“პსჟ-ზე” მომუშავე მარკეტოლოგები, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჯერ ორი, შემდეგ კი ერთი ფეხბურთელის არჩევას და მხოლოდ მის პიარზე აქცენტის გაკეთებას გეგმავენ.
Le Parisien-ის ცნობით, გუნდში ხვდებიან, რომ მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოპოვების ათი კანდიდატიდან, რომლებიც “პსჟ-ში” ასპარეზობენ, აქცენტი გუნდმა მხოლოდ ერთზე უნდა გააკეთოს. კლუბში თვლიან, რომ ასე მოიქცა “ბაიერნი”, რომელმაც კეინი ოლისეს ამჯობინა, ასევე “ბარსელონაც” გასულ სეზონში, იმით, რომ იამალი რაფინიაზე მაღლა დააყენა. ეს არჩევანი არ ნიშნავს, რომ გუნდში რომელიმე ფეხბურთელს სხვაზე ნაკლებად აფასებენ, არამედ გულისხმობს, რომ ერთი კანდიდატის გამოყოფა კლუბს, ჯილდოს აღების შანსს გაუზრდის.
ბუნებრივი ფილტრაციის შედეგად, ამ ათს შორის, “პსჟ-მ” აარჩია სამი ყველაზე რეალური – კვარაცხელია, დემებელე და რუისი. ამ უკანასკნელს, მიუხედავად წარმატებული როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო სეზონისა, აკლია თვალში მოსახვედრი სტატისტიკური კომპონენტები იმისათვის, რომ მან ოქროს ბურთისთვის ბრძოლა სერიზულად შეძლოს. შესაბამისად, არჩევანი დემბელესა და კვარას შორის უნდა გაკეთდეს.
გამოცემა მიიჩნევს, რომ დემბელეს პასუხი მბაპეს სიტყვებზე (ტალანტთან და შრომისმოყვაეობასთან დაკავშირებით), უკვე შეიძლება ჩაითვალოს ამ პიარ კამპანიის დასაწყისად. მარკეტოლოგების ამ არჩევანში, დიდი, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი მიენიჭოს გუნდის უახლოეს თამაშს “მარსელის” წინააღდეგ. თუ ამ შეხვედრაში, დემბელე-კვარას დუეტიდან რომელიმემ მეორეზე შესამჩნევად უკეთესი ციფრები დააფიქსირა, ფრანგულ და არამხოლოდ ფრანგულ მედიასივრცეში სწორედ ამ ფეხბურთელისკენ მიმართულ “აგრესიულ მარკეტინგს” უნდა ველოდოთ.
პარიზელები, “მარსელთან” მატჩს 20 სექტემბერს, “ველოდრომზე” ჩაატარებენ.










