25 ივნისის საღამოს სესიისას ,,ევრო 2024″-ის მესამე ტურის მატჩები C ჯგუფში გაიმართა.
დანიისა და სერბეთის ნაკრებები ერთმანეთს საბრძოლო შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ. 2 ნათამაშები ფრის შემდეგ, დანიელები საყაიმო ანგარიშითაც გადიოდნენ შემდეგ ეტაპზე, ბალკანელებს კი მხოლოდ მოგება აწყობდათ.
მატჩი დაძაბული გამოვიდა. სერბები მთავარ პლიუსს, სიმაღლესა და ათლეტურ ფორვარდებს ვერ იყენედნენ, რადგანაც ვიკინგური წარმომავლობის დანიელებსაც სიმაღლე და ჯანი არ აკლიათ. სკანდინავიელებმა უფრო მეტი მომენტი შექმნეს და მატჩს აკონტროლებდნენ. მატჩის მიწურულს სერბები რისკზე წავიდნენ და ყველა შემტევი შემოიყვანეს, რამაც საქმეს ვერ უშველა, რადგანაც ნორმალურად ჩაწოდება, კუთხურის ან სტანდარტულის გამომუშავება, სერბებმა ფიზიკურად ვერ მოახერხეს. ნულოვანი ფრით დანია შემდეგ ეტაპზე გავიდა, სერბეთი კი უსახელოდ დაემშვიდობა ტურნირს.

მეორე შეხვედრაში პრესის მიერ ,,გადათელილი” ინგლისი სლოვენიას დაუპირისპირდა და მატჩის სურათით თუ ვიმსჯელებთ, საუთგეიტისა და მისი სუპერ-სახელების მქონე გუნდის კრიტიკა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მწვავედ გაგრძელდება. სლოვენიელებს ფრეც აძლევდათ ხელს, ინგლისელებმა კი, რომელთაც შეტევაში ჰარი კეინი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა და ჯუდ ბელინგები ჰყავთ სლოვენიის ნაკრებს კარში მხოლოდ 3-ჯერ დაურტყეს. შემადგენლობის მხრივ, უფრო ცუდიცა და უფრო კარგი ინგლისის ნაკრებები გვინახავს, მაგრამ ასეთი ,,უფხო” და ,,ულაზათო” გუნდი ამ ნაკრების ისტორიაში რთული მოსაძებნია.

აღნიშნული ფრის შემდეგ, სამწუხაროდ დასამარდა საქართველოს ნაკრების საყაიმო ანგარიშით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები. პრაგმატულად რომ შევხედოთ, ინგლისმა ჯგუფში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და იღბლის თუ სწორი მიდგომის წყალობით, თავი უფრო მარტივ ბადეში ,,ჩაისვა”. ვფიქრობ, საპლეიოფო ეტაპი, საუთგეიტისა და მის გუნდში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელის სანაკრებო მომავალს გადაწყვეტს, სლოვენიელებმა კი სამი ფრით ჯგუფიდან გასვლა დაიმსახურეს.











