Centered Image

,,ატლეტიკოს” პირველი ხმაურიანი შენაძენი

სიმეონეს ,,რებილდინგში” დოვბიკი პირველი შენაძენია.

მას შემდეგ, რაც მადრიდის ,,ატლეტიკომ” ალვარო მორატა მილანში გაუშვა, ბუნებრივი იყო, რომ გუნდი ახალი ფორვარდის ძიებას დაიწყებდა. სიმეონე შორს არ წასულა და კანდიდატი იქვე, ესპანეთში შეარჩია.

კატალონიური ,,ჟირონას” ფორვარდი და ,,ლა ლიგის” ბომბარდირი, არტიომ დოვბიკი, მომავალი სეზონიდან კარიერას ათლეტების რიგებში გააგრძელებს. მადრიდებმა მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა, 40 მილიონი ევრო გადაიხადეს. ,,ატლეტიკოს” სურდა ეს თანხა დროში გაწელილად გადაეხადა, მაგრამ კატალონიელებმა დაჟინებით მოითხოვეს თანხის სრულად დაფარვა და სასურველიც მიიღეს. დოვბიკი გასულ სეზონში პრიმერა დივიზიონის ბომბარდირი გახდა 24 გატანილი გოლით და ამას 8 საგოლე პასიც დაუმატა. ის უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პირველი ბომბარდირია, რომელიც ,,რეალის” ან ,,ბარსელონას” ფეხბურთელი არ იყო.

მიმდინარე ზაფხულში დოვბიკი ათლეტების პირველი შენაძენია და დიდი ალბათობით, უკანასკნელიც არ იქნება. ,,ატლეტიკომ” კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა მარიო ერმოსოს, გაბრიელ პაულისტასა და მემფის დეპაის. ,,ფენერბაჰჩეში” გაასხვისეს ჩაღლარ სოიონჯუ, საულ ნიგეზი კი, უკვე დიდი ხანია სიმეონეს გეგმებში აღარ ჯდება და არენდით ,,სევილიაში” გაუშვეს, სადაც მისი გამოსყიდვის უფლება ანდალუსიურ კლუბს უფასოდ ექნება.

ამიტომაც უნდა ვივარაუდოდ, რომ ,,უკრაინელი მანქანა” არ იქნება უკანასკნელი შენაძენი. მადრიდელები ძალიან აქტიურად მუშაობენ ,,რეალ სოსიედადიდან” ესპანეთის ნაკრების ორი ფეხბურთელის, რობინ ლე ნორმანისა და მიკელ მერინოს გადაბირებაზე. ასევე როტერდამის ფეიონოორდთან სლოვაკი ,,დავიდ განცოს” შეძენაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მთავარი სამიზნე, ,,მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი, ხულიან ალვარესია, თუმცა ამ ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან გაჭირდება. მართალია, ალვარესი ,,სიტიში” თავის როლით, ძალიან ლოგიკურად კმაყოფილი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ მანჩესტერელები 100 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც ,,ატლეტიკოსთვის” ძალიან დიდი თანხაა. პრობლემა ასევე იქნება ალვარესის ,,ინგლისური” ანაზღაურება.

თავის მხრივ, გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ,,ჟირონას” ის მოუვიდა, რაც მსგავს ვითარებაში მყოფ გუნდებს მოსდით ხოლმე. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს აპირებს, მაგრამ ლიდერები დაკარგეს: ალეიშ გარსია ,,ბაიერში” წავიდა, სავიო ,,მანჩესტერ სიტიში”, იან კოუტუსა და ერიკ გარსიას საარენდო ხელშეკრულებები ვერ გაუგრძელეს, ახლა კი მთავარი ბომბდამშენი, დოვბიკიც დაკარგეს. რამდენიმე ახალმა სახელმა მათ რიგებში გაიჟღერა, მაგალითად დონი ვან დე ბეეკმა, მაგრამ ეს ღირსეული ჩანაცვლება ვერ ჩანს.

ვნახოთ რა იქნება – პატარა გუნდები, სამწუხაროდ, ისევ განწირულები ჩანან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading