ხანგრძლივი დისკუსიები დასრულებულია – ფერსტაპენი “რედ ბულში” რჩება.
ნიდერლანდელი მრბოლელი, ავსტრიულ საჯინიბოში 2030 წლამდე იქნება. ინფორმაცია თავად ოთხგზის ჩემპიონმაც დაადასტურა:
“რედ ბულთან განსაკუთრებული ისტორია მაკავშირებს. აქ დაიწყო ყველაფერი და მინდა, რომ აქვე დასრულდეს. თანამედროვე სპორტში, მთელი კარიერის ერთ გუნდში გატარება დიდი იშვიათობაა და განსაკუთრებული პრივილეგია იქნებოდა ამ სურვილის ასრულება.
ვაღიარებ, რომ სეზონის სტარტზე გუნდის შეფებს პირდაპირ განვუცხადე – ნუ მოხვალთ ჩემთან კითხვებით მომავალზე, ახალი რეგლამენტის ფონზე, წარმოდგენა არ მაქვს რას ვაპირებ.
ხანგრძლივი ფიქრის, ასევე ფ1-ის ხელმძღვანელობასთან და ფიასთან პროდუქტიული დიალოგის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე – ჩემი ადგილი აქაა.
ბოლოს ერთ რამესაც ვიტყვი. ბევრი იწერებოდა სხვა გუნდში გადასვლის შესახებ. სინამდვილეში კი ‘რედ ბულიდან’ წასვლაზე გაცილებით ახლოს საერთოდ ფ1-დან წასვლასთან ვიყავი, თანაც ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ახლოს.” განაცხადა ნიდერლანდელმა.
ამავდროულად, იოს ფერსტაპენმა, მაქსის მამამ და აგენტმა, კონტრაქტთან დაკავშირებით გაკრვეული ინტრიგა გააჩინა და თქვა, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ პირობით შეთანხმდნენ, რომ გუნდი, გარკვეულ ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებდა.
ამ მომენტისთვვის, კონტრაქტის დეტალები არ ჟღერდება.
შეგახსენებთ, რომ ფერსტაპენის მხრიდან ახალი რეგლამენტით უკმაყოფილების გამო, მოტოსპორტთან დაკავშირებულ მედიაში ხან მისი ფორმულადან წასვლა განიხილებოდა, ხანაც სხვა გუნდში გადასვლა. ამ გუნდებს შორის სახელდებოდა “მაკლარენი” და “მერსედესი”.











