პირველი მატჩის შემდეგ იაია ტურეს გუნდს დიდი უპირატესობა აქვს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის იბერია 1999-მა სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავას სლოვანს უმასპინძლა და სამწუხაროდ 0:2 დამარცხდა.
მე-5 წუთზე VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ვახო ბედოშვილის გოლი თამაშგარის გამო, გაუქმდა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მომენტმა გუნდის განწყობაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია. 20 წუთში მეტოქე დაწინაურდა – სანდრო კრუზმა კუთხური მოაწოდა და საჯარიმოში მეკარის პირისპირ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ანდრაჟ შპორარმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა.
6 წუთში მეორე გოლიც გავიდა, როცა მაროშის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ალასანა იირაჯანგმა მაკრატელათი ეფექტური გოლი გაგვიტანა.

მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა იბერიის უპირატესობა ტაიმის მეორე ნახევარში, აქტიურობდნენ ნაჭყებია, ჯინჯოლავა, ბართიშვილი და ბედოშვილი, თუმცა მასპინძლებს საგოლე შანსი არ შეუქმნიათ.
65-ე წუთზე იბერიას მეორე გოლი გაუქმდა VAR-ზე შემოწმების შემდეგ, კვლავ თამაშგარე მდგომარეობის გამო. ამჯერად ბართიშვილის ძალიან მაგარი პასის დროს აღმოჩნდა ქობულაძე თამაშგარე მდგომარეობაში. ზოგადად, ანდრია ბართიშვილი ძალიან კარგი იყო – 17 წლის ფეხბურთელი აშკარად გამოირჩეოდა და არამარტო იბერია 1999-ის შემადგენლობაში.
მატჩის ბოლოს სიხარულაშვილზე პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. მიუხედავად ხანგრძლივი ყოყმანისა, მსაჯმა ეპიზოდი არც კი გადაამოწმა და ამ ეპიზოდმაც სლოვანისთვის ჩაიარა.
მიუხედავად მარცხისა, უნდა ვაღიაროთ, რომ იბერიას ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ფლობდა ბურთს, ტერიტორიასა და უპირატესობას, უბრალოდ ბოლო მესამედში ხიფათის შესაქმნელად შემტევების რისკიანობა და კლასი დაგვაკლდა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მოედნიდან ანდრია ბართიშვილი და ვახო ბედოშვილი გავიდნენ.

საპასუხო მატჩი ბრატისლავაში 29 ივლისს გაიმართება. ამ წყვილის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში გავა, სადაც მეტოქედ მიალბისა (შვედეთი) და ლინკოლნის (გიბრალტარი) გამარჯვებული ეყოლება. წყვილის დამარცხებული კი უეფას ევროპალიგის III საკვალიფიკაციო წრეში ითამაშებს.
წარმატებები იბერია 1999-ს!











