Centered Image

დინამო თბილისი დამაჯერებელია

ქეცბა “თურმე მართლა მაგარი ყოფილა”.

უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მე-2 რაუნდში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი დინამო თბილისი ვილნიუსის ჟალგირისს გადაეყარა. საბედნიეროდ, გორის დილას “წარუმატებელი” თამაშის შემდეგ დინამოელებმა გულშემატკივრებს ხასიათი გამოუკეთეს და მეტოქე ძალიან დამაჯერებელი, დინამიური და სანახაობრივი ფეხბურთით 3:0 დაამარცხეს.

ქართულმა გრანდმა მეტოქე თითქმის ყველა ასპექტში დაჯაბნა, ბევრი სანახაობრივი მომენტიც შექმნა, 3 გოლი გაიტანა და უნდა ვაღიაროთ, რომ მეტის გატანაც შეეძლო. ისევ ძალიან კარგი იყო თორნიკე კვარაცხელია, რომელიც მინდორზე ამჯერად პირველივე წუთებიდან გამოჩნდა. იყო ძალიან აქტიური, სანახაობრივი და დინამიური. მართალია, საგოლე მოქმედება ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახვია, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ ქეცბას გაწვრთნილ დინამოზე დიდი გავლენა აქვს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ თორნიკე ძმის მსგავსად ტექნიკური, სანახაობრივი მოთამაშეა და გულშემატკივრებს თავი უკვე შეაყვარა.

ანგარიში მე-14 წუთზე, კუთხურის შემდეგ გაიხსნა. ლეო სანტოსმა მეკარეს პირისპირ აუღო, მაგრამ იმავე შეტევაში მოწოდებული კუთხურის შემდეგ ლიტველთა კიპერი ცუდად გამოვიდა და ცენტრალურმა მცველმა, ნუმან კურდიჩმა ბურთი კარში თავით გადაგზავნა.

26-ე წუთზე სანდრო კალანდაძემ ლეო სანტოსს ძალიან მაგარი გრძელი გადაცემა გაუკეთა და მეკარესთან პირისპირ დატოვა. მართალია, ჟალგირისის მეკარემ, ვინსენტას შარკაუსკასმა სანტოსს პირველი დარტყმა აუღო, მაგრამ ბრაზილიელმა დამატებაზე ითამაშა და დინამოს უპირატესობა გაზარდა.

4 წუთში მაქსიმ ტეიშეირამ ძალიან ტექნიკური თამაშის შემდეგ ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ნიკა ნინუამ სახელოვანი ცაციათი ძალიან მაგრად დაარტყა. შარკაუსკასმა ეს ბურთი სასწაულით მოიგერია, როცა დინამოს მე-2 ცენტრალურმა მცველმა, ნიკოლოზ უგრეხელიძემ ყველას დაასწრო, გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში იქ დააფიქსირა.

დინამოს მომენტები მე-2 ტაიმშიც ჰქონდა, მაგრამ გოლი არ გავიდა. როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, გუნდს რეალიზაციის პრობლემა მართლაც აქვს და ეს საკითხი გამოსასწორებელია. სხვა მხრივ გუნდის თამაში იდეალურთან მიახლოებული იყო. დინამომ მეტოქის კარისკენ 16-ჯერ დაარტყა და აქედან 10-ჯერ კარში. უმეტესად გუნდი ამას სწრაფი იერიშების დროს ახერხებდა. ამას მასპინძლის 47%-იანი ბურთის ფლობის სტატისტიკაც ადასტურებს.

საპასუხო შეხვედრას ჟალგირისი ვილნიუსში 30 ივლისს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება. იქამდე თემურ ქეცბაიას გუნდს 26 ივლისს საქართველოს თასზე მოუწევს თამაში, სადაც ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდება.

წარმატებები თბილისის დინამოს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading