ევროტურნირთან ერთი მოგებული მატჩიღა გვაშორებს.
საქართველოს ჩემპიონს, იბერია 1999-ს უფრო მეტი და სკანდალური ამბავი ჩრილოეთ ირლანდიაში ჩასვლამდე გადახდა, ვიდრე მატჩის განმავლობაში. მატჩი, რომელიც ჩაშლის პირასაც იყო, საბოლოოდ შედგა. გუნდის ის ნაწილი, რომელსაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები შეადგენდნენ, ბრიტანეთში მატჩამდე 30 საათით ადრე გაფრინდნენ, დარჩენილი ნაწილი კი კიდევ მოგვიანებით. ყველაფერი ეს მარტივმა სავიზო და ბიუროკრატიულმა პრობლემებმა გამოიწვია – თანამედროვე რეალობისთვის გაუგონარი ამბავია.
იბერიამ შეძლო გიორგი მაკარიძის კარგი თამაშის წყალობით კარის მშრალად შენახვა და საბოლოოდ ფრე, 0:0 წამოიღო. ახლა ანდრეი დემჩენკოს გუნდი კიდევ უფრო აშკარა ფავორიტია. რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ მოსალოდნელი.
პირველ ტაიმზე მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ ამ ძალიან ცუდ, ხელოვნურ საფარიან მოედანზე მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე უხეიროდ შესრულებული საჯარიმო იყო პირველი (და უკანასკნელი) მცდელობა კარისკენ დარტყმის. მაშინ, როცა ასევე ძალიან სუსტ ლარნს ტაიმში 8 დარტყმა ჰქონდა, მაგრამ გიორგი მაკარიძე ძალიან კარგად თამაშობდა – მას 4 სეივი ჰქონდა.
მეორე ტაიმში იბერიამ ბურთი სრულად დაუთმო მეტოქეს, რომელმაც ეს საერთოდ ვერ გამოიყენა. კონტრშეტევებზე ქართული კლუბი უფრო სახიფათო იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საგოლე მომენტი ჰქონდა. საბოლოოდ, ფრე 0:0. იბერიამ ისე ითამაშა, თითქოს წინასწარვე ამ ანგარიშის შესანარჩუნებლად იყო მოედანზე გამოსული. მთლიანობაში, ამ შედეგით შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან მაგარი, ისტორიული შანსი გაჩნდა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისში გაიმართება. ლარნსა და იბერიას შორის დუელის გამარჯვებული უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა, სადაც ან იაგელონიას (პოლონეთი) ეთამაშება, ან გლაზგო რეინჯერსს (შოტლანდია). დუელის დამარცხებული კი უეფას კონფერენსლიგის პლეი ოფში გადაერთვება და კიდევ ერთი შანსი ექნება.











