თბილისური გუნდი ერთადერთია, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებს.
თბილისის ,,იბერია 1999″ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში, მეორე რაუნდიდან ჩაერთო და მეტოქედ ალბანური გუნდი, ტირანას ,,პარტიზანი” ერგო. პირველი მატჩი თბილისელებმა საშინაო არენაზე დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 მოიგეს და სტუმრად კომფორტული უპირატესობით ჩავიდნენ.
შეხვედრას დაახლოებით 1200 ადამიანი ესწრებოდა და როგორც ჩანს, ადგილობრივი გულშემატკივრის უიმედობა, სავსებით ლოგიკური აღმოჩნდა.
მატჩი ორივე ტაიმის განმავლობაში სტაბილურად, ორმხრივი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა საბოლოოდ ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ,,იბერიამ” სასურველი ნულოვანი ფრე, მატჩის ბოლომდე, ასე თუ ისე, მარტივად შეინარჩუნა.
მას შემდეგ, რაც ქუთაისის ,,ტორპედო” კვიპროსის ,,ომონიასთან” გამოვარდა, ,,იბერია 1999″ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი აქვს.
,,იბერია 1999″-ის მომდევნო მეტოქე თურქული ,,ბაშაქშექირი” იქნება, რომელმაც წინა ეტაპზე სან-მარინოს ,,ლა ფლორიტა” ძალიან დამაჯერებლად, ორი მატჩის ჯამში 10-1 დაამარცხა. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 8 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. განმეორებითი მატჩი კი თურქეთში, 15 აგვისტოს შედგება.
წარმატებები თბილისის ,,იბერია 1999-ს”!











