Centered Image

არლინგტონში საოცარი მეოთხედფინალი ვიხილეთ

კოპა ამერიკა ეს არის – უკვე ისე ხდება, რომ ,,ნამდვილ ფეხბურთს” ოკეანის მიღმა თუ ვნახავთ.

კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშების მეორე მეოთხედფინალური მატჩი ტექსასის შტატში, არლინგტონში გაიმართა. ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი აღმოჩენა, ვენესუელასა და დებიუტანტი კანადის ნაკრებები უპირისპირდებოდნენ.

გულშემატკივარმა საოცარი მატჩი იხილა. სხვა მეოთხედფინალებთან შედარებით, შეიძლება აფიშა ისე არ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს იყო ,,ნამდვილი ფეხბურთი”, რომელიც ,,ელიტარულ ეშელონებში” თითქმის უკვე გამქრალია.

უამრავი მომენტი ორივე მხარეს, ლამაზი ფინტები, ტექნიკური ელემენტები, ბრძოლა, ჟინი და თავისუფალი თამაში. ამას ხელს უწყობდა ის ფაქტიც, რომ ორივე გუნდს პროგრამა მინიმუმი ასე თუ ისე უკვე შესრულებული ჰქონდა და დასაკარგი ბევრი არაფერი იყო. ამიტომაც ითამაშეს ასე თავისუფლად და საოცრად ლაღი ფეხბურთი ვიხილეთ.

სტარტზე კანადის ნაკრები დომინანტურად გამოიყურებოდა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შეიქმნა. მასირებულმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და ანგარიში კანადელთა მარცხენა ვინგერმა, ჯეიკობ შაფელბურგმა მე-13 წუთზე გახსნა.

გაშვებულმა გოლმა ვენესუელა გამოაფხიზლა და ამჯერად თვითონ დაცხრილა მეტოქე მომენტებით.

პირველმა ტაიმმა ასე ჩაიარა და მეორე ტაიმის სტარტიდან მომენტი-მომენტზე ორივე მხარეს იქმნებოდა. ვენესუელას გასატანი ჰქონდა და რისკავდნენ კიდეც, კანადელებს კი რამდენიმე სახიფათო კონტრ-იერიში ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს.

65-ე წუთზე კანადელებმა კუთხური მოაწოდეს, ვენესუელელებმა მოიგერიეს და წინ რონდონი ერთადერთ მცველთან ერთად გარბოდა, როცა ფიზიკური დუელი მოუგო და მოედნის ცენტრიდან კარში დაარტყა! დაარტყა და გაიტანა! დაინახა წინ მყოფი მეკარე და მოედნის ცენტრიდან გაიტანა! ვენესუელელთა კაპიტანს ულამაზესი გოლი გამოუვიდა.

თანაბარ ანგარიშს თამაშის დამშვიდების ნაცვლად, გუნდების კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა. შემტევები მომენტებს ანიავებდნენ, მცველები ბლოკავდნენ, მეკარეები კი იგერიებდნენ – მოკლედ ,,ორგანიზებული ქაოსი” იყო. ისეთი თამაში იყო, რომელიც არ გინდა რომ დამთავრდეს.

საბოლოოდ საქმე მაინც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.

ვენესუელელები პირველები ურტყამდნენ. ესენი იყვნენ: რონდონი, ერერა, რინკონი, სავარინო და კადისი. მათდა სამწუხაროდ, ერერასა და სავარინოს ნერვებმა უმტყუნა და 5 მცდელობიდან 2 თერთმეტმეტრიანი გაცუდდა.

კანადელთაგან 5 დარტყმა დევისმა, მილარმა, ბომბიტომ, ეუსტაქიომ და კაპიტანამ დევისმა შეასრულეს. მილარსა და ეუსტაქიოს სიზუსტემ უმტყუნა და ძირითადი ხუთიდან კანადელებმა სამი თერთმეტმეტრიანი გაიტანეს.

5-5 დარტყმის შემდეგ 3-3 გატანილი თერთმეტმეტრიანი და სერია პირველ მნიშვნელოვან აცილებამდე, ,,ნერვების ომამდე” მივიდა.

ვენესუელელმა მცველმა, ცვლილებაზე გამოსულმა ვილკერ ანხელმა პენალტი გააცუდა. მეკარე მაქსიმ კრეპო მშვენიერი იყო და თავის გუნდს უდიდესი შანსი მისცა.

კანადელთაგან ბურთთან ასევე ცვლილებაზე გამოსული ცენტრალური ნახევარმცველი ისმაელ კონე მივიდა, მეკარე მოატყუა, პენალტი გაიტანა და კანადა თავის სადებიუტო კოპა ამერიკაზე ნახევარფინალში გაიყვანა.

საოცარი შეხვედრა გამოვიდა. ვენესუელამ, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო, ტურნირის აღმოჩენა გამოდგა და გულშემატკივართა დიდი სიმპატია დაიმსახურა. კანადის ნაკრების ყოველი მატჩი კი მათთვის ისტორიულია და ჯერჯერობით ზღაპარში არიან. ჩრდილოეთ ამერიკელებს ნახევარფინალში დაპირისპირება უკვე ნაცნობ მეტოქესთან, არგენტინის მრისხანე ნაკრებთან მოუწევს, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე 2-0 ერთხელ უკვე დამარცხდა. ამჯერად კანადელები უფრო თავისუფლად ითამაშებენ და თავდაჯერებულობაც მეტი ექნებათ. რა თქმა უნდა ნებისმიერ გარემოებაში, ალბისელესტე ფავორიტია.

ბრავო კოპა ამერიკას – როგორც იქნა სადღაც ,,ნამდვილი ფეხბურთი” ვიხილეთ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading