ტუხელის ინგლისი სხვანაირად გამოიყურება – კლასიკური, მოსაწყენი ინგლისის ნაცვლად უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქმეში უკვე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ინგლისის ნაკრები ჩაერთო. “ფეხბურთის სამშობლოს” წარმომადგენლებს ამჯერად მეტოქედ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული, ძლიერი და ურთულესად დასამარცხებელი ნაკრები, ხორვატია ერგო პირველივე ტურში მეტოქედ. რეალურად, მუნდიალის პირველ ტურში ამაზე ძლიერი წყვილი არცერთი არ იყო და შესაბამისი ინტერესიც ჰქონდა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ტომას ტუხელის ინგლისის ნაკრები სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. შეიძლება, გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრები დებდა შედეგებს, მაგრამ საშინლად მოსაწყენი გუნდი იყო. ტუხელის ნაკრები კი უფრო “გერმანული ძრავით” თამაშობს, რომელსაც პრემიერ ლიგისთვის დამახასიათებელი დინამიური, ტემპიანი და აქტიური თამაში აქვს.
ანგარიში მე-12 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა. მადუეკეს წინააღმდეგ თამაშის წესები საჯარიმოში დაირღვა, პენალტი დაინიშნა და კეინმა გაიტანა. მართალია, პირველი დარტყმა ლივაკოვიჩმა მოიგერია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წესების დარღვევით. განმეორებით შემთხვევაში კეინმა შანსი არ დაუტოვა.

36-ე წუთზე ხორვატთა ვინგერმა, მარტინ ბატურინამ შორუელი დისტანციიდან სასწაულად გაისროლა და ანგარიში გაათანაბრა. ამას ჰარი კეინის “ბრიტანული” გოლი მოჰყვა – 42-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს შორი დისტანციიდან თავურით სასწაულად დაარტყა და ინგლისი ისევ დააწინაურა. ამას მალევე ხორვატთა სასწაულად გათამაშებული კომბინაცია და პეტარ მუსას გამთანაბრებელი გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმი გუნდებმა ფრედ, 2:2 დაასრულეს.

მე-2 ტაიმის სტარტიდანვე გამოჩნდა, რომ ხორვატიის ნაკრებს “საწვავი” ამოეწურა, ინგლისელებს კი ერთი გუნდი კიდევ სკამზე ჰყავდათ. 47-ე წუთზე საკუთარი სოლო-ნომრით უკვე ჯუდ ბელინგჰემი გამობრწყინდა. გრძელი პასის შემდეგ ჯუდმა მოედნის ცენტრიდან იარა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან, ძელის გავლით აუღებელი დაარტყა.

ნელ-ნელა თამაშში რეზერვისტებიც ჩაერთვნენ და ინგლისელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 85-ე წუთზე იდეალური კონტრ-შეტევა უკვე მარკუს რაშფორდმა დაასრულა. ბარსას აწ უკვე ყოფილმა შემტევმა კლასიკური ვინგერივით იმოქმედა – ბურთი მოძრაობაში მიიღო, მცველი მოძრაობაზე დაიჭირა, ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში აუღებელი დაარტყა.
ინგლისელებმა მართლაც ძალიან დამაჯერებლად დაიწყეს, თუმცა გამოჩნდა, რომ ტუხელს დაცვის ხაზთან აშკარად სამუშაო აქვს. დასუსტებულმა ხორვატიამ თუ 2 გოლი გაიტანა, ესეიგი, უფრო ძლიერი ნაკრები, ლოგიკურად, უფრო მეტს გაიტანს. ინგლისის ნაკრებს ჩემპიონობა უნდა და ასეთ დიდ გუნდებთან დაპირისპირება მოუწევს.
ხორვატიის ნაკრები თაობათა ცვლის საკმაოდ მტკივნეულ პროცესს გადის. ეს არ არის ქვეყანა, რომელსაც დიდი ფინანსური რესურსები და მრავალმილიონიანი მოსახლეობა ჰყავს. მათი წარმატებები დიდწილად ერთად “მოხარშულ” თაობასა და სასწაულ ბრძოლისუნარიანობაზე დგას. ლუკა მოდრიჩი უკვე 40 წლის არის და მუნდიალის შემდეგ კარიერას ასრულებს, ახალი თაობა კი ისეთი შთამბეჭდავი არ/ვერ ჩანს, რომ ისევ მუნდიალზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისკენ გაიწიონ.










