საქმის “მოსაგვარებლად” ფედერაციის პრეზიდენტის ჩარევაც კი ხდება საჭირო.
კრიშტიანუ რონალდუმ პირობა დადო, რომ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ბოლომდე მიუძღვნიდა თავს. სანაკრებო კარიერის გაგრძელების არგუმენტირებისას, ალ-ნასრის 41 წლის ვარსკვლავმა პრესა გააკრიტიკა და დასძინა, რომ საკუთარ თავს გუნდზე მაღლა არასდროს დააყენებდა.
აქედან სულ რაღაც ექვს დღეში რეალობა ცოტა განსხვავებული აღმოჩნდა. უელსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში გამოსული რონალდუ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – მიზეზი საგოლე მომენტების განიავება იყო. საჯაროდ გაკრიტიკებულმა ლეგენდამ, მალევე ისეთი რამ გამოსცადა, რაც მის კარიერაში ბოლო 18 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
ნორვეგიასთან 2:1 მოგებულ მატჩში, ჟორჟე ჟეზუსმა ის მთელი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ამ გადაწყვეტილებამ რონალდუ უკიდურესად გააღიზიანა – კამერების წინ ის აშკარად უკმაყოფილო და ნაწყენი ჩანდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, თავკაცმა აღიარა, რომ ფორვარდს შეცვლაზე შეყვანას პირდებოდა, თუმცა მატჩის მსვლელობისას გეგმა შეცვალა.
“ვერ შევამჩნიე, რომ ნაწყენი იყო. ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია, ერთი რამ ცხადია: ის, რომ მოედანზე არ შესულა, არ ნიშნავს, რომ მასზე იმედებს არ ვამყარებ. მატჩის წინ პირდაპირ ვუთხარი: ძირითადში არ ხარ, მაგრამ შეცვლაზე შემოგიყვან-მეთქი. ეს ფეხბურთია – თამაშის სცენარმა ისე მოითხოვა, რომ თავდამსხმელის შეცვლა გამართლებული არ იყო – განაცხადა ჟორჟე ჟეზუზმა.
პორტუგალია შემდეგ შეხვედრას დანიაში ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ფეხბურთელთან ყოველგვარი კონფლიქტი უარყო, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პედრო პროენსამ, თავისი დღის წესრიგი სასწრაფოდ შეცვალა და რონალდოსთან შესახვედრად დანიაში გაემგზავრა. თანაც ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა რონალდუმ დანიასთან გასამართ მატჩამდე გამართული სავარჯიშო სესიაც კი გამოტოვა.

ლეგენდა ჭირვეულობს. გასაგებია, რომ მასთან ერთიერთბა მარტივი არ არის, მაგრამ ლეგენდაა და ამას ვერავინ აუვლის გვერდს.










