“ფურია როხა” საკუთარი თავის ცოტა უფრო ძველ, ნაკლებად სანახაობრივ ვერსიას ჰგავდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩი ჩაატარა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა და ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ესპანეთის ნაკრებმა. მათი მეტოქე ტურნირის დებიუტანტი, დაახლოებით 600 ათასიანი მოსახლეობის მქონე კუნძულოვანი აფრიკული ქვეყანა, კაბო ვერდე იყო.
აფრიკელებმა სასწაული ჩაიდინეს, მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს ზეწოლას გაუძლეს და ფრე, 0:0 “გაწურეს”. დებიუტანტისთვის, თანაც ასეთი მრისხანე ნაკრების წინააღმდეგ, ეს ფანტასტიური მიღწევაა.
მიმდინარე მუნდიალზე ეს პირველი ნულოვანი ფრე იყო.
ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრები 74%-ით აკონტროლებდა ბურთს, 11 კუთხური მოაწოდა, 800-ზე მეტი პასი გააკეთა მაგრამ რაც მთავარია ის ვერ შეძლო – გოლი ვერ გაიტანა.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე, ვოზინია, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან. სრულიად სამართლიანად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ის გახდა.
ესპანელებმა ტემპის გაზრდა მატჩის მიწურულს მოახერხეს, როცა მოედანზე ნიკო უილიამსი, მერინო და რაც მთავარია, ლამინ იამალი გამოჩნდნენ. სამწუხაროდ, აშკარად ჩანს, რომ იამალი ჯერ ფორმაში ვერ არის. ამ ფეთქებადი შემტევების გარეშე ვნახეთ ესპანეთი, რომელიც კლასიკურად თამაშობდა, მაგრამ გაშიფრულად – არანაირი მაღალი ტემპი, მხოლოდ მოკლე პასები, ნაკლები რისკიც და ნაკლები ხიფათიც. სამწუხაროდ, ასეთი ესპანეთი მოსაწყენი სანახავია.

კაბო ვერდემ სასწაული ჩაიდინა და ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ოქროს თარიღი ჩაწერა. თუ მოახერხებენ და საუდის არაბეთს მოუგებენ, კაბო ვერდე ჯგუფიდანაც გავა – აი ეს იქნება სასწაული. ამ მატჩში გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ფეხბურთის თამაში კარგად შეუძლია.











