გადამწყვეტ მატჩში ქართველი გულშემატკივრებისთვის რთული მატჩი იყო – თორნიკე მანუჩარის წინააღმდეგ.
საკალათბურთო ევროლიგაზე პლეი-ინის ეტაპიც დასრულდა. მე-8 პოზიციაზე გამსვლელი მატჩისთვის ერთმანეთის მეტოქეები ქართველების გუნდები აღმოჩნდნენ. მონაკო, რომლის მთავარი მწვრთნელიც მანუჩარ მარკოიშვილია თორნიკე შენგელიას ბარსელონას მასპინძლობდა. საბოლოოდ და სრულიად დამსახურებულად, მონაკომ 8 კაციანი როტაციით ბარსელონა 79:70 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მანუჩარ მარკოიშვილისთვის ეს უდიდესი მიღწევაა.

მონაკოს მაიკ ჯეიმსმა ამჯერადაც იდეალურად ულიდერა. უნდა ითქვას, რომ კარიერის ამ ეტაპზე, სწორედ მანუჩარის ხელში თამაშობს ჯეიმსი ყველაზე გუნდურად და გონივრულად. მის ანგარიშზე 13 ქულა, 10 პასი და 3 მოხსნა იყო 50+ პროცენტით თამაშიდან. MVP ჯეირონ ბლოსომგეიმი გახდა 11 ქულით, 10 მოხსნითა და 3 პასით, რამაც საბოლოოდ მას +23 ვალიდობა მოუტანა.

თორნიკე შენგელია ბარსელონას მხრიდან ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო იყო. ბარსელონა 17 ქულითაც კი აგებდა მე-2 ნახევრის სტარტზე, მაგრამ მე-3 პერიოდი თოკომ საუცხოოდ ჩაატარა და მატჩის ბოლომდე სხვაობა 4 ქულამდეც კი შემცირდა. ჩვენმა კაპიტანმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა გააკეთა, რამაც +19 ვალიდობა მოუტანა – ეს ბარსას რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. 16 ქულითა და 7 მოხსნით ასევე კარგი იყო უილ კლაიბერნი, მისი ბევრი აცილება და 4 შეცდომა გუნდს ძვირად დაუჯდა.

მონაკომ და მანუჩარმა პლეი-ოფის საგზური დაიმსახურეს. ქართველი მწვრთნელი რეგულარული სეზონის დასკვნით ნაწილში მთავარ მწვრთნელად იმ დროს დაინიშნა, როცა მონაკოს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამდენიმე კალათბურთელმა გუნდი დატოვა, ნაწილი კი ტრავმირებული იყო. საბოლოოდ, 8 კაციანი როტაციით უმძიმეს კონკურენციაში, მანუჩარმა მოახერხა და გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა.

აი პლეი-ოფში საქმე ბევრად უფრო რთულად იქნება და ეს ლოგიკურიცაა. მონაკოს მეტოქე ოლიმპიაკოსი იქნება – გუნდი, რომელსაც ყველა ლიდერი გამოუჯანმრთელდა და ფაქტიურად, სუსტი წერტილი არ აქვს. 3 მოგებამდე გასამართ სერიაში მანუჩარსა და მის შეგირდებს მძიმე ბრძოლები ელის, თუმცა მონაკომ დაამტკიცა, რომ ყველასთან თამაში შეუძლია – თუნდაც მძიმე პირობებით.

წარმატებები მანუჩარ მარკოიშვილს!
წარმატებები თოკო შენგელიას – მისთვის სეზონი უკვე მხოლოდ ესპანეთის ACB ლიგაში გაგრძელდება.










