Centered Image

იბერია და ჩემპიონთა ლიგა დასრულდა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს. მარცხის მიუხედავად, გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს იმისა, რომ ევროტურნირზე ითამაშოს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვანს ბრატისლავაში, საპასუხო მატჩში დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სლოვანმა 0:2 მოიგო, ამჯერად კი შეხვედრა ფრედ, 1:1 მორჩა – შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას სლოვაკური გუნდი გააგრძელებს, იბერია 1999 კი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს.

არასასურველი შედეგის მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ იბერიას ცუდად არ უთამაშია. პირველ ტაიმში სლოვაკები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს დაცვის ხაზის არც თუ დამაჯერებელი მოქმედების შემდეგ ასხლეტილ ბურთზე პირველმა უკრაინელმა ფორვარდმა, მიკოლა კუხარევიჩმა ითამაშა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მე-2 ტაიმიც თითქოს ამ ვითარებაში უნდა წასულიყო, როცა შეცდომა უკვე სლოვანის მცველებმა დაუშვეს. იბერიას კარგი პრესინგის პირობებში სლოვაკებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგეს, რომელიც სიხარულიშვილს მიუვიდა და იბერიას შემტევმაც ახლო კუთხეში გაგზავნილი ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ იბერია მოფერიანდა და დაახლოებით 20-25 წუთიან მონაკვეთში თამაშზე კონტროლი სრულად აიღო. მართალია, სლოვანის რამდენიმე კონტრ-იერიში გაიპარა, მაგრამ სხვა გზა არ იყო – ქართველებს უნდა შეეტიათ. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონებს მეტი გოლის გატანა აღარ გამოუვიდათ, თამაშის მიწურულსაც გამოცდილმა სლოვანმა ბურთი დაიჭირა და სასურველ ფრეს მიაღწია.

ამრიგად, იბერია 1999-მა უეფას ევროპალიგაზე გადაინაცვლა, სადაც მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონს, “ლარნს” შეხვდება. ლარნმა პირველი მატჩი ცრვენა ზვეზდასთან 0:4 წააგო, ბელგრადში კი 5:0 განადგურდა.

6 აგვისტოს იბერია 1999 ლარნს ირლანდიაში ესტუმრება, 13 აგვისტოს კი საშინაო არენაზე უმასპინძლებს. თუ საქართველოს ჩემპიონმა ლარნის ბარიერი გადალახა, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს გაინაღდებს, რაც უკვე უდიდესი მიღწევა იქნება – დანარჩენ პოტენციურ წარმატებაზე ფიქრი უკვე მერეც შეიძლება.

წარმატებები იბერია 1999-ს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading