Centered Image

დიდი იმედგაცრუება – გარდენის ბინადრები გავარდნენ

ფილადელფიამ ისტორიაში მე-14 ფაქტი დააფიქსირა, როცა სერია 3-1 ანგარიშიდან სათავისოდ შემოაბრუნა.

NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეიოფო სერიებში მოვლენები ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად ვითარდება. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსს გადამწყვეტი, მე-7 მატჩი კლივლენდთან ელოდება, გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა კი მე-6 მატჩში 22 ქულიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვა და გადამწყვეტ მატჩს დეტროიტში ითამაშებს. მხოლოდ ნიუ იორკ ნიქსმა შეძლო 6 მატჩში სერიის დასრულება და 4-2 მოიგო.

სასწაული ფილადელფია 76-ერსმა შექმნა. ბოსტონ სელტიკსთან გუნდი სერიაში 3-1 მარცხდებოდა და საბოლოოდ, 4-3 მოიგო. ამ 4 გამარჯვებიდან ფილადელფიამ 3 “TD Garden”-ში მოიგო, რაც ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. ასევე ფილადელფია გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 3-1 დაწინაურების შემდეგ ბოსტონ სელტიკსს სერია შემოუტრიალა. აქამდე არსებული მსგავსი 32 შემთხვევიდან სელტიკსი ყოველ ჯერზე გადიოდა შემდეგ ეტაპზე.

სელტიკსისთვის ცუდად საქმე იმით დაიწყო, რომ სამედიცინო შტაბის რჩევით მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც მიკრო ტრავმა მე-6 მატჩში მიიღო. შესაბამისად, ლიდერობა ჯეილენ ბრაუნსა და დერიკ უაითს მოუწიათ, რომლებმაც ფილას ლიდერებისგან განსხვავებით თავი ამ საქმეს მთლად კარგად ვერ გაართვეს.

სტუმრებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 13 ქულიანი სხვაობით მოიგეს, მაგრამ სელტიკსმა მე-2 მეოთხედში ბალანსი აღადგინა და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 5 ქულიანი სხვაობით გავიდა. მე-3 პერიოდში ისევ ფილადელფია გაიქცა და მე-4 პერიოდის სტარტზე 18 ქულიანი უპირატესობითაც კი იგებდა, მაგრამ სელტიკსმა დიდი გაქცევა მოაწყო და 4 წუთით ადრე მეტოქეს 1 ქულიან სხვაობაში მიუახლოვდა. საბოლოოდ, ბოსტონმა დარჩენილ დროში ვეღარაფერი ჩააგდო, როცა საპირისპიროდ ტაირის მაქსიმ გადამწყვეტი 6 ქულა აიღო და ფილადელფიას გამარჯვება, 109:100 დააფიქსირა.

ჯოელ ემბიიდი, რომელმაც მთელი მატჩი ტრავმით ითამაშა, დიდ გასაჭირში იყო. კამერუნელი არაერთხელ გახდა ხისტი თავდასხმების მსხვერპლი, რის გამოც მატჩის მიწურულს ემბიიდი, ფაქტიურად უკვე ვეღარც დადიოდა ნორმალურად. ამის მიუხედავად, კამერუნელმა 34 ქულა, 12 მოხსნა და 6 აკრიფა საკმაოდ მაღალი პროცენტით.

თითქმის უნაკლო მატჩი ჩაატარა ტაირის მაქსიმ – ფილას ნულიანის ანგარიშზე 30 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი იყო. მაქსიმ ქულათა მნიშვნელოვანი ნაწილი მე-2 ტაიმში, კიდევ უფრო მეტად კი “ქლატჩ” პერიოდში აკრიფა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ეს ყველაფერი იმ პირობებში, რომ მხოლოდ 3 წუთით დაისვენა.

საუხოოდ ითამაშა ახალწვეულმა ვი ჯეი ეჯეკომბმა და ბოსტონს 23 ქულა ჩაუგდო. კლასიკური 13 ქულაც საქმეს ჯორჯმა დაამატა, მაგრამ რაც მთავარია, ორივენი დაცვაში თამაშობდნენ ფანტასტიურად.

სელტიკსს ლიდერად ამ მატჩში ცუდი სეზონისა და უფრო ცუდი პლეი-ოფების მქონე დერიკ უაითი მოევლინა. უაითმა პირველი პერიოდი 16 ქულით დაიწყო, საბოლოოდ მატჩი კი 26 ქულით, 6 მოხსნით, 4 პასითა და 3 დაფარებით დაამთავრა, თუმცა 26 სროლიდან მხოლოდ 9 ჩააგდო. იგივე ვითარება იყო ჯეილენ ბრაუნის შემთხვევაშიც – 33 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება, მაგრამ 27 მცდელობიდან ჩაგდებული 12 სროლა და 3 დაკარგვა. 17 ქულითა და 12 მოხსნით ძალიან კარგი იყო ნიიმეს კეტა, რომელმაც თამაში სკამიდან დაიწყო. სხვა რეგულარ მოთამაშეებს თამაში ძალიან არ წაუვიდათ – სელტიკსს მხოლოდ 27% ჰქონდა პერიმეტრიდან, რამაც განსაზღვრა კიდეც დიდწილად მასპინძლეთა მარცხი.

მართალია, ძალიან გადაღლილმა და ჯოელ ემბიიდ დამტვრეულმა, მაგრამ ფილადელფიამ მოახერხა და 1983 წლის შემდეგ ბოსტონ სელტიკსს სერია მოუგო. წინ მათ ნიუ იორკ ნიქსი ელოდებათ, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ყველა პირობის გათვალისწინებით, ამ სერიაში ფავორიტებად ითვლებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading