დუბაიმ ჩრდილოეთ იტალია დაიპყრო.
ევროლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას დუბაი არმანი-მილანოს დაუპირისპირდა. საბედნიეროდ, თოკოს გუნდმა ლომბარდიიდან ძალიან საჭირო მოგება, 97:101 წამოიღო და მე-4 მოგება იზეიმა.
თორნიკე შენგელია ხავი პასკუალმა პირველად დააყენა ევროლიგის მატჩზე სასტარტო ხუთეულში, თუმცა გრანდიოზული მატჩი ჩვენს კაპიტანს, სამწუხაროდ არც ამჯერად გამოუვიდა.

თოკომ მოედანზე თითქმის 15 წუთი გაატარა და ამ დროში 4 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუგროვდა. უნდა ვაღიაროთ, რომ მისმა შემცვლელებმა გაცილებით უკეთესი სტატისტიკა დააგროვეს, განსაკუთრებით, ჯეირონ ბლოსომგეიმმა თავისი 14 ქულითა და 6 მოხსნით. საუკეთესო უდაოდ დუეინ ბეიკონი იყო, რომელმაც 29 ქულა და 3 მოხსნა გააკეთა (6/6 სამიანი).

მილანს 21 ქულით გარისონ მეტიუსმა ულიდერა, აქედან 13 ქულა საჯარიმოს ხაზიდან აიღო. მართალია, დუბაიმ საბოლოოდ 4 ქულით იმარჯვა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ თოკოს გუნდი მთელი მატჩი მეტოქეზე წინ იყო (22 ქულა მაქსიმუმი), 8-13 ქულიანი უპირატესობა სტაბილურად ეჭირა და მოგება დაიმსახურა.
დუბაის მომდევნო მატჩი 22 ოქტომბერს, ბაიერნის წინააღმდეგ ელის და ისევ გასვლაზე. იმედია, თორნიკე ამჯერად უკვე აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც ყველა მიაჩვია.
წარმატებები თორნიკე შენგელიას!










