთელი თამაშობდა. გზად კარლ-ცაისმა ასპარეზობას ისეთი დიდი გუნდები გამოთიშა, როგორებიც იყვნენ რომა, ვალენსია და ბენფიკა. შესაბამისად, როგორც ყველა ფინალის წინ, აქაც ფავორიტის დასახელება რთული იყო.
დინამოს მძიმე დანაკლისი ჰქონდა – დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ მცველები, დავით მუჯირი და შოთა ხინჩაგაშვილი, თუმცა ისინი ნოდარ ხიზანიშვილმა და გია თავაძემ ძალიან კარგად ჩაანაცვლეს.

მატჩი ისეთი გამოვიდა, როგორც ფინალების უმეტესობა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, თუმცა მომენტები შეიქმნა. ორჯერ დინამო მაგრად გადარჩა – ერთხელ გაბელიამ იხსნა დინამო, მეორედ კი გერმანელთა ათიანმა ვერ შეაგდო ცარიელ კარში თავით დარტყმული ბურთი.
სამწუხაროდ, მატჩის 63-ე წუთზე დინამოს მეტოქის კონტრ-იერიში გაეპარა და გერჰარდ ჰოპემ ანგარიში გახსნა. ფინალში, ასეთ დროს გოლის გაშვება, ხშირად წაგების ტოლფასია, მაგრამ დინამო გონს მალევე მოეგო.

გაშვებული გოლიდან 3 წუთში საკუთარი საჯარიმოდან დაიწყო შეტევა ალექსანდრე ჩივაძემ, (ამ დროს ჩვენ კადრში ნუკრი კაკილაშვილს ვხედავთ, რომელსაც მსაჯი ბუცებს უმოწმებს და ვაგრძელებთ მოედნის კადრიდან, როცა შენგელია უკვე მეორე მეტოქეს ატყუებს) რომელიც რამაზ შენგელიამ მოედნის ცენტრიდან დრიბლინგით გააგრძელა, ორი მცველი მიიზიდა და გუცაევს კარგ პოზიციაში გაუკეთა პასი. როგორც ჩვეოდა, გუცაევმაც საჭირო დროს იდეალურად დაარტყა, მეკარეს ახლო კუთხეში შეუგდო და ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა. სწრაფმა გოლმა დინამოს წნეხი მოხსნა და თამაშზე კონტროლი სრულად აიღო.

მატჩის მიწურულს, როცა უკვე თითქმის ყველა შეგუებული იყო იმ აზრს, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, ვიტალი დარასელიას ვარსკვლავური მომენტი დადგა. დარასელიამ საჯარიმოს სიახლოვეს ყიფიანისგან პასი მიიღო. ბურთი ჯერ მარცხნივ წაიღო, თუმცა პუაზა, ერთი მცველი დააწვინა და მარჯვენაზე გადმოიტანა. ყველა დარტყმას ელოდა, როცა დარასელიამ მეორე პაუზა გააკეთა და მეორე მცველიც დააწვინა. საჯარიმოდან მისკენ მომავალი მესამე მცველი თანაგუნდელთა დაზღვევას აპირებდა, როცა ტანის ჭკვიანური მოძრაობით ნუკრი კაკილაშვილმა გადაკეტა, ვიტალიმ კი მეკარისგან დაბალ მარცხენა კუთხეში გაიტანა. 86-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახდა და დინამო ტიტულს მიუახლოვდა.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ოთარ გაბელიამ ბურთი ძლიერი დარტყმით წინ მოიგერია, დავით ყიფიანმა კი ორთაბრძოლის პროცესში შეძლო გრძელი პასის მიღება, ბურთის დამუშავება, მცველს თავზე გადაუგდო და კისერზე გაიჩერა. გერმანელმა მცველმა ყიფიანი მოქაჩა და დაჯარიმდა. ეს მომენტი ამ გუნდის თავდაჯერებულოსა და ხასიათს ასახავს – ფინალია, 1 ბურთით იგებ და თამაში რამდენიმე წამში დამთავრდება. იმის ნაცვლად რომ გუნდი თავის საჯარიმოში ჩაიკეტოს, მეტოქის საჯარიმოსთან გუნდის 10-იანი მეტოქე მცველს ბურთს თავზე უგდებს და კისერზე შემოგდებული რამდენიმე მეტრს გაივლის.

“და აი, რიკარდო ლატანცის სასტვენიც….”. ლეგენდარული კოტე მახარაძის ამ სიტყვების შემდეგ (რომელსაც ზემოთხსენებული სამწუხარო გარემოებების გამო მატჩის კომენტირება რუსულ ენაზე უწევდა) საქართველო დაინგრა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმი გაჩაღდა. იმ უბედურ ყოფაში დინამო თბილისის მიერ ევროპული ტიტულის მოგება ის იშვიათი სიხარული იყო, რომელიც ქართველმა ხალხმა შეიგრძნო და ამაყობდა.
ამ ტრიუმფის შემდეგ ნოდარ ახალკაცის დინამო მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს ტურნირზე თვით მადრიდის რეალმა დაპატიჟა, სადაც გუნდი მასპინძელთან დამარცხდა 3:2, მესამე ადგილის მატჩში კი, როცა მიუნხენის ბაიერნს 2:1 უგებდა, გერმანული კლუბი მოედნიდან გავიდა. დინამომ ესპანეთში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რამაზ შენგელია კი მთავარი ბომბარდირი.

შეიძლება მადრიდის ტურნირი ზენიტი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დინამოს დაღმასვლა სწორედ იქედან დაიწყო. რეალის მცველმა, ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი მოტეხა. ამის შემდეგ ქართველ ლეგენდას მწვრთნელთან და ხელმძღავენელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, 1982 წლის მსოფლიოზეც არ მიჰყავდათ და სამწუხაროდ, კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. როგორც აღმოჩნდა, ნოდარ ახალკაცმა სელექცია ამჯერად არც თუ ისე სწორად გააკეთა, როცა გუნდიდან თითქმის ერთდროულად გაუშვა შოთა ხინჩაგაშვილი, რევაზ ჩელებაძე, თამაზ კოსტავა, ოთარ გაბელია და სხვები. ახალგაზრდებმა ისინი ისე ვერ ჩაანაცვლეს, როგორც მწვრთნელი ვარაუდობდა. მთავარი კატასტროფა კი 1982 წლის 13 დეკემბერს დატრიალდა – ვიტალი დარასელია, ყველაზე დიდი და მთავარი ქართული გოლის ავტორი, 25 წლის ასაკში ავტო-კატასტროფაში დაიღუპა და დინამოც დიდი ხნით დაეშვა ფსკერზე.
1976-1981 წლების დინამო თბილისი იყო გუნდი, რომელმაც ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით მოიგო თითქმის ყველა შესაძლო ტიტული, რომლის მოგებაც შეიძლებოდა. შედეგიანობასთან ერთად, დინამო იყო გუნდი, რომელიც ძალიან ტექნიკურ, შემტევ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობდა. ვოვა გუცაევის, დავით ყიფიანის, ვიტალი დარასელიას, ალექსანდრე ჩივაძის, რამაზ შენგელიასა და მანუჩარ მაჩაიძის მსგავსი ტექნიკური მოთამაშეების გამო მაყურებელი სტადიონს ყოველთვის ავსებდა და ასე იყო გასვლით მატჩებზეც. დროის ამ ხუთწლედში დინამო თბილისი ევროპაში თამაშებზე საშუალო დასწრებით მეოთხე ადგილზე იყო – ახალკაცის გუნდს მთელი წლის განმავლობაში თვალ-ყურს პირდაპირ საშუალოდ 70 ათასამდე გულშემატკივარი სტაბილურად ადევნებდა.
სამწუხაროდ, იმ დიდი გუნდის ბევრი წევრი უკვე გარდაცვლილია. ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მყარად დგანან და იმედია, კიდევ დიდ ხანს იცხოვრებენ ლეგენდების სტატუსით.
ნოდარ ახალკაცის დინამო ის უკვდავი ლეგენდაა, რაც ქართული ფეხბურთისთვის მიუღწეველ ოცნებად და მთავარ საზომად რჩება.
დღეს 13 მაისია – დღე, როცა ქართველმა ხალხმა ყველაზე მეტად გაიხარა!












