მცირე ნუგეში ტუხელის გუნდისთვის.
მაიამიში მდებარე Hard Rock Stadium-ზე შეკრებილმა მაყურებელმა, მძიმე როკი ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებების შესრულებით იხილა.
მესამე ადგილისთვის მატჩი დეშამის გუნდის შეცდომებით და “სამი ლომის” სრული დომინაციით დაიწყო. უკვე მესამე წუთზე, დუეს უხეში შეცდომით რაისმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
იმავე რაისმა, თავის სტილში მოწოდებული კუთხურით ასისტი მეთვრამეტე წუთზე მიითვალა, ხოლო ზუსტი დარტყმა კონსას აქტივში იყო.
ამას კი საკას მინიბენეფისი მოყვა. ჯერ რეშფორდის, შემდეგ კი ეზეს პასებით, “არსენალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დუბლი პირველი ტაიმის დასრულებამდე შეასრულა.
პირველად 1968 წლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა შესვენებამდე ოთხი გოლის გაშვება მოახერხა (მაშინ ეს იუგოსლავიასთან მოხდა). დიდ ტურნირებზე გუნდს ეს არასოდეს დამართნია.

სიტუაცია მეორე ტაიმის სტარტზევე გამოსწორდა, მატჩმა კი ინტრიგა დაიბრუნა. 18-წუთიან ინტერვალში, მბაპემ ორი ბურთი ოლისეს ასისტებით შეაგდო, გოლებს შორის კი ბარკოლაზე შედეგიანი პასის გაკეთებაც მოასწრო, სხვაობაც, 66-ე წუთისთვის, მინიმუმამდე შემცირდა.
მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დარჩენილ დროში დეშამის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახეხრა. 87-ე წუთზე, ინგლისის სასარგებლოდ დანიშნული პენალტი საკამ გოლად გადააკონვერტირა.
ამით, საგოლე წვიმა მაიამიში არ დასრულებულა. ჯერ დემბელემ, ელეგანტური ქმედებების შედეგად, მინიმალური ჩამორჩენა 96-ე წუთზე აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი კონტრშეტევაზე გაქცეულმა, ცვლილებიდან შემოსულმა ბელინგჰემმა დააფიქსირა – 6:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სამი გოლის გამტანი საკა იქნა აღიარებული. “არსენალის” ვინგერი, გახდა მხოლოდ მეოთხე ინგლისელი, ვისაც მუნდიალებზე ჰეთ-ტრიკის შესრულება გამოუვიდა (ლინეკერის, ჰერსტის და კეინის შემდეგ).
ინგლისის ნაკრებისთვის, ეს ბრინჯაო ისტორიაში პირველია და საერთოდაც, მხოლოდ მეორე მედალი, 1966 წლის ჩემპიონობის შემდეგ. 1990 და 2018 წლებში, გუნდი მეოთხე ადგილებს დასჯერდა. აი საფრანგეთი კი უმედლოდ 2014 წლის შემდეგ პირველად დარჩა.
მცირე ნუგეშად, საფრანგეთის ნაკრების ორ გამორჩეულ სუპერვარკსვლავს, მუნდიალის სარეკორდო რეზულტატებით დასრულება გამოუვიდა.
კილიან მბაპემ, გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატზე მეცხრე და მეათე გოლები, რითიც გადაასწრო მესის და გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიის საუკეთესო მომბარდირი 22 გოლით. ამისთვის, “რეალის” შემტევს 22 თამაშის ჩატარება მოუწია.
გარდა ამისა, კილიანს, პირველს 1970 წლის შემდეგ, გამოუვიდა მუნდიალზე გოლების ორნიშნულოიანი რაოდენობის დაფიქსირება. მაშინ, გერდ მიულერმა, ათი გოლი ექვს შეხვედრაში გაიტანა. ერთ ჩემპიონატზე კი მბაპესა და მიულერზე მეტი გოლი მხოლოდ ჟიუსტ ფონტენს (13) – 1958 წელს და შანდორ კოჩიშს (11) 1954 წელს აქვთ გატანილი.
თავისი რეკორდი დაამყარა ოლისემაც. “ბაიერნის” შემტევმა, მესამე ადგილისთვის მატჩში ორი ასისტი დაიმატა, რითიც საგოლე პასების რაოდენობა შვიდამდე აიყვანა. ერთ მუნდიალზე, ამდენი არავის შეუსრულებია. წინა რეკორდი პელეს ეკუთვნოდა, რომელმაც 6 ასისტი 1970 წლის მსოფლიოს პირველობაზე გასცა.
საფრანგეთის ნაკრებისთვის, ეს მატჩი, დიდიე დეშამის თაოსნობით ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრა იყო.











