გამოცდილების ნაკლებობა იბერიას რეალიზაციის ფაზაში დაეტყო.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 უეფას ევროპა ლიგის საპლეიოფო ფაზაში პოლონურ იაგელონიას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი გასვლაზე, ქალაქ ბიალისტოკში გაიმართა და სამწუხაროდ, იბერია 1999 დაახლოებით 20 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ 4:0 დამარცხდა.

დემჩენკოს გუნდს უდიდესი საკადრო დანაკლისი ჰქონდა – იბერიას ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევები, ანდრია ბართიშვილი და ვახო ბედოშვილი ვერ ეხმარებოდნენ. მართალია, საწყის წუთებზე ეს დანაკლისი დიდად არ ჩანდა, მაგრამ მწვრთნელს ამის გამო სათამაშო სურათის შანსი, ფაქტიურად არ მიეცა.
იბერიამ ძალიან კარგი საწყისი წუთები ჩაატარა, როცა ბურთს უფრო მეტად ფლობდა და თამაში თითქმის მეტოქის ნახევარზე იყო. 2 კარგი მომენტიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.
როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, დავისაჯეთ. მასპინძელთა მარჯვენა ვინგერმა, ჯერემი აგბონიფომ საოცარი რეიდი გააკეთა, რომელიც ალ-ჰასანმა წააქცია და პენალტი დაინიშნა. მაკარიძემ იაგელონიას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის, ესპანელი ხესუს იმაზის დარტყმა მოიგერია, მაგრამ განმეორებით გამოჩნდა, რომ იგივე ალ-ჰასანი საჯარიმოში დროზე ადრე შეიჭრა და პენალტი გადათამაშდა. სამწუხაროდ, ესპანელმა განმეორებითი დარტყმა გაიტანა და 34-ე წუთზე მეტოქე დაწინაურდა.
ბუნებრივია, ამან სტუმართა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდი გავლენა იქონია და ტაიმის მიწურულს მე-2 გოლიც გავუშვით. იგივე აგბონიფომ ისევ საოცარი რეიდი გააკეთა, ოღონდ ამჯერად ვერავინ წააქცია/ხელი შეუშალა და ნიგერიელ-შვედმა 45+1 წუთზე ლამაზი გოლი გაგვიტანა.
მე-2 ტაიმის სტარტიც იბერიას ძალიან კარგი გამოუვიდა. ისევ მაღალი პრესინგი და ხიფათი მეტოქის კართან ჩვეული ამბავი იყო. ამას 51-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას მიერ გატანილი გოლიც მოჰყვა, მაგრამ მსაჯმა გოლი გააუქმა. დაახლოებით 40 წამით ადრე დადიანის თამაში VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ჯარიმად შეფასდა და ანგარიში ისევ 2:0 დარჩა.

სამწუხაროდ, 62-ე წუთისთვის მე-3 გოლიც გავუშვით. ჩრდილოეთ ირლანდიელებთან ნათამაშები ძალიან კარგი მატჩის შემდეგ ალ-ჰასანიმ პირიქით, საშინელი თამაში ჩაატარა. ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ მაკარიძე ვერ დაინახა, ბურთი თავით ჩაჭრა, მაგრამ საკუთარ კარში.
დაახლოებით 82-ე წუთისთვის ძალიან კარგი შანსი გვქონდა, როცა სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულ კულიევს ჰქონდა შანსი. კუთხურის შემდეგ მე-2 სართულზე ორთაბრძოლა კარგად მოიგო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და იაგელონია გადარჩა.
ბედის ჩარხი ისევ ჩვენს საპირისპიროდ დატრიალდა და 90+2 წუთზე სერხიო ლოზანომ ძალიან ლამაზი გოლი გაგვიტანა, შორიდან, ცხრიანში. მაკარიძეს შანსი არ ჰქონდა.

სამწუხაროდ, საპასუხო მატჩის წინ იბერია თითქმის უშანსოდ დარჩა, არადა თამაშის სურათი არ იყო ამის მომასწავებელი. იბერიამ მეტექეს აჯობა ბურთის ფლობაში, 2-ით მეტი კუთხური ჩააწოდა და კარშიც თითქმის თანაბრად მოარტყეს ბურთები – 8-7 იაგელონიას სასარგებლოდ. უბრალოდ, გამოცდილება დაგვაკლდა და მეტოქემ რეალიზაციაში გვაჯობა, მსაჯის გადაწყვეტილებებმაც ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედა და საბოლოოდ, გამანდგურებელი სხვაობა მივიღეთ.
არაუშავს – იბერიამ ისტორია უკვე დაწერა, იქამდე კი 27 აგვისტოს იაგელონიას თბილისში უმასპინძლებს და ვნახოთ, იქნებ ამჯერად ჩვენ მეტად გაგვიმართლოს!










